როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო.
ნუ დაფარავ გულისთქმას, რადგან ის, ვინც მალავს გულისთქმას, ახარებს ბოროტ სულს, რომელიც ცდილობს მისი სულის დაღუპვას. ვინც თავის გულისთქმებს მალავს, ის ვერ განიკურნება, ხოლო ვინც ამ გულისთქმებს მოძღვარს გაუმხელს ის გამოსწორდება. ვინც მოძღვარს შეკითხვით მიმართავს და არ აღასრულებს მის რჩევას, ღვთის ნებას არ ემორჩილება.