წმ. იოანე კრონშტადტელი - განსაცდელები
წმ. იოანე კრონშტადტელი

თემა: განსაცდელები

როგორც დედა ასწავლის ჩვილს სიარულს, ღმერთიც სწორედ ასე გვასწავლის თავის ცოცხალ სარწმუნოებას. დააყენებს დედა პატარას, მიანებებს თავს, მოშორდება და ეტყვის: შენით გაიარეო. ტირის ჩვილი, იწევს დედისკენ მაგრამ ვერ მიდის, ფეხის დადგმისა ეშინია, მაინც ბედავს, გადაადგამს ნაბიჯს, ეცემა. უფალიც ასე წვრთნის ქრისტიანს, ზუსტად ისეთივე უმწეოა ჩვენი სარწმუნოება თავიდან, როგორც ჩვილი სიარულისას. ტოვებს მას ღმერთი თავის შემწეობის გარეშე, ეშმაკის ხელს გადასცემს, ათასნაირ გასაჭირსა და განსაცდელში აგდებს და მერე, როცა უკიდურესად მძიმე ხდება განსაცდელი (სანამ არ გვადგას გასაჭირი არც ვაპირებთ ღვთისკენ "სიარულს", უფალი თითქოსდა თავად აწყობს ყველაფერს ისე, რომ უსათუოდ მას უყურო, მისკენ წახვიდე, მისგან ითხოვო შველა,) უხშირებს ქრისტიანი გამჩენისაკენ სიარულს, აღებს გულის თვალს (როგორც ჩვილი ბედავს ფეხის გადადგმას) ცდილობს, დაინახოს ღმერთი გულის თვალით, მაგრამ სანამ არაა გული ღვთის ჭვრეტას ნაჩვევი, ეშინია მხნეობის მოკრებისაც კი, ბორძიკებს, ვარდება; მტერი და თანდაყოლილი სიბრმავე (ანუ ცოდვა) ღვთის დასანახად გაფაციცებულ გულის თვალს უხურავს, რომ ღმერთს მოაშოროს და ჯობნის კიდეც მას, ადამიანი ვეღარ მიდის. არადა ღმერთი იქვეა და მზადაა კიდეც აიტაცოს კაცი ხელში, ოღონდაც კი სარწმუნოება ნახოს მომავალისა და თუ თავს ძალას კიდევ დაატან და ეცდები მთლიანად გაახილო შენი გული რწმენის თვალით, გამჩენის მზერას ხვდება შენი მზერა, თავად ღმერთი გიწვდის შემწეობის ხელს, თითქოს ხელში აყავხარ, აქეთ-იქით ისვრის შენს მტრებს და გრძნობს ქრისტიანი - მაცხოვარსა ჰყავს მირქმული. დიდება სიკეთესა და სიბრძნეს შენსას, უფალო! ასე რომ, ეშმაკის შემოტევისას, ყველანაირ გასაჭირში, გულის თვალით, ცოცხლად უნდა დაინახო წიაღი კაცთმოყვარე მაცხოვრისა. გაბედულად შეიხედე ამ წიაღში, დაულევნელი საგანძურისა, წყალობის, სიკეთის წიაღად იგულე, ილოცე მთელი გულით, რომ შენც გერგოს წილად ამ გამოუთქმელი წყაროს სიკეთე, სულიერი შემწეობა და იმ წამსვე მოგეცემა, რასაც ითხოვ. მთავარია: რწმენა, ანუ გულით ხედვა ღვთისა, იმედი რომ მიიღებ ყოვლად კეთილისგან ყველაფერს. ჭეშმარიტად, ნამდვილად ასეა! გამოცდილებისგან ვამბობ ამასაც. ამით უფალი იმასაც გვანახებს, თუ რა უსუსურია, რა უკიდურესად უსუსურია ჩვენი ზნეობა ღვთის გარეშე, შევიმუსროთ გული, სულს მუდმივად ლოცვა უნდა სწყუროდეს.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები