ღვთისმოსავ ადამიანებთან შეგუებაც კი არ შეუძლია თავნება კაცს, რადგან გულში მოუთმენლობა, რისხვა და ჩხუბის სურვილი უტრიალებს. მუდმივად აიძულე თავი დათრგუნო თვითნებობა, რადგან მას ყველა შენი სათნოების განადგურება შეუძლია. საკუთარი ნების უარყოფა კი... სათნოებებს განავითარებს შენში.
საკუთარ სნეულებებს მამებთან ნუ დამალავ, რათა მათი რჩევებით განიკურნო. შენს მიძღვართან შეკითხვების დასმას არ მოერიდო. ღვთივგანბრძნობილ მამას თუკი საკუთარ გულისთქმებზე ეკითხები ისევე წარმოადგინე ისინი, როგორც გებრძვიან, მაგრამ გაენდე მხოლოდ იმას, ვინც საიდუმლოს შეგინახავს. მხცოვანებას ნუ დაეყრდნობი, შეარჩიე ის, ვინც სულიერი ხედვით, საქმეებით და გამოცდილებითაა შემკული, რათა სულიერი სარგებელის ნაცვლად ვნებათა გაძლიერება არ გამოიწვიო. შენი გულისთქმების გახსნისას ნუ დაიწყებ თვალთმაქცობას, ნუ მიედ-მოედები, ისეთ სახეს ნუ მიიღებ, თითქოს ვიღაც სხვაზე საუბრობდე. გააშიშვლე სინამდვილე და მზად იყავი შეასრულო ის, რასაც გეტყვიან, სხვა შემთხვევაში თავად დარჩები მოტყუებული და არა მღვდელი, ვისთანაც მიხვედი. მღვდელთან მისვლამდე ღმერთს შეევედრე, რათა შეგიწყალოს და მოძღვარს ის ათქმევინოს, რაც შენთვის სასარგებლო იქნება, ამის შემდეგ კი რწმენით აღასრულე ღვთივგანბრძნობილ მამათა ნათქვამი და ღმერთი სიმშვიდეს მოგმადლებს.