თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, მოუთმენლობით და კვდება.
მოუთმენლობა, უნდობლობა და უსიყვარულობა ადამიანების მიმართ გვიბიძგებს მივიჩნიოთ ისინი ბოროტების მიზეზად. აქედან მომდინარეობს ურიცხვი და გაუაზრებელი ეჭვი, უსამართლო ბრალდებანი, რაც თავის მხრივ წარმოშობს კამათს, მტრობას, ჩივილს და ურთიერთშეურაცხყოფას... და ჩვენც ისე უგრძნობლად ვიხრჩობით ამ ცოდვის მორევში, თითქოსდა სიკვდილსაც არ ვაპირებდეთ! ან არ გვჯეროდეს იმქვეყნიური ცხოვრებისა, უკანასკნელი სამსჯავროსი, ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობისა.
მოუთმენლობა წარმოშობს სულის აღშფოთებას, გონების დაბნელებას, რის გამოც ვკარგავთ საღი მსჯელობის უნარს და ვერ ვპოულობთ ბოროტებისაგან ხსნის გზას. ვასაზრდოებთ ძლიერსა და ხანგრძლივ მწუხარებას გულში, რასაც მივყავართ ღრმა სევდამდე. ეს კი ასუსტებს, საბოლოოდ შრეტს სულიერ და ხორციელ ძალებს, რის შემდეგაც ადამიანს ერთმევა სწორი ქმედების უნარი და მოიცავს სულმოკლეობა; ზოგიერთი, უფრო სუსტი, სასოწარკვეთილებამდეც მიდის, ეს კი მომაკვდინებელი ცოდვაა, სულიერი სიკვდილია.
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ისე ძლიერ არ გრძნობს, რადგან არ დრტვინავს და არ წუწუნებს, ტანჯვა-წამებისას. ამიტომაც, რაც სიჩუმითა და მოთმინებით იტანს ადამიანი მწუხარებას, მით უფრო მწიფდება იგი და სრულიქნება და შესაბამისად, უფრო უახლოვდება გამოხსნისა და გადარჩენის წუთს (მთ. 24. 13).
882. როგორ ვლინდება ჩვენი თავმოყვარეობა და სიამაყე?
ჩვენი თავმოყვარეობა და სიამაყე მოუთმენლობასა და გაღიზიანებაში ვლინდება: როცა ვერ ვითმენთ სხვათა მიერ ნებსით თუ უნებლიეთ მიყენებულ ტკივილებს, ანდა გარშემომყოფთა მიერ ჩვენს საწინააღმდეგოდ შექმნილ სამართლიან თუ უსამართლო დაბრკოლებებს. თავმოყვარეობისა და სიამაყის გამო ვცდილობთ, ყველაფერი თავის ადგილას დავაყენოთ, მოვიპოვოთ დაფასება და კეთილდღეობა წარმავალ სოფელში.