კაცი, რომელსა სურს ეკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა, წინადვე უნდა მოემზადოს ამ საქმეს. კვირას ანუ დღესასწაულის დღეს, ვიდრე ეკლესიაში მისვლამდე, ეცადე, ძმაო და ისრე დააწყვე შენი სული და გული, რომ ეკლესიაში შესვლის დროს აღარაფერი არ გიშლიდეს გულს მოდგინებით ლოცვის მოსმენასა.
როდესაც შენ ისმენ, ძმაო, წირვა–ლოცვასა, თუ კარგად არ გასინჯე შენი სულიერი მდგომარეობა, თუ არ ილოცე ყოვლითა სიმდაბლითა, სასოებითა და შემუსვრილითა გულითა, ერთი სიტყვით, უკეთუ წირვის მოსმენამ და ლოცვამ არ მოგანიჭა შენ უმჯობესი სულიერი მდგომარეობა, მაშინ შენცა გაქვს გულში მხოლოდ ასო (ნაწილი) მცნებისა და არა სული მისი.
„წერილ არს, – სთქვა უფალმან, – სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ გიყოფიეს იგი ქვაბ ავაზაკთა“. საყდარი, ძმაო, მეტი არაფერი არ არის, მხოლოდ სახლი სალოცველი. მაშასადამე, როდესაც ემზადები საყდარში მისვლას, მეტი არაფერი არ უნდა გქონდეს გულში, მხოლოდ ლოცვა და ლოცვის სმენა. გარნა ვხედავ, როდესაც შენ მოხვალ საყდარში, სხვა რაღაც განზრახვა გაქვს გულში.
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ განა? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება, ყველაზე უფრო სინანულით აღსავსე ლოცვა და შთაგონებული დიდება ღმერთისა. განა ყოველივე ამით კვებავთ თქვენს სულსა და გონებას?
თუ მართლა გულსმოდგინედ და მადლიანად ილოცე, ოდეს გამოსული ეკლესიითგან ნახავ შენს მტერსა ანუ ძვირისმოქმედსა, შენს გულში არა თუ სიძულვილს გრძნობ, არამედ შეგებრალება იგი და მზად ხარ გადაეხვიო მას კისერზედ და ყოველივე მიუტევო. გარნა უკეთუ გამოსრული ეკლესიითგან ნახე ვინმე შენი მტერი და ძვირისმოქმედი და გულში კვალად ის სიძულვილი ანუ მტერობა იგრძენ, იცოდე, რომ ლოცვა შენი ყოფილა უნაყოფო და ცრუ.
კითხვა, ლოცვა და გალობა მისთვის არის ეკლესიაში დაწესებული, რომელ გაიგონოს ერმა და მიიღოს აღშენება; ხოლო უკეთუ ნაცვლად ლოცვის გაგონებისა, ნაცვლად სასოებისა და სიყვარულის შეგონებისა უქმად გაატერებს კაცი ეკლესიაში დროებას, რა სარგებლობა იქმნება მისთვის ეკლესიაში დგომა. ვინც გულისხმიერად ისმენს წირვა–ლოცვას და არ დაკარგავს არც ერთს აზრსა, იგი მიიღებს დიდსა განათლებასა სულიერსა. ყოველი სჯული და სწავლა ქრისტიანობრივი გამოითქმების იმ ლოცვებში და გალობაში, რომელნიც გვესმის ეკლესიაში.