კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი საკმაოდ მდიდარი და კაცთმოყვარე მოქალაქე. მას ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა და არ ცდილობდა მისთვის დიდი ქონების დატოვებას. ამიტომ თავის სიმდიდრეს გულუხვად ურიგებდა ღატაკებს. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ღვთივსათნო ადამიანისთვის. მას სურდა, რომ ჰქონოდა ის ნუგეშიც, რომ უფლის საშინელი სამსჯავროს წინაშე წარდგომისას შესძლებოდა ეთქვა, რომ მისი შვილიც თავისნაირად მოწყალეთა ნუგეშინისმცემლად აღზარდა.
ერთ დღეს მან შვილი მოიხმო, უჩვენა მთელი თავისი ქონება და ჰკითხა:
-საყვარელო შვილო! რის მიღებას ისურვებდი ჩემგან მემკვიდრეობით, ამ სიმდიდრის თუ იესო ქრისტესი?
ღვთისმოშიშმა ახალგაზრდამ მტკიცედ უპასუხა:
-მხოლოდ ქრისტესი.
შვილის პასუხით აღფრთოვანებული მამა კიდევ უფრო მეტს გასცემდა გლახაკებისათვის და სიკვდილის შემდეგ შვილს მხოლოდ გამომხმარი პური დაუტოვა. კეთილზნეობრივი ახალგაზრდა, რომელიც მდიდრიდან ღატაკად იქცა, ამაზე არ დარდობდა, რამეთუ იმედი ჰქონდა ქრისტესი - ამ უდიდესი საუნჯისა, რომელიც მას დარჩა.
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი დიდებული, რომელიც სიმდიდრითა და ღვთისმოსაობით იყო ცნობილი. მას ასევე ღვთისმოშიში მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც ასულის გათხოვების დრო დადგა, მშობლებმა ერთმანეთს უთხრეს:
-როგორი საქმრო ავურჩიოთ ჩვენს ქალიშვილს? მდიდარი და ავზნიანი? მაგრამ ასეთი გულს ატკენს მას, აიძულებს, რომ სოფლის ამაოებით იცხოვროს, ასწავლის პატივმოყვარეობას... არა, უმჯობესია, შევურჩიოთ მას საშუალო სიმდიდრის, მაგრამ ღვთისმოშიში ადამიანი, რომელიც ჩვენს ქალიშვილს ღვთის საჩუქარივით მიიღებს. წავიდეთ უფლის სახლში და ჩვენი შვილის ბედნიერებისთვის ვილოცოთ; ვინც პირველი შემოვა ღვთის ტაძარში, დაე ის იყოს მისი ქმარი.
ქალიშვილის დედ-მამამ გულმხურვალე ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე, შემდეგ კი დასხდნენ და დაელოდნენ, რომ ღვთაებრივი ჩანაფიქრი მათი საყვარელი ასულის ბედს გადაწყვეტდა... უეცრად ტაძარში ზემოთხსენებული ღვთისმოშიში ახალგაზრდა შემოვიდა. მათ იგი თავისთან მოიხმეს და ჰკითხეს, ვინ იყო და საიდან. როდესაც მოისმინეს, რომ იგი იყო ვაჟიშვილი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი გულუხვი კაცისა, ღმერთს მადლობა შესწირეს და უთხრეს მას:
-ქრისტე მაცხოვარმა მოგვაშვილა შენი თავი; დაქორწინდი ჩვენს ქალიშვილზე და მსათან ერთად მიიღე ჩვენი ქონებაც; ამ ყოველივეს შენ ღმერთი გიძღვნის.
ღვთისმოსავი ახალგაზრდა იმის მაგალითია, რომ ღმერთი არასოდეს მიატოვებს სიღატაკეში იმას, ვინც მხოლოდ უფლის სიყვარულში გახარჯავს თავის საუნჯეს
link