ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს; იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის, გულგრილობის მიზეზით.
ძუნწი ანგარებისმოყვარე, რომელსაც მრავალი ამქვეყნიური სიკეთე აქვს, მაგრამ მოკლებულია სიმშვიდესა და მყუდროებას, შეიძლება შევადაროთ ხეს, რომელიც გარედან დაფარულია ფოთლებით და დახუნძლულია ნაყოფით, მაგრამ შიგნიდან კი ჭიები ხრავენ და ახლოსაა სრულ განადგურებასთან.
ძუნწმა, რომელმაც ხელები სიმდიდრეზე მოჭერით დაიზიანა, თავის გულსაც მოუჭირა ხელი და იგი ქვასავით გახადა. მას განსაკუთრებულად სჭირდება შეურვებულ ადამიანთა მონახულება, მათდამი თანაგრძნობის განცდა, და მაშინ იგი იძულებული გახდება თანდათან გახსნას თავისი ხელი. ამით მისი ქვის გული დალბილდება და ადამიანური გახდება. ასევე განეხუნება მისთვის ბჭენი სამოთხისანი.
გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და სინდისს – განა სიხარულით გავცემთ მოწყალებას? ადამიანის სულის დიდი მცოდნე თეოფანე დაყუდებული ასე ამბობდა (თითქოს საკუთარი თავის შესახებ, სინამდვილეში სხვათა სამხილებლად): „მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ რასაც გავცემ, ყველაფერი მენანება“. ეს სიტყვები სამხილებელია ჩვენთვისაც, ჩვენც ასეთები ვართ – ან საერთოდ არ გავცემთ, ან გავცემთ დანანებით.
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ, თავის მიერ დაგროვილი სიმდიდრით თავისთვის ჯოჯოხეთს არ იყიდის. ვინც თავს სახმარი საგნების გამო კარგავს, მან სრულიად დაკარგა გონება, რადგან იგი ქრისტეს კარგავს.
ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მის ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯერ გვეწვევა კეთილი აზრი – გავცეთ ზედმეტი, რაც დაგვიგროვდა კარადასა და სკივრში და ამ მიზნით შევუდგებით მათ გადასინჯვას. იმავდროულად მაცდური აზრიც გვეწვევა, რომ ეს სამოსელი შემდეგშიაც გამოგვადგება, ხოლო ზოგიერთის გაყიდვაც კი შეიძლება. საბოლოოდ გვრჩება გროვა უსარგებლო ძველმანებისა.
ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო და ისიც იცოდნენ, რომ მათი მდიდარი მეზობელი ამას სიხარბის გამო აკეთებდა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაერღვია მისი სიმშვიდე, რაიმე ეთხოვა და იძულებული გაეხადა ხელი გაემართა. ცოდვა დიდხანს არ დარჩა დაუსჯელი. გაჩნდა ხანძარი, რომელმაც იმსხვერპლა ეს მდიდარი კაციც და მთელი მისი ქონებაც. წავიდა იგი ამ სოფლიდან შერცხვენილი და უსახელო.