მაცხოვრის ხატი აიღეთ. აკი ხედავთ, როგორ გიმზერთ მაცხოვარი თავისი უნათლესი თვალებით, ეს მზერა გახლავთ სწორედ ხატი ანუ სახე და მოწმობა იმისა, რომ იგი ნამდვილად გხედავთ თავისი მზესავით ნათელი თვალებით, ხედავს თითოეულ თქვენს აზრს, ესმის ყველა თქვენი გულითადი თხოვნა და სულთქმა. ხატი რაკიღა უბრალოდ მხოლოდ სახეა, ამიტომ მარტო ნაკვთებითა და ნიშნებით მიგვითითებს იმაზე, რაც აუწერელია და რისი მიწვდომაც მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი გწამდეს, რომ მაცხოვარი მუდამ, როგორაც ხელის გულზე, ისე ხედავს ყველას და თქვენც: ხედავთ ფიქრს, გასაჭირს, სულთქმასა და გარემოებას თქვენსას - "აჰა. ხელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის" (ესაია.49,16). რამხელა ნუგეში და სიცოცხლეა ჩადებული ყოვლისმპყრობელი განმგებლის ამ სიტყვებში, ამიტომაც ისე ილოცეთ მაცხოვრის ხატთან, თითქოს მის წინაშე იდგეთ. კაცთმოყვარე მისთვის ჩვეული სიკეთითა და ხატზე დაწერილი თვალებით ნამდვილად გიმზერთ და ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, მოგწვდებათ მისი მზერა: ხატიდანაც გხედავთ და ესმის კიდეც თქვენი, ნუ გავიწყდებათ, რომ მისი თვალები - ესაა თვალები და სმენა ყველგამყოფი ღვთისა.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის. ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა. სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა. ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც. ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული. ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
203. დასაშვებია თუ არა შეღებილი ბაგეებით ვემთხვიოთ ხატებს?
შეღებილი ბაგეებით არ უნდა ემთხვეოდნენ ხატებს, ჯვრებს, სხვა სიწმინდეებს. ასეთი მოქმედება მათზე საცხის კვალს ტოვებს. დიდია ცოდვა იმ პირებისა, არაწმინდა შეხებით რომ შეურაცხყოფენ სიწმინდეებს. ამიტომაც ტაძარში წასვლის წინ მოიშორეთ საღებავები, ან არ ემთხვიოთ სიწმინდეებს. ყოველ შემთხვევაში კი, ვიდრე გულმოდგინედ არ მოიწმენდთ ტუჩის საცხს, ნუ ეზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოთ.