32. გავურბოდეთ კადნიერ ქცევას, როგორც ასპიტის შხამს, და ვერიდებოდეთ ხშირ შეხვედრებს, როგორც გველებს და იქედნეთა ნაშიერებს (შდრ. მ. 3.7), რომლებსაც ძალუძთ ძალიან სწრაფად შინაგანი ბრძოლის სრული დავიწყებულობა განაპირობონ და გულისმიერი განწმენდილობის აღმატებული სიხარულიდან ქვევითკენ შთააქანონ სული, რადგან საწინააღმდეგოა ყურადღბისა წყეული დავიწყება, ისევე როგორც ცეცხლისა – წყალი, და გვევლინება კიდეც იგი მის ყოველჟამიერ მძლავრ მოქიშპედ. მართლაც, დავიწყებიდან უზრუნველობამდე მივდივართ, უზრუნველობიდან კი – უგულისყურობამდე, მცონარებამდე და უწესო გულისთქმებამდე, ხოლო ამ სახით კვლავ ვბრუნდებით უკან, საკუთარ ამონანთხევამდე, ძაღლების მსგავსად (II პეტრ. 2.22). მაშ, ვერიდოთ კადნიერ ქცევას, როგორც სიკვდილის შხამს, ხოლო დავიწყების უკეთურ შენაძენს და ამ უკანასკნელის შედეგებს განჰკურნებს გონების მეტად მკაცრი დაცულობა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უწყვეტი ხმობა, რადგან მის გარეშე არ ძალგვიძს რაიმეს ქმნა (იოან. 15.5).
ადამიანმა კადნიერება შეიძლება გამოხატოს სიტყვით, ხელის შეხებით, შეხედვით. ის აგდებს ადამიანს ცუდად მეტყველების ცოდვაში. უწესო სიცილი მისი შედეგია. კადნიერს თავისუფლად შეუძლია შეეხოს ადამიანს, გამოსტაცოს ხელიდან რაიმე. ვინმესთვის ურცხვად შეხედვა კადნიერის წესია. ეს ყოველივე იმიტომ ემართება, რომ არ გააჩნია ღვთის შიში. აქედან იწყებს ადამიანი მცნებების უგულებელყოფასა და კრძალვის განძევებას
42. რა ვნება მოაქვს სულისათვის კადნიერებას (თავხედობას)?
კადნიერება არის სრული წარწყმედა, რადგან არაფერი ისე არ განაგდებს სულიდან ღვთის შიშს, როგორც ეს ვნება. ამიტომ, როდეასც მამა აღათონს კადნიერების შესახებ ჰკითხეს, მან თქვა: "კადნიერება მსგავსია ხორშაკისა, რომელსაც ყველა გაურბის და რომელიც განხრწნის ხეთა ნაყოფს". ისევ ჰკითხეს მას: "ასეთი სასტიკია კადნიერება"? ხოლო მან თქვა: "არ არსებობს კადნიერებაზე უფრო საშინელი ვნება, რადგან იგი შობს ყველა ვნებას და განაძევებს სულიდან ღვთის შიშს"