ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ძმებისადმი სიყვარულისა და მიმტევებლობის შესახებ

ძმებისადმი სიყვარულისა და მიმტევებლობის შესახებ

შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს.
უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.
როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მდიდრდება მათი სულები ქრისტესმიერი სიყვარულითა და თავგანწირვით. ამგვარად, ქრისტეს ვადიდებთ, თაყვანსვცემთ და ღვთის წმინდა სახელის მადიდებელი მდაბალი ორღანოები (ფსალმ. 150, 4) ვხდებით.
ნამდვილ სიყვარულს ძმის ნიჭი არ შურს; ძმის განმკიცხველი, დამამდაბლებელი სიტყვები მას არ ახარებს და თავს ვერ იკავებს, ძმას წარმატება რომ არ შეუქოს.
სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, უხეშად არ ეპყრობა, თავის სარგებელს კი არ ეძიებს, არამედ ძმისას, არ მრისხანებს, არ ფიქრობს ბოროტებას; ყველაფერს ტვირთულობს, ყველაფერს ითმენს (1 კორ. 13, 4-7). ვისაც ნამდვილი სიყვარული აქვს, ძმის მიმართ შეცოდებით არასოდეს ეცემა.
ასე რომ, ილოცეთ, შვილებო, რათა თვით სიყვარულმა – ღმერთმა – ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი მოგვმადლოს. როცა ეს სიყვარული ჩვენს გულებში, სიტყვებსა და საქმეებში გამეფდება, მაშინ მოგვეცემა იმედი, რომ შევქმნით ქრისტესმიერ კრებულს ქრისტიანული სულით, სულიერი ბრწყინვალებით და შეურყეველი საძირკვლით – მტკიცედ შეკავშირებულ კრებულს ერთი აზრითა და ერთი სულით მრავალ სხეულში.

2. ჩემო საყვარელო შვილებო, გისურვებთ სიყვარულის ღმერთმა გაგაძლიეროთ ურთიერთსიყვარულში და მოგცეთ ის უზაკველი სიყვარული, რომელიც საცდურს კი არ წარმოქმნის, არამედ, პირიქით, თავისი სიბრძნით განაქარვებს მას.
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლის სიყვარულის ნაკლებობა ენის მეშვეობით შობს.
ვისაც სიყვარული აქვს, „ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოან. 4, 16). ერთმანეთისადმი ნამდვილი და წრფელი სიყვარული მოწმობს, რომ ღვთისანი ვართ და გვიყვარს ის.
„ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს" (1 იოან. 3, 15), სულიერ წყვდიადში იმყოფება და არ იცის, საით მიდის.
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბოროტებას დავიგროვებთ ჩვენს უბადრუკ სულებში!
მისთვის, ვისაც უყვარს, სიყვარული სულის საფუძველი, საძირკველი და საფარველია; ამ სულში ღმერთია დამკვიდრებული და ამის გამო ყოველ წუთს ნათელ სიხარულს განიცდის!
ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის მონასტრის წევრებს შორის აუცილებელია ურთიერთსიყვარული. ეს იქნება ოქროს რგოლი, რომელიც ძმებს ერთ სხეულად აქცევს, წინ რომ აღუდგნენ მტრობისა და სიძულვილის უფლის – ეშმაკის მიერ წარმოქმნილ შფოთს. სიყვარული ის უძლეველი ძალაა, რომელიც მონასტრის წევრებს კრავს ერთ სხეულად, რომლის თავიც წინამძღვარია. ეს ძალა ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, იბრძოლებს საპირისპირო ძალის, ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც წევრების ერთობისგან ჩამოშორებას შეეცდება.
თუ სიყვარული სუსტი და მოდუნებულია, მოწინააღმდეგე ეშმაკის ძალა ჩვენზე გაიმარჯვებს იმის შესაბამისად, თუ როგორ შესუსტდა მანამდე მხურვალე და მძლავრი სიყვარული ჩვენში. რაში ვლინდება საპირისპირო ძალის გამარჯვება? ძმათა კრებულში წარმოიშობა შფოთი, შეპასუხება, ურჩობა, კამათი, ამპარტავნება, ტრაბახი, შური, სიძულვილი, ბოლო კი – მონასტრიდან გაქცევაა!
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა თქმა უნდა, არა.
ასე მოიქცა ყოფილი ნათლის ანგელოზი, რომელიც ზეციდან განიდევნა და სატანა გახდა!
ჩვენ კი, რადგან ანგელოზებრივი სქემა შევიმოსეთ, განა ანგელოზებრივი გზით არ გვევალება სიარული? როგორ შეირაცხება თქვენი ცხოვრება ანგელოზებრივად, როცა თქვენ შორის შეპასუხებას, ბედით უკმაყოფილებას, კამათს, საკუთარ ნებაზე სიარულს, მტრობას და ყველაზე უარესს – ურჩობას ვხედავ? განა ასეთი ქცევა იმის საწინააღმდეგო არაა, რასაც მე, მდაბალი გარიგებთ? და განა ის, ვინც ამის საპირისპიროს აკეთებს, უმეტეს სასჯელს არ მიიღებს? წმინდა წერილის თანახმად: „რომელმან იცის... და არა განემზადოს... იტანჯოს იგი ფრიად“ (ლუკ. 12, 47), ის მრავალ საშინელ დარტყმას მიიღებს და სასტიკად დაისჯება.
გვეშინოდეს, შვილებო, რომ დარიგებების მიმართ ურჩნი არ ვიყოთ, რადგან მათი დარღვევისა და ურჩობისთვის აუცილებლად დავისჯებით. დაე, ამისთვის ვიღვაწოთ. მაშ ასე, დაემორჩილეთ ბრძანებას, რომ სიყვარულისა და მორჩილების გვირგვინი მიიღოთ, როცა ღვაწლისდამდებელი იესო ქრისტე ჯილდოებსა და გვირგვინებს დაარიგებს.
გისურვებთ, ქრისტიანთა ზესთამბრძოლის, სამყაროს დედოფლის და ყველა წმინდანის მეოხებით საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინის ღირსნი გახდეთ.

3. შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის და მათი მიღებისკენ გიბიძგებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, რადგან მათი მიზანია უდიდესი სათნოება – სიყვარული წაგართვან და თუ ამას მიაღწევენ, სრულიად დაიპყრობენ შენს სულს. გადარჩენის იმედი როგორღა უნდა გვქონდეს, თუკი დავკარგავთ სიყვარულს, ანუ ღმერთს? ღმერთი ხომ სიყვარულია, სიყვარულის მქონე კი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში. როგორც იოანე მოციქული ამბობს: „რომელსა სძულს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს“ (1 იოან. 3, 15) „და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი“ (1 იოან. 2, 11).
შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესოს ლოცვა და უთხარი სატანას: „ეშმაკო, რაც უფრო მეტ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს მომიტან, მით უფრო მეყვარება ჩემი ძმები. რადგან ქრისტესგან ნაბრძანები მაქვს არა მხოლოდ მიყვარდეს, არამედ თავი დავდო მათთვის, როგორც ქრისტემ – ჩემთვის, საწყალობლისთვის“. და მაშინვე გონების თვალით გულში ჩაიკარი ისინი, ვისი ზიზღიც მოაქვს ბოროტს და თქვი: „შეხედე, ღვარძლიანო ეშმაკო, როგორ მიყვარს ისინი, მზად ვარ მათთვის მოვკვდე!“ ასე მოიქეცი და ღმერთი, რომელიც ხედავს შენს კეთილ ნება-სურვილს და ეშმაკის დასამარცხებლად გამოყენებულ ხერხს, უმალვე მოვა საშველად და გაგათავისუფლებს.

4. გისურვებთ, ყოვლადსახიერმა ღმერთმა თავის წარმოგზავნილ წმინდა მოციქულთა მსგავსად ყოვლადწმიდა სული გარდამოგივლინოთ, რომ განათლდეთ და ხსნის ურთულეს გზაზე იაროთ. „აჰა ესერა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შუენიერ, არამე [სიყვარულით] დამკვიდრებაი ძმათაი ერთად?" (ფსალმ. 132, 1) იმაზე მშვენიერი არაფერია, როცა კრებულში ღვთისმიერი სიყვარული სუფევს; ყველაფერი ანათებს და მშვენიერებითაა აღსავსე, ხოლო ამ უსაზღვრო სიყვარულის გამო წმინდა ანგელოზები ზეცაში უფალთან ერთად ხარობენ და მხიარულობენ.
„იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ... ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 34-35).
ჰოი, სიყვარულო, ჭეშმარიტად ნეტარია გული, რომელსაც შენ აღავსებ, რადგან სიყვარულში რას არ იპოვი – სიმდაბლეს, სიხარულს, მოთმინებას, სახიერებას, თანაგრძნობას, შემწყნარებლობას, განათლებას და მრავალ სხვას!
სიყვარულის მშვენიერი გზა უშრომელია; სიყვარულში არ არის ბიწი, არც ბრალი, არამედ სინდისი სულის ღვთისადმი კადნიერებას ადასტურებს. მაგრამ როცა არ არსებობს სიყვარული, მაშინ სულს ლოცვაში გამბედაობა არ აქვს. დამარცხებულივით, მხდალივით თავს მაღლა ვერ წევს, რადგან სინდისი ამხელს, რომ არ უყვარს ღმერთი ისე, როგორც მან შეიყვარა იგი და ღვთის მცნებას არღვევს.
თუ არ გვიყვარს ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ უხილავ ღმერთს? ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანში ღმერთია დამკვიდრებული. ვისაც არ აქვს სიყვარული, მასში ღმერთი არ მკვიდრობს.
წმინდა მამები ამბობენ: „იხილე შენი ძმა – ღმერთი იხილე“, „შენი გადარჩენა მოყვასზეა დამოკიდებული“.
ძველმა ღირსმა მამებმა ხსნის გზა უშრომლად გაიარეს, რადგან ყველაფერს მსხვერპლად სწირავდნენ სიყვარულისთვის. მათი ცხოვრების მიზანი სიყვარული იყო. ჩვენი გზა კი მთლიანად მოფენილია ეკლებით, რომლებიც სიყვარულის ნაკლებობამ აღმოაცენა. ამიტომ სიარულის დროს მუდმივად სისხლი გვდის. სახლის კედლები ირყევა, როცა მისი საძირკველი – სიყვარული მყარი არ არის.
5. აიძულე თავი, შვილო. შენი სულისთვის აიძულე თავი, რომ ძმებს სათნოეყო და უფალი განსვენებას მოგცემს, თავის მადლს მოგანიჭებს.
მოითმინე, მორჩილება აღასრულე; ყველასთვის „მტვრად იქეცი“ და უფალი განგანათლებს.
დიდი ის არის, ვისაც მეტი სიმდაბლე აქვს. ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „როგორც გნებავთ, როგორც იტყვით“, საკუთარ აზრს არავის სთავაზობს, რადგან თავი ყველაზე უმცროსად მიაჩნია; როცა რაიმეს ავალებენ, მზადაა სიხარულით შეასრულოს და ამბობს: „როგორც მაკურთხებთ“.
შენც ასე მოიქეცი, შვილო, რადგან ამ დროს ეშმაკები ძრწიან, შორს გარბიან და აღარ გეკარებიან. ყველაზე მეტად ის აშინებთ, როცა სიმდაბლეს, მორჩილებას და ყველას მიმართ სიყვარულს ხედავენ.

6. შვილო, შენი მოვალეობა შეასრულე. თუ არ გემორჩილებიან ძმები, ღმერთს მიანდე ისინი და დამშვიდდი. ეს ეშმაკის შურია, შვილო. სატანა მთებში ხომ არ წავა? იქ მიდის, სადაც გადარჩენისთვის იღვწიან. და რადგან ჩვენც სულის ცხონება გვსურს, ჩვენთვის გაუცნობიერებლად მას ჩვენშიც შემოაქვს არეულობა.
იტვირთე, შვილო, ძმების სიმძიმე, ღმერთი თითოეულს სამართლიანად მისცემს სანაცვლოს. მოვა დრო და ნახავ, რამდენს მოგაგებს უფალი მრავალი სულისთვის გაწეული შრომის სანაცვლოდ. ამ სოფელში იშრომე, ყველას დაეხმარე და ღვთის შეწევნა არასოდეს მოგაკლდება. ახლა თესავ; მკის დროც მოვა. ილოცე, რომ ღმერთმა მოთმინებასა და გულისხმისყოფაში განგამტკიცოს, განგანათლოს. მე მუდმივად ვლოცულობ შენთვის, მაგრამ ღვთის წინაშე კადნიერება არ მაქვს და ამიტომ ჩემი ლოცვა უნაყოფოა.
გაიხსენე, მამებმა რა დაითმინეს, სხვები რომ ეცხონებინათ. ეს პატარა ამბავი არ არის. შენ სხვებს ეხმარები, ეშმაკი შენზე იყრის ჯავრს და ამიტომაც გაჭირვებს. ასე რომ, მოთმინება და სიმამაცე გიძღოდეს წინ და თქვი: „ამ ბრძოლაში მოვკვდები, ჩემს ძმებს რომ შევეწიო ცხონების საქმეში. ღმერთი არ დაუშვებს დავიღუპო, რადგან ამას მისი სიყვარულისთვის ვაკეთებ“.
ასე მოიქეცი და ნახავ, როგორ ძალასა და სიხარულს შეიძენ ბრძოლაში. ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთმა სულის ძარღვი განგიმტკიცოს, რომ ახალი ძალით იბრძოლო.

7. სიყვარული იყოს თქვენი შემაკავშირებელი, რადგან სწორედ სიყვარულია დასაწყისი და დასასრული, ის არის საძირკველი. ღვთისა და ძმების სიყვარულზე „ყოველი სჯული და წინასწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მათ. 22, 40). სიყვარულის გარეშე ვართ „წინწილანი, რომელნი ხმობედ“ (1 კორ. 13, 1), ერთი უმრგვალესი ნული. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, თუკი სიყვარული არ გვაქვს, ჩვენი სხეული ცეცხლს რომ მივცეთ, ქონება მთლიანად დავარიგოთ და ცხოვრება ქრისტესთვის მკაცრ მოღვაწეობაში გავლიოთ, მაინც ვერაფერს მივაღწევთ. მაშასადამე, მთელი მონდომებით უნდა ვიზრუნოთ, რომ მტკიცედ შევინარჩუნოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, რათა გულთამხილავმა მოიწონოს ჩვენი მდაბალი საქმეები.

8. შვილო, მწერ ვიღაცაზე, ვინც გაგამწარა, შენ კი დაწყევლე. არა, შვილო, არავინ დაწყევლო, რა ბოროტებაც არ უნდა გაგიკეთოს. ქრისტე გვეუბნება, გვიყვარდეს ჩვენი მტრები. როგორღა უნდა ვთქვათ ბოროტი სიტყვა? ღვთისგან შენდობა ითხოვე და ამიერიდან ძმასავით შეიყვარე ის, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმები. განა ჯვარცმულმა ქრისტემ თავის ჯვარმცმელებს არ შეუნდო? როგორ შეიძლება ჩვენ სხვაგვარად მოვიქცეთ? დიახ, შვილო, ყველა უნდა გვიყვარდეს, თუნდაც მათ არ ვუყვარდეთ. ეს მათი საქმეა.

9. შვილო, ყოველთვის გაამართლე შენი ძმა, თავი კი განიკითხე და საკუთარი საქციელი არასოდეს გაამართლო. ისწავლე „შემინდე“ და ამით სიმდაბლე დაისადგურებს შენში. ძმის შეცდომების დათმენა და უგულებელყოფა რომ შეძლო, გაიხსენე უფლის სულგრძელობა შენი შეცდომების მიმართ. შეიყვარე ძმა ისე, როგორც იესოს უყვარხარ და როგორც გსურს, რომ სხვებს უყვარდე. დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.
საკუთარი ცოდვის გარდა ნურაფერზე იფიქრებ, მუდმივად დაიდანაშაულე თავი, რადგან ეს საუკეთესო გზაა.

10. გისურვებთ მეტ სულიერ სიჯანსაღეს, რადგან როცა სული ჯანმრთელია, გასაჭირში მოთმინება აქვს, ხორციელი სურვილების უარყოფაც შეუძლია და გულისსიტყვების უგულებელყოფაც. მას ვერც სნეულება აშინებს და ვერც თავმოყვარე გულისსიტყვები. როცა სული ჯანსაღია და სიყვარული აქვს, არ ჩხუბობს, ითმენს ძმის უხეშ სიტყვას, სხვის შეცდომებს არ ააშკარავებს, ყოველთვის შეუძლია ძმას კეთილი სიტყვა უთხრას; უთმობს და ამით გულისსიტყვებსა და მწუხარებას თავიდან იცილებს; არ მრისხანებს, არ დრტვინავს, არ ეპასუხება, არ ჭორაობს, არ ურჩობს, არ არის საკუთარ ნება-სურვილს აყოლილი. კიდევ ბევრი რამ მოაქვს სულის ჯანმრთელობას. ამ სიჯანსაღეს ვითხოვ თქვენგან, ამას გასწავლით და ამისთვის ვლოცულობ.


მოღვაწე ქრისტიანს

წერილი პირველი


11. მოუთმინე იმ პიროვნებას, რომლისგანაც წყენა და შფოთი მოდის, სიხარულით მოუთმინე. ყოველდღე ილოცე მისთვის. ყოველთვის ეცადე სიკეთე გაუკეთო, შეაქო, სიყვარულით ელაპარაკო და ღმერთი სასწაულს მოახდენს – გამოსწორდება. იდიდება ქრისტე და განსქდება ეშმაკი, რომელიც ყველა შფოთის მოთავეა. განსაკუთრებით აიძულე თავი, რომ არ იცრუო და არ განიკითხო. შენი კანონი იქნება დღეში ერთი სკვნილი და ერთი თვის განმავლობაში 10-10 მეტანია იმისთვის, ვისაც სძულხარ, რომ ღმერთმა გაანათლოს და სინანული მისცეს.
თუ ის პიროვნება შენ წინააღმდეგ რაიმეს მოიმოქმედებს, ყურადღება არ მიაქციო, მოითმინე. დაე, უსამართლოდ მოგეპყროს, შენ ნუ აწყენინებ; დაე, სილა გაგაწნას, შენ ნუ გაარტყამ; დაე, განგიკითხოს, შენ ნუ განიკითხავ. და როცა ასე მოიქცევი, შენს სულში ძე ღვთისა დამკვიდრდება მამასთან და სულიწმიდასთან ერთად. კეთილად იღვაწე, უგულებელყავი იმ პიროვნების საქციელი ისე, როგორც ქრისტე უგულებელყოფს შენს ცოდვებს.

წერილი მეორე


მახარებს ის, რომ თავს აიძულებ, შენი ქცევით სძლიო იმ ადამიანს, რომელიც ასე გდევნის. ჰო, შვილო, სიყვარული ყველაფერს სძლევს. ეცადე მიაღწიო სიყვარულს, სიმდაბლეს, სიწმინდეს. ერთი სკვნილი ყოველთვის შეასრულე მისთვის და ქრისტე გაანათლებს. ყველა ბოროტებას ეშმაკი აკეთებს და როცა ქრისტე მას განდევნის, მაშინ შენი მაჭირვებელი კრავად იქცევა.

12. შენს ძმას ყველაფერში უპირატესობა მიანიჭე. სხვების მიმართ პატივისცემა გქონდეს და ამით გამოირჩეოდე. ღვთის გულისთვის, ნუ ჩხუბობ და ნუ განიკითხავ. ეს მონაზვნის კი არა, ღვთისგან შორს მყოფი ერისკაცის საქციელია. შენ ღმერთს მიუძღვენი თავი. რაც ღვთის ნებაა, ის გააკეთე და მან წარმართოს შენი ურთიერთობა სხვებთან.
როცა ჩხუბობ, უნდა იცოდე, რომ მაშინ ეშმაკის ნებას ასრულებ და ღმერთს ძალიან ამწუხრებ. შენი შემყურე ანგელოზები კი დანაღვლიანებულები ამბობენ: „რა მოუვიდა, რატომ ჩხუბობს? ღვთის მცნებაზე, სიყვარულზე რატომ არ ფიქრობს?“ ხოლო როცა ქრისტეს სიყვარულისთვის თავდადებას ხედავენ, უხარიათ და ადიდებენ ღმერთს, რომელიც ეშმაკის დასამარცხებლად ადამიანს მადლს ანიჭებს.

13. გევედრები, შვილო, თავი აიძულე გიყვარდეს ძმა. სიყვარულის გარეშე მონაზონი სულიერად მკვდარია. ნუ განიკითხავ, ნუ ილაპარაკებ იმაზე, რაც ზედმეტი, უვარგისი, ზიანის მომტანი და მონაზვნებისთვის შეუფერებელია.
შვილო, რისთვის დატოვე ეს სოფელი? არა იმისთვის, რომ განწმენდილიყავი? არა ჭეშმარიტი ღვთისმიერი სიყვარულის მოსაპოვებლად? ხოლო როცა ბედს უჩივი და შენზე უპირატესებს განიკითხავ, ნუთუ ეს სოფლისგან განშორების მიზანს ემსახურება? როდემდე გაახარებ ეშმაკს და არ დაუდებ სათავეს სინანულსა და გამოსწორებას? დრო გადის და აღსასრული გვიახლოვდება. ახლა ვაიძულოთ თავი; ახლა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. მოგვიანებით კი უსარგებლოდ წავიშენთ თავში ხელს.

14. წმინდა ნათლისღების წინასადღესასწაულო დღეებია. რა წყალობაა! შიშველი შედის იორდანეში! ვინ? დაუსაბამო მამის სიტყვა, რომელმაც დასაბამისას თქვა: „იქმენინ" (დაბ. 1, 3) და აჰა, ყველაფერი მის წინაშე წარდგა! შიშველია, რომ ჩვენ, განშიშვლებულებს, ძეობა მოგვანიჭოს.
იორდანემ უხილავი – ხილულად, უხორცო – ხორცშესხმული იხილა, შეძრწუნდა და თავისი დინება უკუაქცია! იოანე ნათლისმცემელი კი თავზარდაცემული ამბობს: როგორ მონათლოს მონამ მეუფე, როგორ გაანათლოს ლამპარმა ნათელი? რომელი ნათელი? ის ნეტარი, სამმზე ნათელი, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოან. 1, 9).
დაუსაბამო მამა მოწმობს, რომ ის, ქრისტე, არის დაუსაბამო ძე, ხოლო მტრედის სახით გარდამოსული და იესოს უხრწნელ თავზე დადგრომილი სულიწმიდა სიტყვის გაცხადებას ადასტურებს.
ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიანი! იგი წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თვისისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ“ (ეს. 49, 15). „უკუეთუ [უწინ], მტერ რა. ვიყვენით [ღმრთისა], დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა, რავდენ უფროის აწ, და-რაი-ვეგენით, ვცხონდით მაცხოვარებითა მისითა“ (რომ. 5, 10).
როგორ ანუგეშებს პავლე მოციქულის ზემოთ მოყვანილი სიტყვები სულს, რომელმაც ახლახან შეინანა. ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.
როდესაც წმინდა ანდრია, ქრისტესთვის სალოსი, კონსტანტინეპოლში სალოსობდა, ერთ ღვთისმოშიშ ქალს სულიერი თვალი აეხილა და ნეტარი ანდრია მზეზე უფრო გაბრწყინებული იხილა. ხალხს ის სძულდა, სცემდნენ და აფურთხებდნენ, ეშმაკები კი ხარობდნენ, რომ უფლის წმინდანის ცემისა და ტანჯვისთვის ამ ადამიანებს სიკვდილის ჟამს განიკითხავდნენ! წმინდა ანდრია დემონებს ეუბნებოდა: „არა, მე ღმერთს ვევედრე, ეს საქციელი ცოდვად არ ჩაეთვალოს მათ, ვინც მირტყამს და მაწვალებს!“
მაშინ ბარბარემ დაინახა – ასე ერქვა იმ ქალს – ცა გაიხსნა და უზარმაზარი მტრედი ჩამოფრინდა, რომელსაც ნისკარტით ყვავილი მოჰქონდა. ის ნეტარი ანდრიას თავზე დაეშვა და უთხრა: „მიიღე ეს ყვავილი, რომელსაც ზეციერი მამა გიგზავნის, რადგან მოწყალე ხარ შენი მტანჯველების მიმართ ისევე, როგორც უფალია მოწყალე“. მტრედის გარშემო ურიცხვი, სხვადასხვაგვარი ფრინველი ზეციურ საგალობლებს გალობდა ქრისტესთვის მრავალტანჯული ნეტარი სულის გასამხიარულებლად!
ცოტა ხანში ქალი გონს მოეგო. ნეტარი ანდრია ბარბარეს მიუახლოვდა, სულით განჭვრიტა მისი ხილვის შესახებ და უთხრა: „ბარბარე, შეინახე საიდუმლო, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ „ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა“ (ფსალმ. 41, 4) მივალ.
მოწყალე სული ღმერთს ემსგავსება და მის მიმართ დიდ კადნიერებას იძენს!
დაე, ღმერთმა თანამგრძნობი, მოწყალე გული მოგვმადლოს, რომ ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ ღია დაგვხვდეს წყალობით, თანაგრძნობითა და სიყვარულით აღსავსე ღვთიური წიაღი! ამინ. იყავნ!

15. ჩვენ მოვალე ვართ ზეცათა მეუფეს მივემსგავსოთ, რომელიც სწყალობს და შეუნდობს ყველას და მთელი გულით მივუტევოთ მათ, ვინც ჩვენ მიმართ სცოდავს. როგორც ბავშვი ემსგავსება ნაკვთებით მშობლებს, ისე ჩვენც – სულიერი ნიშან-თვისებებით ჩვენს წმინდა მამას, ღმერთს უნდა დავემსგავსოთ.
მოდით, ჩვენი მაჭირვებლების მიმართ მოთმინება ვიქონიოთ, რადგან ქრისტეც ცოდვილთა მხრიდან მრავალ ყვედრებას ითმენდა ჩვენი სიყვარულისთვის.

16. დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკეთეთა მემკვიდრეები ვერ გავხდებოდით. მაშ, რაც შეგვიძლია, ვაკეთოთ. საქმეს დაასრულებს უფალი, რომელსაც სრულყოფის ძალა აქვს.
გაიხსენეთ, როგორ იღვწოდნენ პირველი ქრისტიანები კატაკომბების ხანაში. როდესაც მათ ქრისტიანული მოვალეობა მოუწოდებდა, როგორი თავდადებით და სიყვარულით სწირავდნენ მსხვერპლად ყველაფერს, რაც უყვარდათ, რაც ბუნებამ მიჰმადლა. ბოლოს კი ამ მსხვერპლს საუკუნო დიდება მოჰქონდა.
ეჰ, ჩვენ არ ვართ ღირსნი და საუბედუროდ, მცირედმორწმუნეობის გამო ყველაფერს ვკარგავთ (მცირედმორწმუნეთაგან პირველი მე ვარ), მაგრამ ღვთის მოწყალების იმედი გვაქვს, რომ გაგვაძლიერებს, რომ ჩვენც, ჩვენდა სანუგეშოდ, ერთი პატარა ჯვრის ტარება სიმდაბლით შევძლოთ.

17. შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 35).
რა არის ძმების სიყვარულზე მშვენიერი? მაგრამ ღვარძლის მთესველი ბოროტი თავისი მზაკვრობით ფარულად თესავს ღვარძლის თესლს და ამგვარად შუღლს, შურსა და გულგრილობას ვიმკით.
ამიტომ იფხიზლე, შვილო. ძვირფას დროს ცვალებად ფიქრებში ნუ ფლანგავ, რომ მომავალ უფალს ხელცარიელი არ დავხვდეთ და მშვენიერი სასუფევლის გარეთ არ აღმოვჩნდეთ.
დამდაბლდი. მუდამ დაიდანაშაულე თავი. თავს ნუ იმართლებ, შეცდომა საკუთარ თავს დააბრალე.

18. ერთმანეთისადმი სიყვარული შეინარჩუნეთ და ეს იქნება უტყუარი ნიშანი, რომ ღმერთი გიყვართ. გულს ნუ სტკენთ ერთმანეთს, ეს შეუფერებელი საქციელია მათთვის, ვინც ღმერთმა შეიწყალა, ვინც სოფელი დატოვა და ძაძებით შეიმოსა. ნუ ამწუხრებთ სულიწმიდას უჯერო გულისსიტყვებით, შურითა და გულგრილობით. შვილებო, ღვთის მცნების თანახმად, გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც ცეცხლს, ისე გაექეცით ძმების მიმართ გულგრილობას, რომ სულიწმიდის მხურვალება შეინარჩუნოთ. იზრუნეთ ცხოველმყოფელ უფლისმიერ სიყვარულზე, რომ თქვენი სულის გონიერი ხატი გაბრწყინდეს და ჩვენთან მოახლოებული ანგელოზები გაახაროთ. „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისა" (1 კორ. 6, 20).

19. ნეტარია, ვინც ძმის სიტყვას დუმილით ითმენს და ფრთხილობს, რომ სიძულვილის, განკითხვისა და ძვირისხსენებისგან დაიცვას სული. იგი ემსგავსება ქრისტეს, ადამიანებისგან ეშმაკებს რომ განდევნიდა, ებრაელები კი მას განიკითხავდნენ:
„მთავრითა ეშმაკთაითა განასხამს ეშმაკთა" (მათ. 9, 34) და ეუბნებოდნენ „ეშმაკეულ ხარ“ (იოან. 8, 52), ვინ მოგისმენს შენ?" (იოან. 10, 20)
ხედავ, შვილო, ქრისტესაც ამას ეუბნებოდნენ. ამიტომ ნუ დარდობ. თუ მოითმენ, დამდაბლდები და იტყვი: „ნამდვილად ბევრი ეშმაკი მყავს, რადგან თითოეული ვნება ეშმაკია და რასაც ჩემი ძმა მეუბნება, ისეთი ვარ და იმაზე უარესიც“, თუ შეეცდები გიყვარდეს და დაემორჩილო ძმას, დადგება დღე, როცა გათავისუფლდები ვნებებისგან, შენს გულში ქრისტე გამეფდება და ღვთის ფასდაუდებელ მშვიდობას მოგანიჭებს.

20. მაცხონებელ სიყვარულს უმნიშვნელო მიზეზთა გამო ნუ მოსპობთ. ერთმანეთის მიმართ ეჭვიანები ნუ იქნებით და ისეთ შინაგან მდგომარეობას ნუ შეიქმნით, რომელიც სულიერად განგხრწნით. ღვთის სასჯელის გეშინოდეთ. ვაი მას, ვისგანაც საცდური მოდის.
თავს ნუ იმართლებთ. ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და დიდ სულიერ სარგებელს ნახავთ. ხოლო თუ თავს გაიმართლებთ და განიკითხავთ გვერდით მყოფ ძმას, დარდი და მწუხარება – მცნების დარღვევის სასყიდელი – არასოდეს მოგაკლდებათ.
მონაზონი თავისბრალობის გარეშე ერთი გროშიც არ ღირს, შესაბამისად, წარმატებასაც ვერასოდეს მიაღწევს.
რასაც მოძღვარი გეუბნებათ, ღვთის ნებად მიიჩნიეთ. ჩათვალეთ, რომ მისი პირით უფალი გელაპარაკებათ და ქრისტესთვის სასურველ მორჩილებას მხოლოდ მაშინ აღასრულებთ.

21. უფალი შფოთის ამტეხს საუკუნო ცეცხლს მიუსჯის. გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, არა ხელოვნურად და ზედაპირულად, არამედ სულიერი სიღრმით. წმინდა მაგალითი ქრისტესი, რომელმაც ასე ძლიერ შეგვიყვარა, ჩვენთვის წმინდა მიზეზად უნდა იქცეს, რომ მის მსგავსად შევიყვაროთ ერთმანეთი.
5 თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ვცხონდებით, თუკი ძირითად სათნოებას – სიყვარულს დაუდევრად ვეპყრობით. თუ ქრისტეს წრფელი სიყვარულით არ გამოვირჩევით, ამაოდ ვირჯებით, შესაბამისად, გადარჩენის ყოველგვარ იმედსაც ვკარგავთ.

22. უფლისმიერო ძმაო..., შენს შეკითხვაზე – უნდა გამოვასწოროთ უმადური, უსამართლო მოყვასი, თუ სასყიდლის გამო მოვითმინოთ, გპასუხობ: თუ თვლი, რომ შენი დარიგება და მითითება ძმისთვის სასარგებლოა, ამის გაკეთება გვმართებს. უდიდესი სათნოების – სიყვარულის – აღსრულებით საკუთარ სარგებელს ძმისა უნდა ვამჯობინოთ. ხოლო თუ თვლი, რომ დარიგება ყოვლად უსარგებლო იქნება, მაშინ საკუთარი სარგებლის არჩევით დაითმინე უმადურობა და უსამართლობა.

23. მოთმინებითა და მადლიერებით შეასრულე შენი მორჩილების საქმე, იფიქრე, რომ ანგელოზებს ემსახურები და არა ადამიანებს.
ძმებს სიყვარულით ემსახურე. ეცადე გული არ ატკინო ძმას, რომ შენმა სულმა ღვთის წინაშე კადნიერება არ დაკარგოს. ქრისტეს სიყვარულისთვის მონასავით ემსახურე მას. საკუთარი თავი ყველა ძმაზე დაბლა დააყენე, დამდაბლდი და ნახავ, დიდების უფალი რა მადლს მოგანიჭებს.

24. ძმისადმი ნამდვილი სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ არ განვიკითხავთ მათ, არ ვადანაშაულებთ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს საკუთარივით უგულებელვყოფთ, ყოველთვის ვამართლებთ და გამუდმებით განვიკითხავთ თავს, არ გვშურს, არ გვახარებს მათი შეცდომები, არამედ მათი სიკეთე, წარმატება გვიხარია, ვმხიარულობთ და ვლოცულობთ მათთვის. ზემოთქმულისა და კიდევ სხვა მოწმობებიდან ჩანს ძმების მიმართ ჩვენი ნამდვილი სიყვარული. ასეთ დროს ჭეშმარიტად სასიამოვნოა ძმებთან ერთად ცხოვრება.
ასე რომ, შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღვთის შვილებად გაქცევთ, რადგან „ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა“ (1 იოან. 4, 16).
მაგრამ ამ გასაოცარი სიყვარულის შესაძენად მუდმივად უნდა მოვუხმოთ სიყვარულის ღმერთს, რომ მოგვმადლოს იგი.
ლოცვაში წარმოთქმული ღვთის სახელი, „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, საუკუნო ცხოვრებას მოიცავს, საუკუნო ცხოვრება კი სიყვარულის ღმერთია! მაშასადამე, ამ ლოცვით მლოცველი ნამდვილ და ღვთისმიერ სიყვარულს მოიპოვებს.
ასე რომ, წინ გასწიეთ! ეს არის სიყვარულის მოხვეჭის გზა და საშუალება. გამხნევდით და თამამად ჩაებით ბრძოლაში. მუდმივად იმეორეთ იესოს ლოცვა ბაგითა და გონებით. დღისით კი, შრომის დროს, გონების გაფანტულობისგან დასაცავად ხმამაღლა ლოცვა უფრო სასარგებლოა.
 
თემატური კითხვები
0