88. ისინი, რომლებიც ძალადობით ცდილობენ წუთიერი სიმდიდრის ფლობას და უყვართ სწრაფვა უკეთური საქმეებისკენ, უმეცარნი არიან რა სიკვდილისა და საკუთარი სულის წარწყმედისა (ამასთან, ვერც ჭვრეტენ მათთვის სასარგებლოს ეს უბადრუკნი), არ იაზრებენ, სიკვდილის შემდეგ როგორ ტანჯავს ადამიანს უკეთურება.
ხშირად შიში სიკვდილის მიზეზიცაა. ადამიანი კლავს სხვას, რათა შეიქმნას თავისთვის ისეთი გარემო, სადაც მისი აზრით, ნაკლებად იქნება შიში, სინამდვილეში კი იგი სწორედ სიკვდილის შიშის გამო თესავს სიკვდილს ისევე, როგორც ბატონის ძალადობას ძალაუფლებისადმი მისი მონური დამოკიდებულება განაპირობებს.
დაშინების მეთოდით მართვა, ამა თუ იმ ქვეყნის უნიჭო ბელადთა უკანასკნელი და უიმედო მცდელობაა. დაშინებას უგუნური პირუტყვები მიმართავენ მაშინ, როცა შიშით არიან შეპყრობილნი. ტერორისა და დაბეზღების სისტემა ურჩხულს ემსგავსება, რომლის ბატონობის ხანგრძლივობა ერთი ადამიანის სიცოცხლეს თუ გაუტოლდება. ადამიანი კვდება, ერი კი სიცოცხლეს განაგრძობს.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. გაუსაძლისი ტანჯვის, სიცრუისა და ძალადობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე ჭეშმარიტი სიყვარულისა. ქრისტე იშვება!
35. ვინც უნდა იყოს ხელისუფალი, რომელიც მძლავრობს ჩვენზე, რომ აღვასრულოთ უღირსი და სულის მავნებელი საქმეები, ვერ ეუფლება ჩვენს სულს, თვითუფლებრივად რომ შექმნილა. ამგვარი მოძალადენი სხეულს ატუსაღებენ, მაგრამ არა ჩვენს არჩევანს, რომლის ბატონიც თვით მოაზროვნე ადამიანია იმ შემოქმედი ღვთის წყალობით, რომელიც უმძლავრესია ყოველგვარ ძალმოსილებაზე, ძალადობასა და ყოველგვარ ძლიერებაზე