ევროპელი ერეტიკოსები უგუნურ ათეისტებს ემსგავსებიან. მათი სურვილია, რომ ჯერ დაინახონ და მერე ირწმუნონ. მათთვის უცხოა სული ჭეშმარიტებისა და მისი შეცნობა არ ძალუძთ. მათ საკუთარ თავში ჭეშმარიტება არ გააჩნიათ, და ვინც ჭეშმარიტებას ქადაგებს მათი არ სწამთ.
რჯულთშემწყნარებლობის გამოვლენა მორწმუნე ადამიანისაგან კარგია, როდესაც იგი რწმენის სისავსიდან და უმაღლესი ზნეობრივი ძალის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, ხოლო რჯულთშემწყნარებლობა მრწამსის არმქონე ადამიანისა კიდევ ერთი დასტურია მისი უღმერთობისა.
ყოველი მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია სხვა რწმენის ადამიანებში კეთილი მოსურნეობა აღძრას, რომ იმათ გააცნობიერონ თავიანთი ცდომილება, თავი ამაოდ არ დაიმშვიდონ და არ დაკარგონ, როგორც ამ ცხოვრებაში მართლმადიდებლობის მდიდარი კეთილმოწყალება, ასევე შემდგომ ცხოვრებაშიც უაღრესი და მარადიული საღვთო წყალობა.
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებოდნენ, რადგან ახლა მათ არ აღაფრთოვანებთ ჩვენი წმიდა მამების გადმოცემები, რამეთუ მათ უნდათ დაინახონ ასევე ახლანდელი მამების მიერაც იმ მოღვაწეობის გაგრძელება, ჩვენი ჭეშმარიტი ნათესაობა წმინდანებთან.
რის საფუძველზე ქადაგებენ ზოგიერთნი დღეს რელიგიურ პლურალიზმს? როგორც ჩანს ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავიანთ თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს ხომ მარადიული სიკვდილისათვის მათ განწირვას ნიშნავს?! ხოლო თუ არ სჯერათ სულის უკვდავება, რელიგიაზე რატომღა ლაპარაკობენ? ნუთუ იმიტომ, რომ რწმენა საზოგადოების მართვის ერთ-ერთ საშუალებად წარმოუდგენიათ, თვითონ კი სულით ათეისტები არიან და ხალხს განზრახ აბნევენ?
დღეს ჩვენს ქვეყანაში ღმერთის არსებობასა და რელიგიის აუცილებლობაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე ბევრს ლაპარაკობენ აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, სწამდეს ის, რაც მას ჭეშმარიტებად მიაჩნია. რელიგიის არჩევაში თავისუფლების შეზღუდვა არასწორია, მაგრამ სრულებით გაუგებარია ზოგიერთი იდეოლოგის მცდელობა, რომ ნებისმიერი რელიგია, სექტა თუ სხვადასხვა მიმდინარეობა ერთ სიბრტყეზე დააყენოს და ხალხს მათი თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა შესთავაზოს. აქედან მხოლოდ ის გამოდის, რომ თურმე 10, 100, 1000 ჭეშმარიტება არსებობს, მაშინ, როცა საშუალოზე დაბალი განვითარების ადამიანმაც კი იცის, რომ ჭეშმარიტება ერთია.
თუ ჩემთვის სულერთია ქრისტიანობა, იუდაიზმი, წარმართობა, ესა თუ ის სექტა... მაშინ, რა თქმა უნდა, ვიქნები შემწყნარებელი ამა თუ იმ სექტის მიმართ, მაგრამ რაში იქნება ღირსება ჩემი შემწყნარებლობისა?! "რელიგიური ინდიფერენტიზმი", - წერს ვლადიმერ სოლოვიოვი – სრული უგულვებელყოფაა გულის სითბოსი და სულიერობისა. ეს არის ზნეობრივი გაყინვის წერტილი, სიცივე სულიერი სიკვდილისა. ხოლო თუ უმაღლესი იდეალისადმი საზოგადოების გულგრილობისას თავს იჩენს მისი მკვეთრი ლტოლვა მდაბალი ინტერესებისა და მატერიალური კეთილდღეობისადმი, ნათელია, რომ ჩვენს წინაშეა სოციალური გახრწნის პროცესი (სოლოვიოვი, ტ.IV. გვ.138). სავალალოა, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთი საშიშროების ზღვარზე დგას.
პაპიზმი ეწოდება მწვალებლობას, დასავლეთი რომ მოიცვა. სწორედ პაპიზმისაგან, ვითარცა ხისაგან რტონი, ამოიზარდა სხვადასხვა პროტესტანტულ–მწვალებლური სწავლება. პაპიზმი ქრისტეს თვისებებს აკუთვნებს რომის პაპს და ამით თვით ქრისტეს უარყოფს! პაპი არის პაისტების კერპი, იგი მათი ღვთაებაა.