ვარსკვლავები მოძრაობენ, მხეცები ცოცხლობენ, სტიქიები ღვთის მიერ დადგენილ წესებს ექვემდებარებიან. მხოლოდ ადამიანი, ყველაზე გონიერი ქმნილება, ხშირად უგუნურად იქცევა. დაუტევებს უფლის მიერ დადგენილ გზას, საკუთარი ზმანებების ტყვე ხდება და თავისთვის განვითარების ახალ ტრაექტორიებს იგონებს. ბავშვები, უგულებელყოფენ რა უხუცესებს, შესაძლოა ბელადებად მოგვევლინონ, ქალებმა მამაკაცების წილ მოიპოვონ ძალაუფლება. მაგრამ როდესაც ბავშვები წარმართავენ საქმეს, ძალადობა მეფობს და როდესაც ძალაუფლება ქალების ხელთაა, ჩვეულებისამებრ ქაოსის მოწმენი ვხდებით.
კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია. ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირისაგან მიწისა სიმდიდრის, სახელისა და დიდების მაუწყებელი აურაცხელი ციხესიმაგრე ადამიანთა მიერ აღმართული. ისინი ლამობდნენ დაუფლებოდნენ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნოდა და პატარა ღმერთებად ქცეულიყვნენ. არ დანგრეულა ოდენ ის, რაც მოციქულებმა, განმანათლებლებმა და ღვთის კაცებმა შექმნეს. უთვალავი სამეფო, ადამიანურმა პატივმოყვარეობამ რომ აღმართა, დრომ იავარყო. მოციქულთა ეკლესია კი დღემდე ჰგიეს და შეუძვრელად იდგება, მრავალ თანამედროვე სახელმწიფო ნანგრევებზეც კი.
ეს არის ძალაუფლების, ადამიანის მართვის დაუოკებელი სურვილი, რასაც პიროვნებები ისე მიელტვიან, რომ საიმისო მონაცემები არა აქვთ; როდესაც ძალაუფლება სურთ არა სიკეთის მოსატანად, არამედ მხოლოდ ერთი უგუნური მიზნით - დაიკმაყოფილონ სიამაყე, პატივმოყვარეობა, ანგარება.
უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი "მეს" წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ.