ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს? რომელ კულტურაზე შეიძლება საუბარი, როცა შვილებს ვზრდით, როგორც მომხმარებლებს და არა შემქმნელებს?..
შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და მისაბაძად იგი ვაქციოთ, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქვეყნის კულტურის, რელიგიისა და ტრადიციისა.
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
უმაღლეს ცივილიზაციას ვერაფრით შეიტანენ ხალხთა წიაღში, თუ იგი უმაღლეს რელიგიას არ შეესაბამება. აქედან სრულიად საფუძვლიანად, საყოველთაო აღიარებით, გამომდინარეობს, რომ ველურ ხალხებში ცივილიზირებულ საშუალებათა შორის პირველი ადგილი ქრისტიანულ მისიონერულ მოღვაწეობას მიეკუთვნება.
ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარეობენ და მამა-პაპათაგან აქვთ შესისხლხორცებული.
თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის "გაადამიანებას", რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიულ ღირებულებათა მთესველიც.
ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას, ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.