18. ყველა ეს ქმედება, საყვარელო, მეკარის მსგავსად აბრკოლებს უკეთურ აზრებს. ხოლო ცისკენ მიპყრობა მზერისა და მიწის არად ჩაგდება, რაც ზემორეებთან ერთად არის ქმედითი, სხვა ადგილას იქნება ჩვენგან გადმოცემული, მოგვცემს რა ღმერთი სიტყვას.
ამ სოფლისგან განშორება იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახიდან ან საზოგადოებიდან გაიქცე, არამედ - დატოვო ის ჩვეულებები, თვისებები, წესები, ჩვევები, მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებულსა და მოწონებულ ქრისტეს სულს.
ისეც მომხდარა, რომ მრავალნი კარგავდნენ სრულყოფილებას უდაბნოში, როგორც არ უნდა მადლმოსილი იყოს იგი ცხონებისათვის; ამავე დროს სხვები მას ერში ცხოვრებითაც ინარჩუნებდნენ. ლოთმა უდაბნოში დაკარგა ის უბიწოება, რომელიც გარყვნილ ქალაქში შეინარჩუნა.
19. თუკი ვნებათა მიზეზების მომკვეთელნი მხოლოდ მცირე ხნით მივეცემით სულიერ ხედვებს და არ დავმკვიდრდებით მათში იმგვარად, რომ სწორედ ეს გვქონდეს საქმედ, კვლავაც ადვილად მივუბრუნდებით ხორციელ ვნებებს და იქიდან (ვნებათა მოკვეთისგან) სხვას ვერაფერს მოვინაყოფებთ, თუ არა გონების სრულ დაბნელებას და ნივთიერთა მიმართ უკუმიქცევას.