ნათლისღების წმინდა მირონი, სულიწმიდის მოწოდების შემდეგ არის საღმრთო მადლის მონიჭება შენთვის თვით ქრისტეს და სულიწმიდის ღმრთაების მუნმყოფობით, რაც სინამდვილედ იქცევა.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება – თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
ეკლესიას ეწოდება კათოლიკე იმიტომ, რომ იგი არის მთელს მსოფლიოში, დედამიწის დასაწყისიდან დასასრულამდე; სისრულით გადმოსცემს იმ სწავლებას, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა; სწავლებას ხილულ და უხილავ, ზეციურ და მიწიერ საგნებზე. იმიტომ, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა: მთავარნი და ქვეშევრდომნი, სწავლულნი და უბრალონი, მიჰყავს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და ყველგან განკურნავს ყოველგვარ ცოდვას, სულიერსა და ხორციელს, გააჩნია ყველა სახე სრულყოფილებისა, განცხადებული საქმეებში, სიტყვებსა და ყოველგვარ სულიერ ნიჭებში.
მუხლნი მრწამსისა ადამიანური გონების გამონაგონთაგან როდია შედგენილი, არამედ მთლიანად, საღმრთო წერილის ყველა წიგნიდან ამოკრებილია ყველაზე მნიშვნელოვანი და ამგვარადაა შედგენილი ერთი მოკლე მოძღვრება სარწმუნოებისა. მსგავსად იმისა, როგორც ერთი მარცვალი მდოგვისა შეიცავს თავის თავში მრავალ ტოტს მისას, ზუსტად ასევე მრწამსიც სარწმუნოებისა თავისი მოკლე და ზუსტი გამონათქვამებით თავის თავში იტევს მართლმორწმუნეობის მთელს მოძღვრებას ძველი და ახალი აღთქმისას.
294. აუცილებელია თუ არა ადამიანის ხსნისათვის წყლით ნათლობა?
წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის. მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას წყალში სამგზის შთაფლვით თქვენც სამგზისვე ხელახლა იშვებოდით. ასე რომ, ნათლისღების მაცხოვნებელი წყალი საფლავადაც შეიქნა თქვენთვის და მშობელ დედადაც. მაგრამ ეს უბრალოდ მოგონება როდია უფალ იესო ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომისა, ეს სრულიად ახალი და უჩვეულო საქმეა: ჩვენ სინამდვილეში როდი დავეფლვით, არც ნამდვილადვე ვეცმებით ჯვარს, არამედ ეს მიმსგავსება უფლის ვნებასთან და მკვდრეთით აღდგომასთან მხოლოდ სახისმიერია, ხატოვანი, ჩვენი ხსნა – ცხონება კი ჭეშმარიტად, ნამდვილად აღესრულება.
აიღე საღმრთო წიგნები და ნახავ, რომ დიდია და მთავარი წყალი და ოთხ გამორჩეულ წესთაგან უმჯობესი. ანგელოზთა სამკვიდრებელია ცა და წყალთაგან არის. ქვეყანა ადამიანთა სამკვიდრებელია და წყალზეა დაფუძნებული, და ყოველივეს შექმნამდე სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა (დაბ. 1.2). ქვეყნის დასაბამი წყალია, სახარების დასაბამი იორდანეა. ისრაელის გათავისუფლება ფარაონისაგან ზღვით მოხდა და ცოდვათაგან გავთავისუფლდებით სიტყვით, წყლით განბანვით (ეფეს. 5. 26). სადაც კი ვინმეს აღთქმა მიეცა, იქ უთუოდ წყალიც იყო: წარღვნის შემდეგ დაიდვა შჯული ნოეს მიმართ, ისრაელს სჯული წყლით სხურების შემდეგ მიეცა... ილია ზეცად ამაღლდა, მაგრამ ჯერ იორდანე გიარა. აარონი ჯერ განიბანა და შემდეგ გახდა მღვდელთმოძღვარი.