გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4, 5), ე.ი. თუ მრისხანებისგან თავის შეკავება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შემთხვევაში, სალანძღავი სიტყვების თქმა არ შეიძლება, ეს მაინც სრულიად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ნაპირებიდან გადმოღვრილი მდინარის წყალი შავი და ჭუჭყიანი ხდება; ასევე სიტყვებში გამოხატული მრისხანების გრძნობა აჭუჭყიანებს მოსაუბრის სულს, შეურაცხყოფს მსმენელს და ორივეს ცოდვაში აგდებს.
დაე, ხელებმა იმარხულონ ქურდობისა და არასუფთა შემოსავლისაგან, ფეხებმა იმარხულონ სანახაობებზე სიარულისაგან; დაე, იმარხულონ თვალებმა, რომ არ მიაჩერდნენ სხვის სილამაზეს, იმარხულოს სმენამ განკითხვისაგან, უქმადმეტყველებისა და ლანძღვისაგან. რა სარგებელია, როდესაც თავს ვიკავებთ პატარისაგან და ადამიანს კი ჩვენი ენით ვჭამთ.
110. როგორ ამხილებენ წმ. მამები მაგინებელთ და ძვირისმზრახველთ?
ერთხელ გავიგონე, ადამიანები ვიღაცას ლანძღავდნენ, ხოლო მე შევრისხე ისინი და მოუწოდე შეეწყვიტათ ლანძღვა–გინება. ის ბოროტმოქმედნი კი მომიბრუნდენენ და მითხრეს: მისდამი სიყვარულისა და ზრუნვის გამო ვიქცევითო ასე. მე კი მივუგე: განიშორეთ მასეთი სიყვარული, ავი და საძულველი, რათა არ განაცრუოთ წინასწარმეტყველი, რომელიც ბრძანებს: „რომელი იტყოდა მოყვსისა თვისისა ძვირსა, იგი გარე განვსდევნე“. თუ გიყვარს მოყვასი, ილოცე მისთვის და ნუ აგინებ, რადგან ღმერთი ლოცვით შეეწევა და შეიწყალებს მას