წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს.
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრულებისა და სულის სასარგებლოდ, გადმოვიწერ და შევისწავლი. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სულისთქმა. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. მე ამას გირჩევთ სულის კეთილდღეობისათვის. გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის მიმიჩნევია სასარგებლოდ.
ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე? ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? - "მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცოცხლო", - უმასუხა მან. - "მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო"! - უპასუხა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყოველდღიური საზრდელი სიცოცხლისათვის.
უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გქონან, ქანანელისა მისებრ ხმობდი: "შემიწყალე მე, უფალო". უკუეთუ არა გაქუს შენ კადნიერებაი საქმეთაგან კეთილთა, მიივლტოდე მრავალმოწყალებათა მიმართ მაცხოვრისათა, გამოუთქუმელთა, და მიისწრაფე მდინარედ, ღმრთის სულიერთა წიგნთა კითხვასა. რამეთუ ვითარცა-იგი რომელნი ჟამსა სიცხისასა მახლობლად სხდიედ გამოსადინელსა წყალთასა და სიგრილისა მისგან ჰაერისა განერნიან მძლაფრისა მისგან სიცხისა, ეგრეთვე რომელი მიივლტოდის წიგნთა წმიდათასა, განარინოს სული თვისი ყოველთაგან ვნებათა, ვითარცა რომელი განერის სახუმილისაგან ცეცხლისა, რამეთუ სიტყვანი წიგნთანი ნუგეშინისცემანი ღმრთისანი არიან. ვინ უკუე შემძლებელ არს შეწუხებად მისა, რომელსა ჰქონდის ღმერთი ნუგეშინის-მცემელად
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მუშაკის გონება რაიმე გარეშეთი არის დაკავებული და მას ავიწყდება ასოებზე საღებავის დადება, მაშინ დაზგები უქმად მუშაობენ და არაფერს ბეჭდავენ. ის კი, ვინც ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ამასთანავე მხოლოდ კითხვით კმაყოფილდება და წაკითხულიდან არაფერს იყენებს თავისი სულიერი ზრდისათვის, იმ გლეხს ემსგავსება, რომელსაც სახნავის აღება ეზარება და ჩრდილს აფარებს თავს, მუდმივად კითხულობს წიგნებს აგრონომიაზე, თეორიულად ბევრს სწავლობს, მაგრამ უბადრუკ უსაქმურად რჩება.
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ამჟღავნებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულისსიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა განარიდოს მაცხოვნებელ საქმეს; ებრძვის მას მოწყინებით, მობეზრებით, დავიწყებით. სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ ებრძვის და როგორ სძულს ბოროტს წმ. მამათა კითხვა, უნდა მივხვდეთ, თუ რა მხსნელი იარაღია ჩვენთვის მათი ნაწერები - ამიტომაც ცდილობს ეშმაკი ასე გამძვინვარებით, რომ გამოგვტაცოს იგი.