წმ. იოანე ოქროპირი - სიყვარული მოყვასისადმი
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

სწავლა კ. ავი ზ. სიყვარულისათვის მოყვასისა.

ღირსი უკვე ესე ვითარისა მის ქრისტეს სიყვარულისა, პატივისა მოქალაქობა ვაჩვენოთ, საყვარელნო ძმანო. და ნუმცა რაი გვაქვს ზიარებაი ქვეყნისა თანა, რამეთუ ამისთვის ქრისტემან ზეცით მოგვართვა ჩვენ სწავლა კაცთ-მოყვარებისა, რათა მოძღვრისა მის სწავლასა შევუდგეთ ძალისაებრ ჩვენისა და ვემსგავსნეთ. ხოლო მსგავსება ქრისტესი ესრეთ იქმნების, რათა არა თვისთა თავთასა ვეძიებდეთ ყოვლადვე, არამედ მოყვასთასა, ვითარცა იგი ქრისტემან ქმნა. და რაჟამს კაცი არა თვისსა ეძიებდეს, არამედ მოყვსისასა, მაშინ ეძიებს თვისსა ჭეშმარიტებით, რამეთუ მოყვსისა ყოველი ჩვენი არს, ვინათგან ერთ გვამ ვართ და ურთიერთარს ასოებ. ნუმცა უკვე ვინ იტყვის, თუ იგი ვინმე არა არს მეგობარ ჩემდაო, არც ნათესავი, და ვითარცა მიყვარდეს იგი ვითარცა ჩემნიო? ამისთვის გულის-ხმა-ჰყავ, საყვარელო, დაღაცათუ არა არს მეგობარი და ნათესავი, არამედ კაცი არს შენისავე ბუნებისა და მისვე ქრისტეს მეუფისა მონა, რომლისაცა შენ ხარ და შენ თანა მკვიდრი. რამეთუ ყოველნი ერთსა სოფელსა შინა მკვიდრ ვართ, ვინათგან სარწმუნოებისა შენისა ზიარ არს. აჰა ესერა ასოცა არს შენი, რამეთუ რომელი მეგობრობა იქმს ესოდენსა თვისებასა ვითარ ერთობა იგი წმიდისა სარწმუნოებისა, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი ერთ გვამ ვართ, ნუმცა უკვე უგულებელს-ვყოფთ ერთი ერთსა, რამეთუ არავინ თვისი გვამი და ასონი უგულებელს-ჰყვნის, არამედ ფუფუნებნ და იღვწინ. ამისთვის ერთი სახლი მოგვცა ღმერთმან, სოფელი ესე და ყოველივე ზოგად განგვიყო და ერთსა მზესა ყოველთა აღმოგვიბრწყინვებს და ერთი სართული გარდაართხა ჩვენ ზედაცა და ერთი საყოფელი ქვეყანა, და ერთი ტაბლა ცხოვრებისა ტაბლა იგი შესაწირავისა, ერთი სახე შობისა მოგვცა ყოველთა - წმიდა ნათლისღება, და ერთი არს ყოველთა მამული, სასუფეველი ცათა და ერთისა სასმელისაგან ვსვამთ ყოველნი. არა თუ მდიდართა უმეტესად მიეცემის საიდუმლო იგი და გლახაკთა უდარესად, არამედ ყოველთა სწორად უწდია სისხლი თვისი ქრისტემან და ყოველთა სწორად განუყო ხორცი თვისი საცხოვნებელად ყოველთა სულთა. აწ უკვე ვინა არს უწესოება ესე, რომელ არა გვიყვარან ძმანი? გარნა ანგაარებისაგან მდიდართასა და ამპარტავანებისაგან მათისა. არამედ ნუღარა იყოფინ ესე, ძმანო ჩემნო საყვარელნო! ნუმცა განგვყოფენ ხორციელნი ესე საქმენი, რომელნი სულიერად ერთ ვართ; რამეთუ ყოველი ხორცი აჩრდილი არს და აჩრდილისა უძლიერესი. ხოლო ჩვენ, ძმანო, საკრველი იგი სიყვარულისა მტკიცედ დავიცვათ და ვერა რაი ვნებათაგანი შეგვემთხვიოს განყოფად ესე ვითარისა მის ერობისაგან და სულიერისა სიყვარულისა, რომლისა მიერ ყოველნივე ერთობით საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები