ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: დიდი მარხვა
აჰა, ვითარსა საღმრთოსა ტაბლასა დაგიგებს შენ წმიდა ეკლესია დღეთა ამათ შინა (იგულისხმება დიდი მარხვა). აჰა, რაოდენნი და ვითარნი მქადაგებელნი წარმოგიდგებიან შენ. განიღვიძე უკვე! ვიდრემდის უნდა გეძინოს შენ, ვიდრემდის უნდა გამოსცადო სულგრძელება და მოთმინება მამისა შენისა ზეციერისა. საკმაო არს ესოდენი ძილი, უკეთუ არა, იგი გადიქცევა სიკვდილად. "განიბანენით, წმიდა იქმენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა, ისწავეთ კეთილისა ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი" - ესრეთ გვეტყვის თვით ღმერთი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა. სულო ჩემო! სულო ჩემო! აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს! ესრეთ ხმოდე ნეტარის ანდრიასა თანა შენცა, ჰოი, კაცნო. ამინ.