ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება სურს, დაე, იყოს მადლიერი ამ მადლისათვის, როცა ეძლევა, ხოლო მომთმენი, - როცა ერთმევა იგი; დაე, ილოცოს, რათა დაუბრუნდეს იგი; დაე, საკუთარ თავს დაუკვირდეს და დამდაბლდეს, რათა არ დაკარგოს იგი.
მადლის ნუგეში ზოგჯერ იმათაც მოაკლდება, ვინც სათნოებით აღსავსე, თუნდაც მოსაგრე ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ეს არ არის მადლის დაკარგვა და ამიტომ ამან არ უნდა შეგვაწუხოს. მადლი არასდროს ტოვებს მორწმუნეს, არამედ იფარება და ადგილს მისდამი რწმენისა და მოთმინების უმაღლეს ღვაწლს უთმობს.
მადლის დაკარგვა ყველა დანაკარგზე საშინელია: არაფერია იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც დაკარგა მადლი. ცოტას თუ დაუბრუნებია იგი უდიდესი ღვაწლით. განუწყვეტლივ უნდა ვიფხიზლოთ, რათა დავიცვათ იგი. ის გვეძლევა მხოლოდდამხოლოდ ღვთის გულმოწყალებით, მაგრამ მის დასაცავად პირადი ძალისხმევაა საჭირო.
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთის მადლის მოკლების შემდეგ ადამიანი საკუთარ სულში გრძნობს დამთრგუნველ სიცარიელეს, როგორც წინკარს სიკვდილისა.
გულის გამოშრობის დროს უნდა გამოვიძიოთ, რა შემოგვეპარა სულში... ღვთის წინაშე შევინანოთ და გადავწყვიტოთ, რომ მომავალში აღარ გავიმეორებთ.
ყველაზე ხშირად ეს გვემართება მრისხანების, უსამართლობის, წყენის, განკითხვის, თავმაღლობის და სხვათა გამო, მაკურნებელი ისევ მადლმოსილ მდგომარეობაში დაბრუნებაა და რადგანაც მადლი ღვთის ხელშია, მხოლოდ ლოცვა გვრჩება... ამ სიმშრალისაგან... და გაქვავებული უგრძნობელობისაგან... თავის დასაღწევად.
როცა მადლი მოვა და წავა, ისევ მოდის და მიდის, მაშინ სწავლობ ბრძოლას, და ეს შენზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, არამედ გახარებული იტყვი: "გამომცადე, ქრისტე ჩემო, და გამომახურვე, ვითარცა ვერცხლი". მაშინ ღრმად იდგამ ფესვებს, როგორც როგორც ხეები, რომლებიც, რაც უფრო ძლიერად უბერავენ ქარები, მით უფრო ღრმად იდგამენ ფესვებს. და ღმერთია მოწამე, რომ ჩემს ყველა დიდ განსაცდელებში ვპოვე ყველაზე დიდი ნუგეში. ასე რომ, გამხნევდი და განმტკიცდი უფლისა მიერ და მადლი ისევ მოვა
მთავარი გულის გაციებაა. ესაა მტანჯველი და სახიფათო მდგომარეობა. უფალი ამას დასამოძღვრ, შემაგონებელ და გამოსასწორებელ საშუალებად ხმარობს. ის შეიძლება სასჯელის სახით გვეწვიოს. ამის მიზეზი აშკარა ცოდვაა, მაგრამ რაკი თქვენში ეს არ ჩანს, ამიტომ მიზეზიც შინაგან გრძნობებსა და და განწყობებში უნდა ვეძიოთ. ხომ არ შემოგეპარათ თავმომწონეობა, ვითომ ისეთი არა ხართ, როგორიც სხვები არიან? ხომ არ ფიქრობთ მაცხოვნებელი გზის თავადვე გაკვალვას და მწვერვალზე საკუთარი ძალებით აღსვლას?
სულიტ უფალში მყოფობა, რაც შინაგანი საქმიანობის არსია, ჩვენზე როდია დამოკიდებული. უფალი თავად მოიხილავს სულს, სულიც არ შორდება მას, ხარობს მის წინაშე და თბება მისით. როგორც კი უფალი გვერდზე გადგება, სული ცარიელდება და ვერ ხელეწიფება კეთილი სტუმრის ხელახლა დაბრუნება. უფაი გვტოვებს სულის გამოსაცდელად, ხდება ხოლმე, მიგვატოვებს და გვსჯის არა გარეგნული საქმეების, არამედ იმის გამო, რომ სულმა ღვთისათვის რაღაც არასათნო მიირქვა. უფალი თუმცა გამოსაცდელად განგვეშორება, მაგრამ როგორც კი სულს გაუჭირდება და უხმობს მას, ის მალევე ბრუნდება უკან. ეს ხდება მაშინ, როცა სული ცოდვას შეიცნობს, შეინანებს, დაიტირებს და ეპიტემიებსაც განასრულებს.