ადამიანს ოცნებებით უფრო უდგას სული, ვიდრე სინამდვილით. მომავალზე მეოცნებე აწმყოს ივიწყებს. მთელი ცხოვრება შორეულ სივრცეს დაჟინებით გასცქერის, ახლომახლო კი ვერაფერს ამჩნევს. რასაც გულით და გონებით ჭვრეტს იმით უფრო სულდგმულობს, ვიდრე იმით, რასაც თვალით აღიქვამს.
ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას თავის ოცნებებზე, რა მიმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმოტაცება - ჭეშმარიტებისგან შორს, არარსებულ და განუხორციელებელ მოჩვენებათა სამყაროში, გონებას რომ ატყუებენ და ეფერებიან.
900. როგორ ლოცულობს არასწორად, მეოცნებედ მლოცველი ადამიანი?
იგი ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს, თვალებსა და გონებას და წარმოიდგენს ღვთაებრივ საკრებულოებს, ზეციურ სიკეთეებს, ანგელოზთა დასებს, წმინდანთა სავანეებს – მოკლედ, მისი წარმოსახვა შემოკრებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე საღმრთო წერილში წაუკითხავს და ლოცვის დროს წარმოიდგენს, ცას შეჰყურებს, ყოველივე ამით სულს ღმრთაებრივი სიყვარულისაკენ აღაგზნებს. ზოგჯერ ოხრავს და ტირის. ამრიგად, გული თანდათან ამაყდება, მაგრამ გონება ამას ვერ ხვდება. კაცს ჰგონია, რომ რასაც განიცდის, ღვთის მადლის ნაყოფია, უფლის მერ მის სანუგეშებლად მოვლენილი და ღმერთს ევედრება, მუდამ ამ მდგომარეობაში ამყოფოს. სწორედ ესაა ხიბლის ნიშანი.
826. შეიძლება თუ არა ლოცვისას ოცნებით წარმოვიდგინოთ ის სურათები, რაც საღმრთო წერილში აღმოგვიკითხავს?
არასწორი ლოცვის ყველაზე სახიფათო სახე ისაა, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვით თხზავს ოცნებებსა და სურათებს, რომელთაც თითქოს საღმრთო წერილიდან სესხულობს, სინამდვილეში კი ამ წარმოსახვის წყაროა მლოცველის მდგომარეობა, მისი დაცემულობა, ცოდვილობა, თავის ცდუნება... მეოცნებე ლოცვის დაწყებისთანავე სცილდება ჭეშმარიტების სფეროს, გადაინაცვლებს ტყუილის სფეროში და ნებსით ემონება სატანას.