559. რა სიკეთეს შეგვძენს საკუთარი თავის დადანაშაულება უფლის წინაშე?
ნუთუ ვერ ხედავთ ქანაანელ დედაკაცს, რომელიც შეუვრდა იესოს, ღაღადებდა და ევედრებოდა მას თავისი ასულის განკურნებას? მაცხოვარმა კი შეიწყნარა იგი და განუსვენა მას. იხილეთ აბიგეა, რომელმაც უთხრა დავითს: „ჩემ ზედა არს, უფალო ჩემო, შეცოდება ეგე“. ისმინა დავით მეფემ მისი და შიყვარა იგი. აბიგეა სახეა სულის, დავითი – ღვთისა. თუკი სული საკუთარ თავს ადანაშაულებს უფლის წინაშე, შეიყვარებს და განუსვენებს მას ღმერთი.
178. როგორ მოვიქცეთ, რომ განვმართლდეთ უფლის წინაშე განკითხვის დღეს?
1) ხშირად ვამოწმოთ საკუთარი სინდისი, არის თუ არა სუფთა იმ ზომამდე, რომ არ გვეშინოდეს სიკვდილთან შეხვედრისა; 2) არაა საკმარისი მოვერიდოთ მხოლოდ მძიმე ცოდვებს. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი მცირე შეცდომებიც, განვიწმინდოთ გული... ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ვეზიაროთ იმ განწყობით, როგორადაც აღვასრულებთ ამ საიდუმლოს სიკვდილის წინ. 3) ყოველღამე უნდა დავწვეთ იმ ფიქრით, რომ შეიძლება გავიღვიძოთ უკვე იმქვეყნად. 4) მოკლედ რომ ვთქვათ, ის, რასაც ისურვებდი გაგეკეთებინა სიკვდილის ჟამს, გააკეთე უფრო ადრე
80. თუ ვინმე გულძვირადაა ჩემს მიმართ, შენდობა ვთხოვე და არ მიიღო, როგორ მოვიქცე?
თუ ძმამ არ შეგიწყნარა შემცოდე მონანული, მიიყვანე შენთან ერთად სხვა ორი და ჩაუვარდი მას მუხლებში. თუ მაინც არ გერწმუნა, მიიყვანე სხვა ხუთი. თუ მათიც არ დაიჯერა, მიიყვანე მღვდელი. თუ ასეც არ გერწმუნა, ამიერიდან დაუბრკოლებლად ილოცე ღვთისადმი, რათა დაარწმუნოს ის და შენ უზრუნველი იქმნე