მრავალი ლაპარაკობს საკუთარ პატრიოტიზმზე, მის სამშობლოსადმი სიყვარულზე, მაგრამ სამშობლო - უპირველეს ყოვლისა თავად ხალხია. სამშობლო მხოლოდ წარსული როდია, ეს არის აწმყოც და მომავალიც. მშობლები შვილთა მოკვდინებით თავისი სამშობლოს მომავალს კლავენ. ეს ხომ გენოციდია, თანაც საკუთარი ერის წინააღმდეგ.
დასანანია, თუ ერი წინაპართა ნათელ სხივებს დავიწყებას მისცემს და ოდენ ყოველდღიური საზრუნავით დაკავდება. ესოდენ დაკნინებულ ადამიანებს დრო ადვილად აღგვის პირისაგან მიწისა და მთელ მათ მონაპოვარს დაისაკუთრებს ერი, რომელსაც მარად ახსოვს თავისი გმირული წარსული, წინაპართა ღვაწლს განადიდებს და თავადაც სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის. მძიმე განსაცდელის ჟამს მათ წინაპართა გმირული მაგალითები განამხნევებენ.
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და სრულფასოვანი სახელმწიფო ააშენოს.
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვა და სხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან. მცირერიცხოვნობის მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა.
ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც. ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას, იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა ისევე, როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და, ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად, ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა. (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით.