ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
606. ერთმა ძმამ წმინდა ბერს, აბბა ბარსანუფის, ჰკითხა: ჩემო მამაო, არ ვიცი, როგორ გამიტაცა ორიგენეს, დიდიმეს, ევაგრეს და მისი მოწაფეების გნოსტიკურმა თხზულებებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანთა სულები სხეულთან ერთად არ შექმნილა, არამედ მანამდე (მარტივი) გონებები ანუ უსხეულონი იყვნენ; მსგავსად ამისა, ანგელოზები და დემონებიც მარტივი გონებები იყვნენო. მაგრამ დაეცნენ რა დანაშაულით, ადამიანებს ამ სხეულში ცხოვრება მიუსაჯეს, ხოლო ანგელოზები, დაიცვეს რა საკუთარი თავი, ანგელოზები გახდნენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც წერენ ამის მსგავსს, რომ მაგალითად, მომავალი სატანჯველები დასრულდება და ადამიანები, ანგელოზები და დემონები კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ანუ მარტივი გონებები გახდებიან და ამას ისინი (ერეტიკოსები) აღდგენას ეძახიან. მე არ ვიცი ჭეშმარიტია ეს თუ არა, ჩემი სული გაორებულია და ეჭვებითაა დამწუხრებული; ამიტომ გთხოვ მეუფეო, დამანახე ჭეშმარიტება, რომ მას მოვეჭიდო და არ დავიღუპო. რამეთუ ღვთაებრივ წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თვით ორიგენე, განმარტავს რა ტიტესადმი ეპისტოლეს, ამტკიცებს, რომ არც სამოციქულო და არც საეკლესიო გადმოცემა სხეულის შექმნამდე სულის არსებობის შესახებ არაფერს ამბობს და ამიტომ ორიგენე ერეტიკოსად მიიჩნევს მას, ვინც ამას აღიარებს. მაგრამ ევაგრეც თავის იმ ნაწერებში, რომელთაც გნოსტიკურს ვუწოდებთ, ამოწმებს, ეს ჩვენთვის არავის უცნობებია და თვით სულიწმიდასაც არ განუცხადებიაო. ე.წ. გნოსტიკური თავების მეორე ასეულში, 64-ე მუხლში, ის წერს: „პირველის შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხოლო მეორის თაობაზე იმან გვითხრა, ვინც ქორების მთასთან მეტყველებდაო“. და კვლავ იმავე ასეულის 69-ე მუხლში ამბობს: „სულიწმიდას ჩვენთვის არც გონიერი არსებების პირვანდელი დაყოფის და არც სხეულების პირველყოფილი არსებობის შესახებ არაფერი განუცხადებიაო“. ხოლო ის, რომ არც აღდგინება იქნება და არც ტანჯვა დასრულდება, თავად უფალმა გაგვიცხადა სახარებაში, როდესაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25, 46), და კიდევ: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 43). მაშ, საიდან აიღეს მათ ეს მეუფეო, როდესაც არც მოციქულებს გადმოუციათ ის ჩვენთვის, არც სულიწმიდას გაუცხადებია (როგოც თავადვე ამოწმებენ) და სახარებაშიც პირიქითაა ნათქვამი. შენი გულკეთილობით, ჩემო მამაო, წყალობით მოხედე ჩემს უძლურებას და მითხარი: როგორია ეს სწავლება?
ძმაო, ვაი და ვარამი ჩვენს მოდგმას! რა მივატოვეთ და რას ვიკვლევთ, რას ვეძიებთ და რაზე ვბორძიკობთ! სიმართლის გზები მივატოვეთ და ბნელი გზით მოვისურვეთ სვლა, რათა წერილის სიტყვა ჩვენზეც აღსრულდეს: „ვაი სწორი გზის დამტოვებლებს, ბნელი გზით რომ სურთ სიარული“ (იგავ. 2, 13). ძმაო, მე ჭეშმარიტად საკუთარ თავზე გლოვა მივატოვე და შენზე ვტირი; ეს რაში ჩავარდი?! ჩემს ცოდვებზე ტირილს მოვეშვი და შენზე, როგორც ჩემს შვილზე, ვგლოვობ. ცანი შეძრწუნებულნი არიან, რაზე ცნობისმოყვარეობენ ადამიანები! მიწა იძვრის, როგორ მოისურვეს მათ მიუწვდომელის გამოკვლევა! ეს წარმართული დოგმატებია. ეს იმ ადამიანთა ფუჭმეტყველებაა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ეს უსაქმურ ადამიანთა სიტყვებია. ეს ხიბლის წარმონაქმნია, რამეთუ ნათქვამია: „იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1, 22). თუ შეცნობა გსურს, დაუკვირდი: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). როგორია მათი ნაყოფები? ქედმაღლობა, დამცირება, უღონობა, სიზარმაცე, შებრკოლება, რჯულისაგან, ან უკეთესად თუ ვიტყვით, სჯულისმდებელი ღვთისაგან გაუცხოვება. ისინი დემონთა და ეშმაკთა მთავრის საცხოვრისნი არიან. ვისაც მათი სწამს, მათ შეხედულებებს ის სიბნელემდე მიჰყავს და არა სინათლემდე. ისინი ღვთის შიშს კი არ აღძრავენ, არამედ უფრო ეშმაკისეულ წარმატებას უწყობენ ხელს. მათ ჭაობიდან კი არ ამოვყავართ, არამედ უფრო გვძირავენ მასში. შინაარსით ეს ის ღვარძლია, რომელიც მტერმა დათესა სახლის უფალის ყანაში. ეს ის ეკლებია, რომლებიც ღვთისაგან დაწყევლილ მიწაზე ამოიზარდა. ისინი სრულიად ცრუნი, სრულიად ბნელნი, სრულიად მოხიბლულნი და ღვთისაგან მყარად გაუცხოებულნი არიან. გაექეცი მათ, ძმაო, რომ მათი სწავლება შენს გულში არ გამყარდეს. ისინი ცრემლებს აშრობენ, გულს აბრმავებენ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უსმენენ, სრულიად ღუპავენ. ნუ შეჩერდები და ნუ ფიქრობ მათზე; ისინი სიმწარით არიან აღსავსე და სიკვდილის ნაყოფები მოაქვთ. რაც შეეხება მომავლის ცოდნას, ნუ გებნევა გზა, რასაც აქ დასთეს, იქ იმას მოიმკი (გალ. 6, 7). აქედან გასვლის შემდეგ, ვერავინ წარემატება. განა სირთულეს წარმოადგენს ღვთისათვის, ადამიანის სხეულთან ერთად, მისი სულიც რომ შექმნას? ზეციურ ხარისხებზე მსჯელობისას კი ღვთაებრივმა წერილმა, ყველა ადამიანს პირი დაუყო, როდესაც თქვა: „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს და დაადგინა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალ. 148, 5-6). ხოლო, რაც ღმერთმა დაადგინა, იცვლება კი ის? მასში, წერილის თანახმად: „არა არს ცვალება“ (იაკ. 1, 17). სად მიაგენი, რომ რომელიმე ანგელოზმა საკუთარი მცდელობით წარმატებას მიაღწია? ძმაო, აქ საქმიანობაა, იქ საზღაურია; აქ ღვაწლია, იქ გვირგვინებია. ძმაო, თუ ცხონება გსურს, ნუ გამოეკიდები ამ სწავლებას, რამეთუ ღვთის წინაშე გიმოწმებ, რომ შენ ეშმაკის ორმოში და დაღუპვის უკიდურეს საფრთხეში ჩავარდი. ამიტომ, განუდექი მას და წმინდა მამებს შეუდექი. შეიძინე სიმდაბლე და მორჩილება, გლოვა, მოღვაწეობა, უპოვარება, თავის არაფრად შერაცხვა და ის, რასაც მამების სიტყვებსა და ცხოვრებაში პოულობ. მაშ: „ყავ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი“ (მათე 3, 8), მე კი ნუ მიყურებ, რადგან ვამბობ და არ ვასრულებ, არამედ ილოცე, რომ ოდესღაც მეც ჭეშმარიტების შეცნობას მივაღწიო და წმინდა სამება ვადიდო, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
image image
 


29 ივნისს (ახალი სტილით: 12 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28