ზნეობრივი თვალსაზრისით მღვდელი იგივეა, რაც - მეომარი სამოქალაქო თვალსაზრისით. მხედრები იცავენ ხალხს სახელმწიფო მტრებისგან, მწყემსები კი ზნეობრივი მტრები კი ზნეობრივი მტრებისგან. დიდება მეომრებს, რომლებიც მკერდით აეფარებიან თავიანთ სახელმწიფოს საშიშროების ჟამს. ხელშეუვალი პატივი ეკუთვნით მღვდლებსაც, რომლებიც თავიანთი ღვაწლით შერყევისგან იცავენ ეკლესიას, რწმენასა და ზნეობას.
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, მასთან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. "ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქმ. 20, 28). ასეთია მთავარი წესი სამღვდელო მსახურებისა.
როდესაც ხედავს ზოგიერთ მოძღვარს, რომელიც არ შეეფერება სამღვდელო ხარისხს, მრევლიდან მრავალი ხშირად გაურკვევლობაში ვარდება იმის გამო: არის თუ არა მადლმოსილი ის ღვთისმსახურება, რომელსაც ის აღასრულებს? ასეთ ერისკაცთა დასამშვიდებლად და სანუგეშოდ მოვიყვან წმიდა იოანე ოქროპირის შენიშვნას: "მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, ყველაფერს კი ღმერთი აღასრულებს". წმიდა იოანე ოქროპირის ეს შენიშვნა მართლაც ჭეშმარიტებაა. მთესველი ხშირად უსუფთაო ხელით თესავს მარცვალს. ამის მიუხედავად, ყანა, ღვთის წყალობით, უხვ მოსავალს იძლევა.
მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგლოზმა და რომელიმე ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმან განაწესა ეს ხარისხთა მიმდევრობა და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა..
489. როგორ უნდა მოიქცეს მჭედელი ან სხვა რაიმე მსგავსი ხელობის კაცი, თუკი მას ეპისკოპოსად დადგენას მოუნდომებენ?
მღვდელმთავრის ამორჩევისას, რომელიმე მჭედელს, მეტყავესა ან სხვა რაიმე მსგავსი ხელობის კაცს რომ მოუნდომონ ამ პატივის მიგება, ჩემის აზრით, სწორად ვერ იზამდა ის კაცი ჭკუას, თუკი არ განშორდებოდა მომავალ საშიშროებას და გაქცევით არ უშველიდა თავს.