ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, უფლის მიმდევართ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული.
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება.
128. გააჩნიათ თუ არა ეშმაკებს ადამიანებზე ძალაუფლება?
მათ არა აქვთ ხელმწიფება ვინმეს წინააღმდეგ, თუ ღმერთმა არ დაუშვა და არ მისცა ნება საღმრთო განგებულების მიზნით, როგორც მართალი იობის შემთხვევაში. ისინი ძლიერნი არიან მხოლოდ ღმერთის დაშვების წყალობით და შეუძლიათ ისეთი სახე მიიღონ, როგორიც მოესურვებათ
463. მეუფეო, მითხარი რა არის ღვთის ნება და რა არის დაშვება და როგორია მათი შედეგები?
როდესაც რაიმე სამწუხარო ამბავი შეგემთხვევა, გამოიკვლიე, რაიმე საქმესთან დაკავშირებით ხომ არ გამხელს აზრი, და თუ მას ვერ მიაგნებ, მაშინ ეს შენ გამოსაცდელად შეგემთხვა და ღვთის ნებიდან მომდინარეობს. ხოლო თუ მიაგნებ, რომ აზრი რაღაცაში განგიკითხავს, მაშინ ის ღვთის დაშვებითაა, შენს დასასჯელად. თუმცა ერთიც და მეორეც ადამიანისთვის სასარგებლოა.