756. როდესაც ვინმეს ფულად ანგარიშს ვუსწორებ, აზრი მიდრეკილებით ჩამაგონებს, რომ თუნდაც მცირედი მივითვისო და მოვატყუო ის. როგორ მოვიქცე?
პირიქით, ცოტა მეტი მიეცი, იმდენი რამდენიც არ დაგამძიმებს, თუნდაც ერთი სპილენძის მონეტით მეტი, რათა თავი დააღწიო ბოროტ მევახშეობას. რამეთუ ის, ვინც თუნდაც ოდნავ მეტის მიცემას ცდილობს, ამით ცოდვისაგან, ანუ ზედმეტის მითვისებისაგან განაყენებს საკუთარ თავს. ისევე როგორც მცირედი ვნებები დიდს წარმოშობენ, ასევე ადამიანი მცირედით დიდშიც წარემატება. დაე, უფალმა ჩაგაგონოს მისდამი შიში.
757. და თუ ანგარიშსწორების შემდეგ, შევამჩნევ, რომ სურვილის მიუხედავად, ზედმეტი ამიღია, როგორ მოვიქცე?
თუ თანხა დიდია, დაუბრუნე. პირიქით რომ მომხდარიყო და შენ მიგეცა ზედმეტი მისთვის, შენც ხომ მოისურვებდი თანხის უკან დაბრუნებას? ამიტომ, რადგან მას ეს შეემთხვა, დაუბრუნე რაც გადმოგაყოლა; ხოლო, თუ შენ იქით დაუტოვებ ისეთ თანხას, რომლის უკან დაბრუნებასაც არ მოისურვებ, მაშინ მსგავს შემთხვევაში შენც შეგიძლია არ დააბრუნო იგივე თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ადამიანი ძალიან ღარიბია; რამეთუ ასეთი ადამიანისთვის მცირედის დაკლებაც ძალიან საგრძნობია. ამ შემთხვევაში შენ იმ ადამიანს მთლიანად უნდა დაუბრუნო თანხა, როგორც სამართლიანობას შეჰფერის.