ვისაც სწამს, რომ სულიერი მოძღვრის ხელმწიფებას ექვემდებარება მისი საუკუნო სიკვდილ–სიცოცხლე, ის არასოდეს შეეწინააღმდეგება თავის სულიერ მამას. სწორედ უმეცრება ჰბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს ადამიანში, რაც მიზეზი შეიქმნება ხოლმე საუკუნო სულიერი სიკვდილისა.
რწმენა და კეთილი საქმეებია სწორედ ყველაზე მთავარი და ერთმანეთისაგან განუყოფელი რამ; სარწმუნოება კეთილი საქმეებისათვისაა, ხოლო კეთილი საქმეები სარწმუნოებისათვის კი არ მოიმოქმედება, არამედ სარწმუნოებით და სარწმუნოებაში... და სწორედ ყოველი ადამიანის რწმენისებრ, ვინ როგორ გამოავლენს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს, ანიჭებს ღმერთი მადლს.
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომელად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნებების დარღვევისათვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამის მთელ მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრითა და გაჭირვებით მოვიპოვებდეთ არსობის პურს ქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე.