ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: გული
ლოცვისას უსათუოდ უნდა დავეუფლოთ საკუთარ გულს და მთლიანად ღვთისაკენ მივმართოთ. გული ცივი, ურწმუნო, ცბიერი და ორპირი არ უნდა იყოს. და თუ ასე არ იქნა, რა არის, რის მაქნისია ჩვენი ლოცვა და მარხვა? კარგი იქნება ღვთის მრისხანე ხმის გაგონება: "მახლობელ არს ჩემდა ერი ესე. პირითა მათითა პატივსმცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან" (მათე 15,8). ჰოდა, ნუ მოადუნებთ სულს ეკლესიაში ყოფნისას, დაე თითოეული ჩვენგანი გაისარჯოს ღვთის სიყვარულისათვის, დაე, გიზგიზებდნენ ჩვენი სულები. აკი არც ადამიანებს მოსწონთ ნაჩქარევად და უგულოდ ნაკეთები საქმე. ღმერთს კი მხოლოდ ჩვენი გული სურს. "მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენი გზათა ჩემთა ხედვასა" - (იგავთა, 23,26). იმიტომ, რომ გულია ადამიანში მთავარი, ისაა მისი სიცოცხლე, უფრო მეტიც: კაცი გულია მხოლოდ. ამიტომ ის, ვინც გულით არ ლოცულობს და გულით არ ემსახურება ღმერთს, გინდ ულოცია გინდ არა, ერთია; იმიტომ, რომ უგულო ლოცვისას გვამი რჩება მხოლოდ და გვამი სულის გარეშე თიხაა, მიწაა. გახსოვდეთ, ლოცვისას იმ ღმერთის წინაშე დგახართ, რომელიც თავადაა სრული გონი და ჩვენი ლოცვაც ამიტომ უნდა იყოს მთელი სულის მთლიანი გონების ნაყოფი.