56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტანჯვას?
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკუთარი მარადიული ტანჯვის მიზეზი?
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.
ძმანო ჩემნო, მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა, გარნა უმეტესად წყევა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: „აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მდევართა თქვენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქვენნი“. მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვისმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც არ უნდა დასწყევლო იგი. გარნა, ჩვენ კი მოუთმენელნი, გულფიცხნი, ხშირად ვწყევლით უმართლოდ, თვით უბრალოსა კაცსა.
ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარული და დელიკატურობა გააჩნია და უსამართლობას ითმენს სხვა ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ამასთანავე ამბობს: "დაე, ღმერთმა მიუზღას", ის, თუმცა ამას ვერ ხვდება, მზაკვრისგან დაცინვას იმკის, რადგან ამგვარი ქმედება თავაზიანი კრულვაა. ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს, რათა მოხვდეს სხვა, მარადიულ ცხოვრებაში, მოხვდეს სამოთხეში. ზრახვა მეუბნება, რომ ეს თავაზიანი წყევლა-კრულვა სულიერ გასასვლელ ქულაზე დაბალია.
მშობლის წყევლა საშინელი რამ არის. ვაი მას, ვინც თავისი საქციელით თავს დაიტეხა მშობლის წყევლა, მაგრამ ვაი მის მშობელსაც, რომელმაც დაწყევლა თავისი შვილები. იქნებ ვინმემ მრისხანების ჟამს თავისი შვილი ბოროტ ძალას გაუგზავნა? ჩვენ ხომ უხილავად გვაკრავს გარს ავი და კეთილი სულების მთელი სამყარო. თქვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით ხომ თქვენვე აგდებთ საკუთარი შვილის სულს ბოროტის ხელში. შეინანეთ, შესთხოვეთ უფალს პატიება, რომ თქვენი წყევლა წარიშალოს ღმრთის გულმოწყალების ძალით და არა ევნოს რა შვილებს.
ნურანაირი წყევლისა ნუ შეგეშინდება: ნებისიერი წყევლისთვის ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ღვთის წინაშე. იცოდე, შენს მიმართ წარმოთქმული დაუმსახურებული წყევლა მაწყევარს უბრუნდება. შენ კი, თუ წყევლის შიშით საკუთარი სინდისის, მოვალეობისა და სიმართლის წინააღმდეგ წახვალ, დაშორდები უფალს და ხელს შეუწყობ ბოროტებას, რომელიც უნდა აღიკვეთოს.
ზოგიერთნი აწინდელნი ქრისტიანენი ისე მიჩვეულნი არიან წყევასა და შეჩვენებასა კაცთასა, რომელ თითქმის ყოველ წამს, მცირე რამეზე გული თუ მოუვიდათ, მაშინვე განიმეორებენ საშინელთა ამ სიტყვათა: „დასწყევლოს ღმერთმა“. რისგან არის ეს სამწუხარო ჩვეულება? იქიდან, რომ იგინი ლაპარაკობენ და სცხოვრებენ დაუფიქრებლად; მისგან, რომელ არ არიან მიჩვეულნი დაუკვირდნენ საკუთართა თვისთა სიტყვათა და საქმეთა; განიხილონ, განსაჯონ თვისი ცხოვრება და ხასიათი; კიდევ იქიდან, რომელ არ არიან მიჩვეულნი აღვირასხმად თვისისა ენისა და ცუდისა ზნეობისა. კაცი, რომელიც თავის მოყვარეზე იტყის: „დასწყევლოს ღმერთმაო“, ამით თვით ღმერთს სთხოვს, რომ გააუბედუროს ის კაცი, დაჰსაჯოს, ანუ მოჰკლას. მაშასადამე, რა უგუნური უნდა იყოს ის კაცი, რომელიც სწყევლის მოყვასსა თვისსა. იმას ჰგონია, რომ ღმერთი შეეწევა მას ბოროტს საქმეში, აღუსრულებს მისსა ბოროტსა თხოვნასა, ერთი სიტყვით, მისი ამხანაგი შეიქმნება და მისი ცოდვის მოზიარე.