ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმვალობასა შინა დიდისა მარხვისასა.
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ცვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე, რომ გვირგვინები მოიხვეჭო ღვაწლის ამ სარბიელზე. მეტად ქველი უნდა გახდე.მკერდით უნდა აღუდგე ამ უხორცოებს. ნუ შეგეშინდება მათი
დრო არს, ძმაო, გაიღვიძო ძილისაგან შენისა; ისარგებლე საღმრთოითა ამით ჟამითა (დიდმარხვა), თუ ახლაც უდებ იქმენ, თუ ახლაც უსარგებლოთ დარჩა შენთვის ესოდენი შეგონება, სწავლა, ქადაგება, რაღა მოგაქცევს შენ და ვინღა შეგაგონებს, ვერაოდეს ვერსად ვერ გაიგონებ შენ ესრეთ ტკბილსა და ლმობიერსა სიტყვათა, როგორითაც გეტყვის შენ წმიდა ანდრია კრიტელი (იგულისხმება დიდმარხვის დროს საკითხავი წმ. ანდრია კრიტელის კანონი). არ შეიძლება უჯობესად შეგონება კაცისა! სწორედ სულმან წმიდამან გაანათლა ანდრია საღმრთო, თორემ კაცის ენა ვერ წარმოსთქვამდა ესოდენსა მადლსა. რაოდენსა საღმრთოსა სახესა წინა დაგიდებს იგი! რაოდენსა მაგალითსა მოგიყვანს! რაოდნსა საკვირველსა ჰაზრსა შეგაგონებს! ქვეყნის დასაბამიდან ვიდრე უკანასკნელ დღეთადმე რაიცა რამ იყო წმიდა მაგალითი, ყოველსა აღწერს იგი შენთვის! ამის მეტი სხვა არაფერი განსხვავება რომ არ იყოს დიდმარხვის ლოცვებში, მარტო ეს იქმნებოდა საკმაო შენდა განღვიძებად ძილისაგან ცოდვათასა.
წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და მოსაქცევლად, ძმაო ჩემო. ყოველსა მისსა საუნჯესა, ძველსა და ახალსა, ახლა გამოიტანს წმიდა ეკლესია და გაგიფენს შენ. ახლა განამრავლებს იგი უმეტესად კითხვასა საღმრთოთა ფსალმუნთა; ახლა აღმოკრეფავს წინასწარმეტყველთაგან უმჯობესთა კეთილ-სულოვანთა ყვავილთა; ახლა გიქადაგებს იგი ბაგითა სოლომონ ბრძენისა და ისუ ზირაქესათა და ყოველთა წინასწარმეტყველთასა; ერთი სიტყვით, რაც კი აქვს წმიდასა ეკლესიასა უმჯობესი, ყოველი დაიმარხა აწინდელთა დღეთათვის. დაუგდე ყური საღმრთოთა ამათ სიტყვათა. გააღე კარი გულისა შენისა და მიუშვი მადლი საღმრთოისა ქადაგებისა; აწვე არს ჟამი განღვიძებად ძილისაგან აწ უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება.