ნეტარი კოდრატეს მოშურნეობა ქრისტეს მიმართ

ნეტარი კოდრატეს მოშურნეობა ქრისტეს მიმართ

დეციუსის მეფობის ჟამს, როდესაც მრავალი ქრისტიანი საპყრობილეში იყო ჩაგდებული, მათ აშიმშილებდნენ და ტანჯავდნენ. ამ დროს ცხოვრობდა მართალი და ცნობილი ადამიანი კოდრატე. ის დაცვას მოისყიდიდა ხოლმე და ქრისტიან ტყვეებთან შედიოდა, მათთვის საკვები მიჰქონდა და მოინახულებდა ხოლმე, რათა ღვთის სიყვარულის გამო სიკვდილის ყველა საშინელებისთვის გაეძლოთ.
    იმ დროს ერთი სამეფო მოხელე, პერენი ნიკომიდიაში ჩავიდა და ღვთისგან განდგომილთა (როგორც კერპთაყვანისმცემელი უწოდებდა ქრისტიანებს) დასჯა გადაწყვიტა. როდესაც მათი ასეთი სიმრავლე იხილა, ტირანმა დაიფიცა, რომ მათ ხსოვნასაც კი ამოშლიდა ცოცხალთა სიიდან.
    ხალხის საერთო კრებაზე ქრისტიანები სამსჯავროზე გაიყვანეს. მსაჯულმა მრისხანედ წამოიძახა:
    -თითოეულმა თქვას თავისი სახელი, წოდება და წარმომავლობა.
    ნეტარი კოდრატე, როგორც ქრისტეს რწმენის ჩუმი აღმსარებელი, უცხო მაყურებელივით განზე იდგა. ისხედავდა ვნებულთა სიმორცხვეს და შიშობდა, რომელიმე მათგანს მუქარის ანდა ტანჯვის გამო ქრისტე მაცხოვარზე უარი არ ეთქვა და გადაწყვიტა, საკუთარი სიკვდილით მიეცა მაგალითი-ხალხში მდგომმა ხმამაღლა დაიძახა:
    -ჩვენ ქრისტიანები გვქვია, ხარისხით ქრისტეს მონები ვართ, ჩვენი სამშობლო კი ზეცაშია.
    მეფის მხედართმთავარი მისმა კადნიერებამ გააკვირვა და შეიარაღებულ მეომრებს უბრძანა, თავხედი (ასე ფიქრობდა ღვთისმგმობელი) უცნობი შეეპყროთ და მასთან ახლოს მიეყვანათ. მაგრამ ღვთის მოშურნე კოდრატე დაცვას არ დაელოდა, თვითონ გაეშურა მისკენ, შეჯგუფულ ხალხში ხელით გაიკვლია გზა და პერენის წინაშე წასდგა. ყველამ მას შეხედა. მან კი პირჯვარი გადაისახა და წამოიძახა:
    -ყველას სახელით წავსდგები შენ წინაშე და გაცნობებ, რომ ყველა აქ შეკრებილი ქრისტეს მხედრები ვართ...
    მართლმადიდებლური რწმენის ესოდენ დიდი მოშურნის შემყურე ყველა ქრისტიანი განმტკიცდა; ყველამ ამჯობინა, საკუთარი სისხლი დაენთხია, ვიდრე თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა წარმართობის სასარგებლოდ. წმიდა კოდრატე ვნებულთა წინამორბედი იყო. ადამიანი არ უნდა ეჭვობდეს, გაწიროს თუ არა თავი, თუკი შესაძლებლობა ეძლევა, სხვები ცხონების გზაზე მოაქციოს ანდა განამტკიცოს მასში
 
0