ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე კეთილზე, რათა ბოროტზე არ იფიქრო, რამეთუ ბოროტ სულს უმოქმედობა არ შეუძლია". ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე, გულითად ლოცვაზე და მადლმოსილი ფიქრებისკენ უნდა მივმართოთ. ამაო ფიქრებისგან საამო შეგრძნებები წარმოიშობა, კეთილი აზრები კი კეთილ ნაყოფს იძლევა.
ადამიანის გულს უსაქმოდ ყოფნა არ ძალუძს; ჩვენს სულს უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. თუ გონება წმინდა აზრებით არ არის დაკავებული, მაშინ ის ფუჭი და მავნე აზრებითაა დაკავებული; თუ გულში წმიდა, ზეციური აზრები არ არის, მაშინ იგი არაწმიდა, მღვრიე, ხორციელი აზრებით სუნთქავს; თუ ადამიანის ნება ზეცისკენ, ღვთის წმიდა ნების აღსრულებისკენ არ მიიწსრაფის, მაშინ იგი ცოდვის გზით ჯოჯოხეთისკენ მიდის.
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა.
ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად. თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილი ფიქრი ისაა, თუ განხორციელების შემთხვევაში სიხარულს მოუტანს არა მარტო მას, რომელ ადამიანშიც იგი იშვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სხვებს, - მის გარშემო მყოფთ. მსგავსად ამისა, ბოროტი განზრახვაც პირველ რიგში ზიანს აყენებს თვითონ ამ ადამიანს, ანგრევს მის სულიერ ტაძარს, შეურაცხყოფს და ბილწავს მას.
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავისთავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ. კეთილსა თუ ბოროტ იდეებს ადამიანი სიტყვებით გამოთქვამს და ეს სიტყვები უკვე დადებითი ან უარყოფითი ძალებითაა აღსავსე. აი, ამ დროს სრულად ვლინდება ღვთისგან მინიჭებული თავისუფლება ადამიანისა: მან ბოროტება უნდა განაგდოს და სიკეთე აირჩიოს, განხორციელებული კეთილი იდეები პირველ რიგში თავისი თავის, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც კეთილისმყოფელია. ზუსტად ასევე, ბოროტი, სატანისეული იდეები, პირველ ყოვლისა, თავის თავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს.