რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, შდრ. ლუკა 18.10) რისთვის დასაჯა იგი სულმან წმიდამან? მისთვის, რომელ მან თვითონ გაიმართლა და აღამაღლა თავი თვისი. თუმცა არა ჰქონდა მას დიდი სათნოება, გარნა თავი თვისი დიდად მიაჩნდა. ნაცვლად მონანებისა და შეწუხებისა მან ლოცვაში თავი თვისი აქო.
ეს არის ის, როდესაც ადამიანი უარყოფს ცოდვას, როგორც ვხედავთ ამას ადამის, ევას, კაენის და სხვათა შემთხვევაში. მათ შესცოდეს, მაგრამ სურდათ რა თავის მართლება, უარყვეს თავიანთი შეცოდება.
ზოგიერთი ადამიანი აღსარებისას თავს იმართლებს და სხვას აბრალებს თავისი უთმინოების სიგლახაკეს. ამას არ ჰქვია აღსარება, არამედ იგივე ცდომაა და იგივე უგულისხმოება. აღმსარებელი ისე უნდა მოეპყრას საკუთარ თავს, როგორც მტერს. ადამის მსგავსად სხვაი არ უნდა აჩვენოს ცოდვის მიზეზად, არამედ ყოველივეში საკუთარი თავი უნდა მიიჩნიოს ბრალდებულად.
რომელი ორი მანკიერებაა განსაკუთრებით მავნე სულისთვის?
ყოველგვარი მანკიერება სულისთვის მავნეა, მაგრამ უფრო სასტიკი და დამღუპველია თავის მართლება და დავის სიყვარული. სწორედ ამიტომაც გვიბიძგებს ეშმაკი წინააღმდეგობისა და თავის მართლებისაკენ, რადგან იცის, რომ თუ მოითმენ და თავის მართლებას არ მიჰყვები, უფალი გაგამართლებს (არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოოზეროელი).
73. შეიძლება თუ არა, რომ საკუთარ თავს მართალ ადამიანად მივიჩნევდეთ?
დიდი უბედურებაა ჩვენთვის, როცა თავს მართალ კაცად შევიგრძნობთ. აღიბეჭდეთ მეხსირებაში: როგორც კი ეს შეგრძნება მოვა, თუნდაც სუსტი ძალით, თქვენი საქმე ცუდად მიდის. რაც უფრო ცოდვილად იგრძნობთ თავს, მით უფრო მართებული იქნება თქვენი გზა
835. რა ძალა გვიბიძგებს ცოდვის ჩადენისას თავის მართლებისაკენ?
ცოდვა ბოროტებაა; მაგრამ კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ამ დროს თავის მართლება. სწორედ ესაა ეშმაკის იარაღი. ასე იყო პირველქმნილ ადამიანებთან: მაშინ, როდესაც ადამს უნდა ეღიარებინა ჩადენილი ცოდვა, მან ცოლს დასდო ბრალი; ევამ კი, თავის მხრივ – ეშმაკს. სინამდვილეში კი ასე უნდა ეთქვათ: შევცოდეთ. მათ კი არა თუ აღიარეს, არამედ თავის მართლებაც კი დაიწყეს. რამეთუ სატანა, რომელმაც იცის, რომ ცოდვის აღიარება მისგან გათავისუფლებაა, სულს ურცხვი სიჯიუტისაკენ უბიძგებს. შენ კი, როდესაც შესცოდავ, თქვი: მე ვცოდე. ასეთ გამართლებაზე სამართლიანი არაფერია, მხოლოდ ასე მოიპოვებ ღვთის წყალობას.
565. შეიძლება თუ არა ადამიანი მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებდეს საკუთარ კეთილ საქმეებს?
სულისათვის დამღუპველია, როდესაც კაცი ამპარტავნებითა და თავდაჯერებით დაბრმავებული, მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ კეთილ საქმეებს, ანუ დაცემული ბუნების საქმეებს. მაკარი დიდი ამბობს: „იგი მპარავი არს და ავაზაკი, რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს“ (იოან. 10.1). და ასევე მპარავია და ავაზაკი, ვისაც ქრისტე კი არ განამართლებს, თვითონ განიმართლებს თავს.