არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ.
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე მაგართა სასმელთა, ცოტ–ცოტად გაუფუჭბს სისხლს, წაუხდენს ძარღვებს, აუნთებს ფილტვებს, რომლისაგან ხშირად შეემთხვევა მას სიკვდილი.
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა... ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.
ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად) გამხიარულება ღვინის შემწეობითა ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმრთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორე; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისგან მიღებული მხიარულება და მერმე უარეს მწუხრებაში ჩააგდებს კაცს. მთვრალი კაცი რომ გამოიფხიზლებს, თავი სტკივა. სინიდისი აწუხებს, მეტადრე თუ სიმთვრალეში რამე სულელობა ჩაიდინა.
სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარკომანიც, რომელიც თავს ხელში ვერ აიყვანს, და ვერ დაძლევს ამ მომაკვდინებელ ცოდვას, დაკარგული პიროვნებაა როგორც ოჯახისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა უმთავრესი ვნება, რომელიც წარმოსდგება სიმთვრალისაგან, არის სიბილწე, ესე იგი მრუშება, არაწმინდება. ღვინისაგან ადუღებული სისხლი და ფილტვი კაცისა, ვეღარ მოათმენინებს, შთააგდებს არაწმინდებასა შინა.
ჯერ-არს ჩუენდა, რაითა არა უძღებებით მივიღებდეთ საზრდელსა და არცა გარდავერინეთ სასუმლითა, რაითა არა თავი ჩუენი გუალმოს და სლვაი ფერხთაი შეგვიშალოს, და თუალნი განგვიწითნეს, და ენისაგან სიტყუაი შეგვიშალოს, და სლვასა ჩუენსა აქა და იქი ვეკუეთებოდით და გონებაი მიგვიღოს, ვიდრემდის უჯეროდ გუაზრახებდეს, და ვითარცა ეშმაკეული ვხედვიდეთ და შევიქმნეთ, და სახლსა ვხედვიდეთ, ვითარმცა მრგულიად იქცეოდა, და სასირცხვინელ და საცინელ იყოს ყოველი განგებაი ჩუენი ჟამისაი მის
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამყაროს. მართალია, ძნელია ამ სენისაგან განთავისუფლება, მაგრამ ღვთის წყალობით მიუღწეველი არაფერია; თუ ოჯახის სხვა წევრები შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის შენარჩუნებას და ურთიერთსიმძიმის ტვირთვას, ბოროტის გავლენისაგან სულის დახსნა გაადვილდება.