ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დიდი მარხვა
წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და მოსაქცევლად, ძმაო ჩემო. ყოველსა მისსა საუნჯესა, ძველსა და ახალსა, ახლა გამოიტანს წმიდა ეკლესია და გაგიფენს შენ. ახლა განამრავლებს იგი უმეტესად კითხვასა საღმრთოთა ფსალმუნთა; ახლა აღმოკრეფავს წინასწარმეტყველთაგან უმჯობესთა კეთილ-სულოვანთა ყვავილთა; ახლა გიქადაგებს იგი ბაგითა სოლომონ ბრძენისა და ისუ ზირაქესათა და ყოველთა წინასწარმეტყველთასა; ერთი სიტყვით, რაც კი აქვს წმიდასა ეკლესიასა უმჯობესი, ყოველი დაიმარხა აწინდელთა დღეთათვის. დაუგდე ყური საღმრთოთა ამათ სიტყვათა. გააღე კარი გულისა შენისა და მიუშვი მადლი საღმრთოისა ქადაგებისა; აწვე არს ჟამი განღვიძებად ძილისაგან აწ უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება.