წმ. იოანე ოქროპირი - ზიარება
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: ზიარება

სწავლა იე. წმიდისა ზიარებისათვისვე.

აჰა ესერა, საყვარელნო, ხორცი და სისხლი ქრისტესი წინამდებარე არს ჩვენდა, არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმელადცა და სასმელად და, უკეთუ გვენებოს, მოუც (მოუცია) ჩვენდა. მოვუხდეთ უკვე სარწმუნოებით, რათა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩვენნი. უკეთუ რომელნი ფესვსა სამოსლისა მისისასა შეეხნესთ, ესრეთ სარგებელ ეყო, რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოსთ, რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორის თვისთა, უკეთუ ოდენ ღირს იქმნენ გულითა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად?! რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტეს მოუხდებით, დაღაცათუ ხმა მისი არა გვესმის, და უფროსღა გვესმის ხმა მისი დღითი დღედ სახარებისა მიერ.
    აწ უკვე შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობა იგი არს, რომელსა შინა თავადი ინახით მჯდომარე იყო, და არა რაითა განყოფილ არს ესე მისგან, - რამეთუ, ვითარცა იგი მაშინ ქრისტემან შემზადა, აგრეთვე აწ ამას, თქვენმცა არა მოგცაა მადლი მღვდელთა მიერ და სული წმიდა მოგანიჭა, რამეთუ არცა წმიდა იგივე შემზდებს!? ამისთვის გეტყვი საყვარელნო, ოდეს იხილო, რომელ მღვდელი გაზიარებდეს წმიდასა საიდუმლოსა, ნუ ჰგონებ, თუ მღვდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ხელი ქრისტესი განმარტებულ (გამოშვერილი) არს მოცემად შენდა, ხორცსა და სისხლსა მისსა. რამეთუ ვითარცა იგი ნათელ იღებდე რა, არათუ მღვდელი იგი ნათელ გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი და არცა ანგელოსი, არცა მთავარ-ანგელოსი, არცა სხვა ვინ კადრებს მიახლებად. ეგრეთვე აქაცა იგი არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდმლოთა, რამეთუ არა ანგელოსთა დაურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი: რამეთუ, რომელმან უმეტესი ქმნა, უდარესიმცა უღირს იჩინაა? რომელმან თავი თვისი მოგვცა საჭმელად, ხელითამცა თვისითა არა ჯერ იჩინაა განყოფად პატიოსნისა მის ხორცისა და სისხლისა მისისა მოყვარეთა მისთა? ვისმინოთ უკვე მღვდელთაცა და ყოველმან ერმან, თუ ვითარსა პატივსა ღირს ქმნულ ვართ! ვისმინოთ და შევიკრძალოთ და შევრწმუნდეთ, წმიდისა ხორცისა და სისხლისა მისისა ზიარ მყვნა ჩვენ, თავი თვისი დაკლული წინაშე დაგვიდვა. რაიმე უკვე მივუგოთ, რომელნი ესე ვითარსა საიდუმლოსა ზიარ ქმნილ ვართ და ესრეთ წარმდებებით მსცოდავთ? რომელნი კრავსა მის ღვთისასა მოვიღებთ და არა შევიკდემთ (მოკრძალებით არ მივალთ). მგელთა მიმსგავსებულად, რომელნი ტარიგსა მას მოვიქვამთ აღმხმელსა ცოდვათა სოფლისათა და ვართ მხეც მტაცებელ. ესე საიდუმლო ნიჭი არს მშვიდობისა, გამმწმედელი ყოველთა ცოდვათაგან, ღირსად მიმღებელთა მისთა და არა ნებავს, რათა ყოვლადვე უფლებულ ვიყვნეთ ვნებათაგან შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაარებისა, ანუ თუ გულის-თქმისაგან ბოროტისა, - რამეთუ, უკეთუ ქრისტემან ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა არა რიდა თავსა თვისსა სიკვდილად მიცემად, ჩვენ ვითარ უგულებელს-ვყოფთ ცხოვრებასა ჩვენსა? არამედ, საყვარელნო ძმანო, წმიდითა გულითა ვეზიარებოდეთ წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, რათა საუკუნოთა კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები