ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[39] წერილი მონაზონ ბრიენას
[39] წერილი მონაზონ ბრიენას
წმიდა მთა, 26 ოქტომბერი, 1947 წ.
ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, და ყოველნო ქრისტესმიერ დანო, გისურვებთ, რომ ყოველთვის კარგად იყოთ, სულითაც და ხორცითაც.
ჩემო საყვარელო ბრიენა, უკვე არაერთი დღე გავიდა მას მერე, რაც ორი ეპისტოლე გამოგიგზავნე: პირველი პასუხი, მეორე კი, როგორც შეგპირდით, შეკვეთილი [წერილი]. ახლა მხოლოდ იმის პასუხი მივიღე, რომ კოვზები ჩამოგივიდათ და ა.შ.; რომ 50 ათასი გამოვაგზავნე სკვნილისთვის. ახლა ორიოდე სიტყვას პასუხად გწერ, ხოლო როდესაც იმ ორი წერილის პასუხს მივიღებ, დანარჩენს მოგიგებ. რამეთუ მე თქვენს გულისსიტყვებსაც ვამოწმებ – რამდენს იტევს თქვენი კურთხეული ჭურჭელი. ნეტავ, თუ გესმით, რასაც გეუბნებით? სწორად და გონივრულად გესმით, და შემიძლია გავაგრძელო უფრო ამაღლებულ საკითხებზე ლაპარაკი? რამეთუ ადამიანი ცოდნიდან ცოდნაში ადის და ჭვრეტიდან ჭვრეტაში.
ცოდნა არის ბუნებრივი და არის ცოდნა სულიერი, ცოდნა [საღმრთო] განათლებისმიერი და ცოდნა საიდუმლოებათა. აგრეთვე, არსებობს ჭვრეტა ბუნებრივი, ჭვრეტა სულიერი და ჭვრეტა საიდუმლოებათა. არის საქმე, რომელსაც მოსდევს განმწმედელი მადლი, არის ჭვრეტა, რომელსაც მოსდევს განმანათლებელი მადლი და არის სიყვარული, რომელსაც მოსდევს სრულმყოფელი მადლი. არსებობს ბუნებრივი, ზებუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობა.
საქმე, ანუ პრაქტიკული მოღვაწეობა იმას არ ნიშნავს, რომ კაცმა ოდენ მოსინჯოს და უკან დაიხიოს, არამედ იმას, რომ შევიდეს, შეეჭიდოს, სძლიოს, იძლიოს, მოიგოს, წააგოს, ყველაფერი ააწრიალოს და ბრძოლას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელოდოს; და არასდროს გაუთამამდეს თავის თავს მანამ, სანამ სული სხეულიდან არ გავა, არამედ, თუ ზეცად ავა, ელოდოს, რომ მეორე დღეს ქვემოთ ჩავა. იმას აღარ ვიტყვი, რომ შეიძლება იმწუთასვე მოხდეს ჩასვლაც. ამიტომაც კაცს [შინაგანი მდგომარეობების და გარეგნული ვითარების] ცვლილებები არ უნდა ეუცხოვოს, არ გაუკვირდეს, არამედ ორივე თვალწინ ჰქონდეს, რადგან ორივე მისია.
პირველად განსაცდელების მადლი მოდის, როგორც გაფრთხილება, რომ კაცი უნდა მოემზადოს. და როგორც კი მადლს ხედავ, ძალები მოიკრიბე და [შენს თავს] უთხარი: „ომი გამოცხადდა: თვალი ადევნე, თიხავ, საიდან გააჩაღებს ბრძოლას მზაკვარი. ხშირად უცბად მოდის, ზოგჯერ კი – ორი-სამი დღის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, მოვა და ამიტომაც თავდაცვა გაამაგრე. ყოველ საღამოს აღსარება თქვი ხოლმე სულიერ დედასთან, მორჩილება და სიმდაბლე და სიყვარული ყველასადმი. ამგვარად გასაჭირს იმსუბუქებ.
ამჯერად კმარა. ახლა ყველა თქვენგანს პირობა უნდა ჩამოვართვა, რომ რასაც გწერთ და რასაც მოგწერთ, იქიდან სიტყვასაც არ ეტყვით არცერთ მონაზონს ათონიდან, არავის – არცერთ სიტყვას; ხოლო ერის ადამიანებს რაც შეეხებათ, თუ შეუძლია ვინმეს დაიტიოს, დაე განათლდეს – მთელი მსოფლიოც კი, რამეთუ ერში შესაძლებელია, რომ მადლიც მიიღონ და ნაყოფიც გამოიღონ, ხოლო აქ... სრულიად მიივიწყეს საკუთარი მიზანი და არა მარტო აღარ ესწრაფვიან, არამედ გაგონებაც არ უნდათ.
კაბები, თუ მზად არის, გამოგვიგზავნეთ. ამას წინათ იოანეც მოვიდა, პატარა ბიჭი [ქ.] ვოლოსიდან – მარიამს მისთვის სკვნილი რომ გაატანე, ის. თუ შეგიძლიათ ორი სქემა და პოლისტავრი გამოგვიგზავნეთ, აგრეთვე, თუ ადვილია და გაქვთ, ფულიც. ახლა ჯვრებს გიგზავნით.
|
|