803. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: აუცილებლად იმ სამი პიროვნებიდან მისცემდა მათ ღმერთი ეპისკოპოსს თუ არა?
თუ მათ ეს თანხმიერად, გულის სიმართლით და ღვთის რწმენით სურთ, არა მარტო ერთ-ერთ მათგანს მისცემს, არამედ როდესაც სთხოვენ, ღმერთი მათ ზეციდან ანგელოზსაც, ანუ ანგელოსთასწორ პიროვნებასაც გამოუგზავნის, რამეთუ არ შეუძლია იცრუოს მან, ვინც თქვა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს“ (მათე 7, 7-8); ხოლო, ვინც უსარგებლოდ ითხოვს, მათთვის ნათქვამია: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“ (იაკ. 4, 3).
804. ამ სამიდან ერთ-ერთი სხვებზე უკეთესია, მას ხომ არ მისცემს მათ ღმერთი?
თუ ერთ-ერთი მათგანის არჩევას იმ ქალაქის მცხოვრებლები არქიეპისკოპოსს მიანდობენ, მაშინ ღმერთი მათ იმას მისცემს, რომელიც მისი ხედვით, მათთვის უფრო სასარგებლოა. როცა, მაგალითად, მათ რიცხვში არის მკაცრი და ისინი გამოსასწორებლად სიმკაცრეს საჭიროებენ, მაშინ ასეთიც მიეცემათ მათ.
805. თუკი ქალაქი ამის გამო ორად იყოფა და ზოგიერთები რწმენით ითხოვენ, ხოლო სხვები მიდრეკილებით, ხოლო ორივე მხრიდან წარმოდგენილი პიროვნება ღირსეულია, მაშინ რა მოხდება?
რომლებიც რწმენით ითხოვენ, ღმერთი იმათ მისცემს, სხვებს კი - არა; არა იმიტომ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ პირს უარყოფს, არამედ მათ ბოროტ თხოვნას უკუაგდებს.
806. თუ რწმენით მთხოვნელთა წარმომადგენლის ნაცვლად, რწმენის გარეშე მთხოვნელთა წარმომადგენელს აირჩევენ, ეს როგორღა გავიგოთ?
ე.ი. გულთამხილავი ღმერთი, უყურებს რა კეთილი განზრახვით მთხოვნელთა ნებას, მათ სხვების მიერ წარდგენილ პიროვნებას მისცემს, არა იმათი თხოვნის გამო, რომელთაც ის წარადგინეს, ხელმძღვანელობდნენ რა ბოროტი აზრით, არამედ ამათი კეთილი ნებისთვის, რომლებიც უკეთესის ასარჩევად გულმოდგინეობდნენ და უცოდინრობის გამო ასეთი ვერ წარადგინეს.
807. ზოგჯერ ისინიც, რომლებიც თხოვნისას არასწორი აზრით ხელმძღვანელობდნენ, კეთილს იღებენ, მაგრამ არა ღირსების გამო. რატომ ხდება ასე?
ღირსეულთა გულისთვის ღმერთი უღირსებსაც იწყალებს; რამეთუ ის „აწვიმებს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათე 5, 45). მან ეს ღვთაებრივი წერილიდან გაგვიცხადა, როდესაც აბრაამს უთხრა: „თუ ვპოვე ქალაქში ათი მართალი, არ დავღუპავ მაგ ადგილს მათი გულისთვის“ (დაბ. 18, 32). თუ ათი მართლისთვის მზად იყო ქალაქის დასანდობად, მით უმეტეს ესოდენთათვის სხვებსაც დაინდობს.
808. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეპისკოპოსთა კანდიდატებს კეთილი რწმენით წარადგენენ, მაგრამ წარდგენილებიდან არც ერთი არ იქნება მათთვის სასარგებლო, მაშინ ღმერთი თვითონ ხომ არ მისცემს მათ სხვა ვინმეს?
რადგან ისინი ღირსნი არიან ქველმოქმედებისა, ამიტომ ღმერთი მათი არჩევანის მიხედვით არ წარმართავს საქმეს, არამედ დროთა განმავლობაში როგორღაც შთააგონებს მათ, რომ ან თვითონ აირჩიონ სხვა ვინმე, ან ვისაც ხელდასხმის უფლება აქვს, იმან დაუდგინოს მათ წარდგენილ პირებზე უფრო გამოსადეგი სხვა პიროვნება.
809. მაგრამ თუ ყველა მთხოვნელი თხოვნისას მცდარი აზრით იხელმძღვანელებს და, მიუხედავად ყველაფრისა, ღირსეულ კანდიდატს აირჩევენ, მიეცემა ის მათ, თუ არა?
ყოვლისმხედველი ღმერთი, თუ ხედავს, რომ ისინი შეინანებენ, მაშინ მისცემს მათ მას, რადგან ისინი ამის ღირსნი მომავალი სინანულის გამო აღმოჩნდებიან. თუ დაინახავს, რომ არ შეინანებენ, მაშინ მათი უღირსების გამო არ მისცემს.
810. შენ თქვი, ჩემო მამაო, რომ თუ ქალაქი შეხედულებებში ორად გაიყოფა, მაშინ ღირსეულთა გამო უღირსებიც სიკეთეთა თანამოზიარენი ხდებიან. როგორ ეთანხმება ეს წერილის გამონათქვამს: „ყოველი მეუფებაი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, მოოხრდის“ (მათე 12, 25); რამეთუ აი, ქალაქი ორად გაიყო და განა კეთილთა (მოქალაქეების) გამო ის ისევ მთლიანი იქნება?
ერთ მშვენიერ ქალბატონს კითხეს: - როგორ შეინარჩუნეთ ასეთი სილამაზე, მან უპასუხა... ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს, ხმისთვის სათნოებას, თვალებისთვის თანაგრძნობას, ხელებისთვის მოწყალებას, გულისთვის სიყვარულს, მათთვის ვინც მემტერება ლოცვას!
811. მოქალაქეები ბერის პასუხის თანახმად მოიქცნენ, ანუ ის სამი პიროვნება წარადგინეს და ეპისკოპოსად მათ წმინდა და ღვთისათვის სათნო კაცი დაუდგინდათ. ხოლო ძველი ეპისკოპოსი, რომელსაც ფულის იმედი ჰქონდა, ეპისკოპოსის საყდრის დასაბრუნებლად ბიზანტიაში წავიდა. როდესაც ქალაქში ხმა დაირხა, მან წარმატებას მიაღწიაო, მოქალაქენი დაფრთხნენ და შიშის გამო ასეთი იმედგაცრუება და ეკლესიის დაზარალება მეფეს ვერ შეატყობინეს, რისთვისაც შეკითხვა გაუგზავნეს ბერს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ბერმა შემდეგი განუცხადა მათ?
გააგზავნეთ თხოვნა, რომელიც დაარწმუნებს მეფეს, რომ ეპისკოპოსის განდევნა სამართლიანი იყო, ასევე უარყოფითი სიგელები წარუდგინეთ, რომელთა ძალითაც ის საყდრიდანაა გადაყენებული და მადლობაც შეუთვალეთ ეპისკოპოსის არჩევისათვის, იმდენად რამდენადაც ეს ღვთის საქმე იყო და არა ადამიანების. ასე მეფეს გაუძლიერდა აზრი, რომ ძველი, ვერცხლისმოყვარე ეპისკოპოსი უარით გაისტუმროს. ხოლო, რომელთაც ამ საქმის მოგვარება ბოროტი განზრახვით სურთ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, არამედ მხოლოდ ტყუილუბრალოდ დახარჯავენ ფულს და შემდეგ შერცხვებათ. რაც შეეხება ეკლესიის ზარალს, ვიტყვი იმას, რაც წერილშია ნათქვამი: „მოკვდი სამსონ, ფილისტიმელებთან ერთად“ (მსაჯ. 16, 30).
812. მათ ეს მოისმინეს, მაგრამ თხოვნის გაგზავნა დაეზარათ. ხოლო ამასობაში ეპისკოპოსი მიტროპოლიაში ეპარქიის მმართველთნ მეფის ბრძანებით გამოცხადდა და ძველი საყდრის დაბრუნება მოითხოვა. როდესაც ამას ქალაქში დიდი არეულობა და შფოთი მოჰყვა, მოქალაქეებმა კაცები აფრინეს ბერთან და მდაბლად ჰკითხეს ამის თაობაზე.
მან უპასუხა მათ: ცუდად მოიქეცით, სიზარმაცის გამო, მეფეს რომ არ შეატყობინეთ. ღმერთს სძულს სიზარმაცე. მაგრამ, უფლის სახელით გეუბნებით: იმ ეპისკოპოსმა ქალაქის კარიბჭეს რომც მიაღწიოს, ქალაქში ვერ შევა, რამეთუ ამას ღმერთი არ დაუშვებს.
ბერმა ეს რომ თქვა, ამის შემდეგ ადგილობრივი მმართველი მეფის ბრძანების შესასრულებლად ქალაქში ჩავიდა; ყველა მწუხარებამ და შიშმა მოიცვა, მაგრამ მოულოდნელად მეფის გარდაცვალების შესახებ ცნობა მოვიდა. ყველაფერი, რაც მოსალოდნელი იყო ჩაიშალა და წარუმატებელმა ეპისკოპოსმა, ფუჭად დახარჯა რა ვერცხლი, იქაურობა დატოვა, როგორც ეს ბერმა იწინასწარმეტყველა. მისი წინასწარმეტყველება თვით საქმით დამტკიცდა, რამეთუ უფლის სიტყვის თანახმად: „რაც შეკრულია ქუეყანასა ზედა, კრულია იგი ცათა შინა“ (მათე 18, 18).
813. დადგენილი ეპისკოპოსი, რომელიც წმინდა მსახურებისთვის საკუთარ თავს უღირსად და საეკლესიო საქმეების მართვისთვის მოუმზადებლად თვლიდა, წასვლაზე ფიქრობდა და ამის თაობაზე შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.
გიხაროდეს უფლის მიერ, მონაო ღვთისაო და წმინდა საიდუმლოებების მღვდელმოქმედო! შენ იცი რა იგულისხმა წმინდა მოციქულმა პავლემ, როდესაც თქვა: „ძმანო, კაცად-კაცადი, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ“ (1 კორ. 7, 24). მე კი მრწამს, რომ შენ ეპისკოპოსი ღვთის მინიშნებით გახდი. ამიტომ დაქირავებული მუშაკი კი არა ხარ, არამედ - მწყემსი. ამრიგად, ღმერთი რომ არ გაარისხო, ნუ ფიქრობ წასვლაზე, რამეთუ თქვა მან: „ცანი და ქვეყანაი წარხდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარხდენ“ (მარკ. 13, 31). ნუ შეშინდები, ვინაიდან წერილში ნათქვამია, რომ როდესაც მოსეს აღსრულების შემდეგ, ისუ ნავეს-ძეს აღთქმულ ქვეყანაში ხალხის შეყვანისა ეშინოდა, გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: „გამაგრდი და მტკიცედ დეგ, ნუ შედრკები, როგორც მოსესთან ვიყავი ასევე შენთან ვიქნები“ (ისუ 1: 6, 7,9, 5), ჩემისთანა უღირსისგანაც იგივე სიტყვები მოისმინე: გამხნევდი და განმტკიცდი უფლის მიერ!