ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რჯულის კანონები
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ამტკიცებს, რომ ცხონება უადვილესად და ყოველი კაცის შესაძლებელად შეიქმნა ქრისტე იესოს სარწმუნოების საშუალებით. ნუ იტყვი შენს გულში, ესე იგი, ნუ იფიქრებ გულში, რომ ძნელი რაიმე იყოს იესო ქრისტეს სარწმუნოება, ანუ მისი სარწმუნოებით გამართლება. იესო ქრისტეს სარწმუნოება ადვილი არის, წინააღმდეგ სჯულის შესრულებისა, რომელიც შესაძლებელი არ არის. რა იქნება იმაზედ უადვილესი, რომ პირითა შენითა აღიარო და გულითა გწამდეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომილი და მით სცხონდე. გულითადი სარწმუნოება გაგვამართლებს, პირითა აღსარება (აღიარება) გვაცხოვნებს. ამ სახით გაგვიადვილა უფალმან იესო ქრისტემან ცხონება.