შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილობა თავის დედ–მამასთან. იმას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ–მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქმნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს და მოქმედება დედ–მამის ლოცვასა და კურთხევასა.
მშობლები თავიანთი შვილებით იკურთხებიან, თუკი ისინი ცხონდებიან. და შვილთა ნათელი ცხოვრება მშობელთათვის სანთელივით ხდება: მათ მადლი ეძლევათ. და წინაპრები მეშვიდე თაობამდე ელიან შეწევნას მონაზონთა მადლისაგან. და მრავალი ჩვენგანი ცხონდება, თუკი ღმრთისათვის სათნოდ ვიცხოვრებთ. ამიტომ აუცილებელია ღვაწლი, ვიდრე სიკვდილამდე: მოთმინება და მორჩილება
მშობლების უპატივცემულობა განსაკუთრებით საშიშია ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის. უხეშად შევეპასუხებით მშობლებს, მივახლით საშინელ სიტყვებს და გავემართებით ეკლესიისაკენ ისე, რომ კარსაც კი გავიჯახუნებთ. რისთვის წავედით ტაძარში? ნუთუ ფიქრობთ, რომ უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას და მიიღებს ჩვენს შესაწირს? ნუ ვიტყუებთ თავს! ჩვენნაირებისაგან ღმერთი არაფერს შეიწირავს.
„გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს“. ჩვენ რომ საღვთო სჯულის ამ მცნებას ვასრულებდეთ, მაშინ, უხეშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამდურავი სიტყვაც არ წამოგვცდებოდა მშობლების მისამართით; ყოველნაირად შევეცდებოდით აღგვესრულებინა მშობლის ნება, მათი კეთილი განკარგულება. მათ ხანდაზმულობას ყოველნაირად გავუწევდით ანგარიშს; უდრტვინველად, მოთმინებითა და სიყვარულით მოვუვლიდით მათ უძლურების ჟამს, ვილოცებდით მათი დღეგრძელობისათვის და განსაკუთრებით გავაძლიერებდით ლოცვას მათი ამ ქვეყნიდან გასვლისას. აი, ასე უნდა ვეპყრობოდეთ მშობლებს. ჩვენ კი როგორ ვასრულებთ ამ მცნებას უფლისას? განა პატივსა ვცემთ ჩვენს მშობლებს? ჩვენს დროში „მოდაში აღარ არის“ მშობლების პატივისცემა. ახალგაზრდებს რცხვენიათ თანატოლების წრეში დედისა და მამის მოხსენიება მშობლებად და მათ უწოდებენ შეურაცხმყოფელ, მოსასმენად საძაგელ სიტყვებს.
ღმერთის შემდეგ ხომ მშობლები არიან მიზეზი შენი არსებობისა! ამიტომ ღმერთის კვალად შენს ხორციელ მშობლებს მიაგე შესაფერი პატივი და ისე გიყვარდეს ისინი, რომ ეს ღმერთის სიყვარულში შეგეწიოს.
როგორ შეიძლება არ შევინანოთ ჩვენი დამოკიდებულება უახლოესი ადამიანების – მშობლების მიმართ? განა უდიდეს სიმძიმედ არ მიგვაჩნია მათი შენახვა, მათი სიბერის უზრუნველყოფა? ხომ არ გაუგდია რომელიმე თქვენგანს დედა ან მამა შინიდან? იქნებ პირდაპირ ეს არ ჩაგვიდენია, მაგრამ მოხერხებულად გადაგვიბარებია მოხუცი მშობელი დედმამიშვილისათვის ან ინვალიდთა სახლისათვის, იქნებ უარი გვითქვამს საავადმყოფოდან შინ წაგვეყვანა მოხუცი მშობელი, რომელმაც გაგვზარდა, ჩვენს აკვანთან ღამე ათია, ჩვენს აღზრდას შეალია ყველაფერი. შესაძლოა, პირიქითაც მომხდარიყო – იქნებ ჩვენი ოჯახისაკენ გადმოვიბირეთ მშობელი, რათა ხელში ჩაგვეგდო მისი კუთვნილი სახლი, ანდა გვყოლოდა ბავშვების უფასო აღმზრდელი და შინამოსამსახურე? ბავშვები იზრდებოდნენ, დედა ბერდებოდა და მძიმე ტვირთად გვაწვებოდა, გვაღიზიანებდა! თუ რომელიმე თქვენგანს ეს საშინელი ცოდვა აწევს სინდისზე, იჩქარეთ გამოსწორება, სანამ მშობლები ცოცხლები არიან, ხოლო თუ გვიან არის, ცრემლით შეინანეთ და მათ საფლავებთან ითხოვეთ პატიება, ილოცეთ გარდაცვლილთათვის და გაეცით მოწყალება მათ სახელზე.