წმ. მაკარი ეგვიპტელი

მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი

მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, რაკი მისი გამეფება სურთ, რამეთუ ამ დროს ყველანაირ სამეფო შესამოსელს უძღვნიან მას, რათა თხემით ტერფამდე ერთიანად მეფურად იყოს შემოსილი. ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი მისი ბუნება და სრული არსება შებილწა, სრული ადამიანი დაატყვევა თავისი წყვდიადის სამეფოში, ისე, რომ მცირედი ნაწილიც კი არ დატოვა მასში თავისუფალი – არც ზრახვა–გულისთქმები, არც გონება, არც სხეული, ანუ მთლიანად შემოსა ადამიანი წყვდიადის „ძოწეულით“, და როგორადაც სხეულში რაიმე სენის დაბუდების ჟამს მისი მხოლოდ ერთი რომელიმე ნაწილი კი არ ევნება, არამედ მთელი ადამიანის არსება იტანჯვის, ასევე სულიც მთლიანად ევნო და მოიწყლა მანკიერებისა და ცოდვის უძლურებათაგან. ასე რომ, მზაკვარმა ეშმაკმა ადამიანის სრული სული – ადამიანის არსების ეს უმთავრესი ნაწილი – შემოსა თავისმიერი ბოროტებით, ანუ ცოდვით, და ადამიანიც ასე შეიქნა სხეულითაც ვნებებს დაქვემდებარებულ, გახრწნად და მოკვდავ არსებად.
 
თემატური კითხვები
6