ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა: განსჯა
ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია – "ვერ მოგართვის" მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა – ნიჭი ადამიანისა ბინადრობს, ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს, რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს, მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყენებს ყოველს – გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს, იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დათხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო.