ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის, შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტესად უნდა მიაქციო მეორე მხარეს და იგი აღასრულო უბეჯითესად.
თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში და მორიდება ექმნება, მაშასადამე იგი დაჰკარგავს კაცობრიობას და ემსგავსება პირუტყვს.
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, რომ წმიდამან ეკლესიამან აღამაღოს ხმა თვისი და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ ყოველთა ქრისტეს მოყვარეთა, ხოლო ყოველნი წინააღმდეგნი და განდრეკილნი ზარ-განხადოს საშინელითა ანათემითა. ამას ასრულებს კრება წმიდისა ეკლესიისა.
წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულსა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ესე იგი, უარვყოფთ მათ და განვაძებთ ეკლესიის კრებულისაგან.
ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი სხვა ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებსა ზედა; ეკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა სოფლის საგანთა, ეკლესია არ გაერევა ამაში, სრულს თავისუფლებას გაძლევს შენ; გარნა შესახებ საღმრთო სჯულის სწავლისა ეკლესია ვერ მოითმენს, რომ განასხვაო იგი, მისთვის რომელ იგი არ არის მოგონებული შენგან, ანუ ჩემგან; გუშინ ანუ გუშინწინ არ არის გამოცხადებული, არამედ თვით ღმერთმან გამოგვიცხადა იგი დასაბამითგან და ჩვენი საუკუნო ნეტარება არის დამოკიდებული მას ზედა.
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი სჯული გაუქმდა, მან დაკარგა თვისი ძალა. ძველი სჯულის წესებს მხოლოდ მით ჰქონდათ მადლი და ძალი განმართლებისა, რომ ისინი მოასწავებდნენ, უჩვენებდნენ ქრისტე იესოს ჯვარცმასა და მისი საღმრთო სისხლით ჩვენსა განმართლებასა. თუ ძველი სჯულის საქმეებით ვეძიებთ განმართლებასა, ანუ ისე ვიფიქრებთ, რომ კაცს ვერძის, კრავის და ძროხების სისხლი გაამართლებს, მაშინ იესო ქრისტეს მოსვლა ქვეყანაზე არაფერი ყოფილა, და ვინც ახლა იესო ქრისტესაგან ეძიებს განმართლებასა, ის აქამომდე ცოდვაში არის.
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ამტკიცებს, რომ ცხონება უადვილესად და ყოველი კაცის შესაძლებელად შეიქმნა ქრისტე იესოს სარწმუნოების საშუალებით. ნუ იტყვი შენს გულში, ესე იგი, ნუ იფიქრებ გულში, რომ ძნელი რაიმე იყოს იესო ქრისტეს სარწმუნოება, ანუ მისი სარწმუნოებით გამართლება. იესო ქრისტეს სარწმუნოება ადვილი არის, წინააღმდეგ სჯულის შესრულებისა, რომელიც შესაძლებელი არ არის. რა იქნება იმაზედ უადვილესი, რომ პირითა შენითა აღიარო და გულითა გწამდეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომილი და მით სცხონდე. გულითადი სარწმუნოება გაგვამართლებს, პირითა აღსარება (აღიარება) გვაცხოვნებს. ამ სახით გაგვიადვილა უფალმან იესო ქრისტემან ცხონება.
მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მოგვცეს ჩვენ სახე, რათა ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას. გარდა ამისა ეს ჰაზრიც დაუმატე: იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი უწმინდესი და უმაღლესი სჯული. გარნა ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამა საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა. დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! შემოქმედი ცისა და ქვეყანისა მიიღებს უძლურსა ბუნებასა მონისასა; უწმიდესი და გამოუცდელი ყოვლისა ცოდვისა მერვესა დღესა იქმნების წინადაცვეთილ, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი კაცი მპყორბელი ცისა და ქვეყანისა მეორმოცისა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლად წმიდისა დედისა თვისისაგან იქმების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა – ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმდაბლა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა.