ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წერს: "სიყვარული ნიშნავს თვითუარყოფას, სხვისთვის მსხვერპლის გაღებას. ამასთან თვითუარმყოფელ პიროვნებაში ხდება უმაღლესი თვითდამკვიდრება. სიყვარულის ანუ თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ. ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება კი მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მიიღწევა. ასე რომ, როდესაც ვამბობთ: აბსოლუტური პირველსაწყისი არის ერთიანობა საკუთარი თავისა და საკუთარი ნების უარყოფისა, ამით უფრო გასაგები ენით ვიმეორებთ მოციქულის სიტყვებს - ღმერთი სიყვარული არს" (2,310). მაშასადამე, რაკი ეგოიზმის დამამარცხებელი ძალა მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია, ეგოიზმის დაძლევით მიიღწევა ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება.
ისინი კი ვერ მოიპოვებენ სულის სიმშვიდეს, რომლებიც სხეულს აუძლურებენ, არამედ ისინი, რომლებიც განიწვრთნებიან შინაგანი ყურადღების შეძენასა და საკუთარი ნების უარყოფაში.
ეს ღვთისნიერი წარმატებაა. საკუთარი ნების მოკვეთა მშვიდ ვითარებაში-საკუთარი სურვილების მოკვეთას და წმინდანთა ნების აღსრულებას, ხოლო ცუდში, თავისთავად, ბოროტებისაგან განრიდებას ნიშნავს.
როგორც დაცემული სხეულის სურვილები ცოდვითაა სავსე, ასევეა დაცემული სულისაც. დაცემული ადამიანი ეძებს აღასრულოს საკუთარი ნება, გახდეს მარტოსული, დამოუკიდებელი არსება, პირველობას იჩემებს და პატივმოყვარეა. სახარება ბრძანებს ამგვარი ცხოვრებისაგან განდგომას, ღვთის ნების აღიარებას და აკუთარი ნების უარყოფას. სახარება მოითხოვს, რომ ადამიანმა მხოლოდ ღმერთს მიაგოს საღმრთო პატივი, თვითონ კი ქმნილებათა შორის დაიკავოს შესაფერისი ადგილი.