12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ.13,14).
ვითარცა მონა იგი ხსენებული იგავსა შინა მაცხოვრისასა ტალანტთა ზედა, რომელმან მიიღო მხოლოდ ერთი ტალანტი და არ განამრავლა იგი, არამედ შთაფლა მიწასა და ბოლოს დაჰკარგა იგიცა ერთი და იქმნა დასჯილ. ეგრეთვე სულიცა ჩვენი, უკეთუ არა ცდილობს წარმატებასა, არა ცდილობს, რომ თანდათან შეიქმნეს უმჯობესი და უმახლობელესი ქრისტესა, ბოლოს მოაკლდება მადლსაცა მისსა და იქმნება დასჯილ.
ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევეა სულიც, როდესაც მიისწრაფის ღვთისაკენ და ესაუბრება მას, ცეცხლი ხდება და წვავს თავის მტრებს, სწორედ მათ, რომლებიც ჩვეულებრივად თრგუნავენ მას, როდესაც უდარდელი ძილით სძინავს.
48. ვისი გონებაც დაუცხრომელად ღვთისაკენ ილტვის, მას გულისთქმა ღვთის წადილში გადაეზრდება, ხოლო გულისწყრომა კი მთლიანად ღვთის სიყვარულად ექცევა. რამეთუ, ღვთიურ ნათელთან ხანგრძლივი ერთიერთობის შედეგად, გონება სავსებით ნათლითმოსილი ხდება, თავის გულისთქმის ნაწილს ავიწროებს და აშთობს. მას, როგორც აღვნიშნეთ, ღვთის წადილად და ღვთის დაუცხრომელ სიყვარულად აქცევს, რადგან გონება მთლიანად მიწიერიდან ღვთაებრივში გადაჰყავს.
88. კვეთებისგან არის მრავალი გულისზრახვა, ამათგან კი – უკეთური გრძნობადი საქმე, მაგრამ ვინც იესუს შეწევნით პირველი მათგანი მყისიერად დაშრიტა, განერიდა შემდგომს; და გამდიდრდება იგი საღვთო ტკბილი ცოდნით, რის შედეგადაც ჰპოვებს ღმერთს, ყველგან მყოფს, ხოლო მის წინ გონების სარკის დამდგმელი, დღენიადაგ გასინათლდება გაწმენდილი შუშისა და გრძნობადი მზის მსგავსად. და მაშინ, საწადელთა მწვერვალს მიღწეული გონება მოისვენებს თავის შიგნით ყველა სხვა მჭვრეტელობისგან.
როდესაც ღმერთი გიწოდებს შენცა, რა სახითაც გამოგიჩნდეს წოდება მისი, ნუღარ ჰყოვნი, ნუ მიზეზობ, ნუ ირყევი; არამედ მეყვსეულად ისმინე ხმა მისი და შეუდეგი მას. მაცხოვარი ასწავლიდა რა ერსა, ხშირად ესრეთ დააბოლოვებდა სიტყვათა თვისთა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მოვაქციოთ აწ სიტყვა ესე. თუ გული გაქვს, ძმაო, განმზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის მიდრეკილი, არამედ მსურველი შეწყნარებად ღვისაგან მოვლინებული სწავლისა და ქადაგებისა, ყური დაუგდე შენცა ყოველსა წოდებასა ღვთისასა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ დიდი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი მისწრაფება ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ხორციელი ვნებებია: მოაკვდინეთ ეს სიცრუის გველები და მაშინ მეტი გულმოდგინებით ისწრაფებთ ცხოვრებისა და ჭეშმარიტების წყაროსკენ.