1
2
image
image
Loading..
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

594. რატომ არ შეიძლება საცხოვრებელში უსაქმოდ მოხეტიალეთა მიღება?ვინაიდან საცხოვრებელში შემოსვლისას მათ მხოლოდ მწუხარება შემოაქვთ, ამიტომ უმჯობესია არ მიიღოთ ისინი, არამედ დალოცეთ და გაუშვით.595. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ისინი ყველა ღონეს ხმარობენ რომ შემოვიდნენ? მივიღოთ თუ არა?მამებს ასე აქვთ ნათქვამი: ძალიანაც რომ გაიძულებდნენ, თუ მისი მიღება არ შეიძლება, არ მიიღო; მაგრამ თუ ვინმეს რაიმე სჭირდება, იმაზე მეტი მიეცი და გაუშვი - ეს სასარგებლოა.596. თუ ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ მას და არ ვიცით როგორია იგი, მივიღო თუ არა?პირველ ჯერზე უცხო მიიღე და შეიტყობ მის ვინაობას. მაგრამ ღამის გასათევად დაუფიქრებლად არავინ დატოვო, ვინაიდან ამას შეიძლება განსაცდელი მოჰყვეს, რასაც ვერ დაითმენთ და დამწუხრდებით.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

724. თუკი მესტუმრება ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შევიტყობ, რომ ცოდვითაა დაცემული, უხალისოდ ვუღებ კარს. გამართლებულია თუ არა ჩემი საქციელი?თუკი შენ სიკეთეს უყოფ კეთილ ძმას, დაცემულს ორმაგად უფრო კეთილად მოექეცი, რადგანაც იგი სნეულია.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

456. გთხოვ ჩემო მამაო, მითხარი როგორი უნდა იყოს რიგიანი მხიარულება? და როგორ უნდა გამოიყენოს ის ცოდვილმა, რომ ზღვარს არ გადასცდეს?სრულყოფილნი, იმ მხატვრის მსგავსად, რომელმაც სრულყოფილად იცის თავის ხელოვნება, საკუთარ თავსაც სრულყოფილად აკვირდებიან; თუ ის ვინმესთან იმ დროს საუბრობს, როდესაც თავის საქმითაა დაკავებული, ასეთი საუბარი მას ხელს არ უშლის იმ საქმის კეთებაში, რასაც მხატვრობა მოითხოვს და, მოსაუბრეებთან ლაპარაკის მიუხედავად, მისი გონება მთლიანად წინამდებარე საქმიანობაშია ჩაძირული. მოსაუბრემაც, ასევე, სხვას მხიარული სახე და სიტყვა უნდა უჩვენოს, ხოლო გულში სულთქმა უნდა ჰქონდეს. ამის თაობაზეა დაწერილი: „სულთქმაი ჩემი შენს წინაშე არს მარადის“. გამოუცდელი მხატვარი, თუ ხატვის დროს ისაუბრებს, მის საქმეს გაფუჭების საფრთხე ემუქრება. ასევე ემართება იმას, ვინც მხიარულებას ეძლევა. ასეთ ადამიანს საკუთარი სიტყვების და სახის მხიარული გამომეტყველების მიმართ დიდი სიფრთხილე და ყურადღება მართებს, რომ სრულიად არ დაშორდეს გლოვის გზას. მან, სანამ საუბარს დაიწყებდეს, საკუთარ აზრს უნდა შეახსენოს, თუ როგორაა საჭირო მისი წარმართვა და ასეთნაირად მოემზადოს, რამეთუ წერია: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფსალ. 118, 60). ხოლო საკუთარი თავის მომზადება ნიშნავს იმას, რომ განვასხვავოთ ის პირები, თუ ვის რა საბაბით სურს ჩვენთან საუბარი და მათი განზრახვის შესატყვისად, აზრი ღვთის შიშით შემოვზღუდოთ და შევამზადოთ. თუ საუბარი ურთიერთმისალმებისთვისაა, მაშინ შესაბამისი სასიამოვნო სიტყვებით მიმართონ ერთმანეთს. ხოლო მამების მიღების შემთხვევაში, დაე სიხარულითი იყოს შეზავებული, აბრაამის მსგავსად, რომელმაც მეუფეს და ანგელოზებს ფეხები დაჰბანა და სავედრებელი სიტყვებით მიიღო ისინი. თავად ვითარებები გვიჩვენებს, სად და როგორ გამოვიყენოთ შესაფერისი მხიარულება და ამიტომ, როდესაც ჩვენ, თუნდაც შემთხვევით, ვარწმუნებთ მომსვლელებს, რომ რაიმე შეჭამონ ან შესვან, ეს ხალისით უნდა ვაკეთოთ, მაგრამ მოკლედ, რათა გონების აფორიაქებას თავი ავარიდოთ.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

590. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა შევხვდე მომსვლელებს: ერისკაცებს, მამებს და ძმებს?სიბრძნით იხელმძღვანელე, ყველა მიიღე და ნურავის დაუგებ საცდურს მოციქულის მსგავსად, რომელიც „სათნო იყო ჰურიათა მიმართ, წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა“ (1 კორ. 10, 32). ქრისტეს სიყვარულისთვის, ჩემს ბატონს შევახსენებ, რომ ჩვენი ჟამი ხორციელი განსვენებისა და სტომაქის ამოვსებისაკენ გადაიხარა, რომლებიც ყველა ვნებას წარმოშობენ; ვინც ასეთი საბაბით მოდის, დაიცავი თავი მათგან, ერისკაცი იქნება ეს, ძმა, თუ მამა. როდესაც ისინი მოვლენ, მაშინ არც მომეტებულად გაუმასპინძლდე და არც სრულად უარყო; ხოლო, თუ ვინმე საკუთრად ამ მიზნით მოდის, განეშორე მას. შენთვის უცნობი არაა აბბას მოპყრობა, თუ როგორ ექცეოდა ის მომსვლელებს. სჯობს, ძუნწი გიწოდონ, როცა ასეთი არა ხარ, ვიდრე ავხორცი. მაშასადამე, ყველას შესაფერისად თბილად მოეპყარი და მიიღე, მაგრამ თავი ისე მოაჩვენე, თითქოს მათსავით ჭამ, სინამდვილეში კი საჭიროზე ნაკლები ჭამე. ხოლო თუ ვინმე გაიძულებს, უთხარი მას: მოციქული ამბობს: „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ (ეფეს. 5, 18). მამები ამბობენ: „ყველა ადამიანს, ვისაც ცხონება და ღვთისადმი სინანულის შეწირვა სურს, ვთხოვთ, რომ საკუთარი თავი ღვინის გადაჭარბებული გამოყენებისაგან დაიცვას, რომელიც ყველა ვნებას შობს“. დაიცავი თავი მათგან, ვინც ამბობს: „თუ შენ არ სვამ, მეც არ დავლევ, და თუ შენ არ ჭამ, მეც არ შევჭამ“. და ყოველმხრივი სიმდაბლით შეუნდე ასეთს და უთხარი: მოციქულმა თქვა: „მჭამელი იგი არამჭამელსა მას ნუ შეურაცხჰყოფნ; და არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ; რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა“ (რომ. 14, 3, 6), და რადგან ერთიც და მეორეც ღვთის სადიდებლად აღესრულება, ამიტომ ისინი ღვთის წინაშე ორივე მართლები არიან. ამიტომ, დაე, თითოეულმა ღვთის სიყვარულისთვის, რამდენიც სურს, ჭამოს და სვას, ხოლო მე, გთხოვთ წყალობას, ნუ მაიძულებთ, რამეთუ უძლური ვარ და მეტის ჭამა არ შემიძლია. მოცუქულმაც ასე თქვა: „არა არს სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ“ (რომ. 14, 17), არამედ სიყვარული და წმიდა გული და სხვ. ასე რომ, მომსვლელთა მიმართ კეთილგონიერი იყავი; გონიერება და სიბრძნე უნდა გქონდეს, რომ თითოეულს შეატყო, რისთვის და რატომ მოდის: ღვთის, თუ საჭმლის გულისთვის; და ბოლოს, რამდენსაც შესძლებ, იმ მომსვლელებთან, რომელთაც სიტყვის მოსმენა სჭირდებათ, მიწიერ თემაზე საუბრებს უფრთხილდი; ხოლო, თუ ვინმეს ღვთის სიტყვის მოსმენა ესაჭიროება (რისთვისაც ღმერთი შენ გონიერებას განიჭებს), ასეთებთან მამათა ცხოვრებიდან, სახარებიდან, სამოციქულოდან და საწინასწარმეტყველოდან ისაუბრე და ნუ მიუშვებ მათ, რომ ამსოფლიურ საქმეებზე ილაპარაკონ. რამეთუ, სხვაგვარად თქვენთვის საჭმელი და სხვა ყველაფერი ხორციელი იქნება. ის, რაც ზემოთ გითხარი, ხორციელ სწავლებას არ ეხება; ხოლო ამ სოფლის საქმეებზე საუბრები თქვენ არ შეგეფერებათ, რამეთუ ეს მიწიერი სწავლებაა. ასეთს უთხარი: აბბა! უფალმა თქვა: „მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა“ (მათე 22, 21); თუ შენ ღვთის გულისათვის მოხვედი, მაშინ შეგიძლია იმაზე ისაუბრო, რაც ღვთისათვის სათნოა. სოფელს თავისიანი უყვარს; მაგრამ ეს სოფელი არ ეთანხმება ღვთის ნებას. სხვაგვარად, ღვთის ნებისაებრ თუ არ ვისაუბრებთ, დავისჯებით, რამეთუ მოციქულმა თქვა: „ზრახვაი იგი ხორცთაი მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ სჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერც ძალუც“ (რომ. 8, 7).
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

689. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელთანაც მამები სტუმრობდნენ, იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ჩემთან რომელიმე მამა მოდის, მე საჭირო ნივთები არა მაქვს, რომ შევთავაზო მას, ყოველთვის ვწუხვარ ამაზე და არ ვიცი როგორ მოვიქცე.ეს აზრი ეშმაკისგანაა. შესთავაზე მათ ის რაც გაქვს და ეს საკმარისია, ნათქვამის თანახმად: "კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს" (ებრ. 13, 5), და ღმერთი აუწყებს მათ შენი გულმოდგინების შესახებ. ვინც ასეთ ნივთებს ეძებს, ის სტუმართმოყვარე ვერ იქნება და მას არც სურს მასთან ვინმე რომ მივიდეს. თუ შენ გაქვს რაიმე შესათავაზებელი, მაგრამ სიძუნწის გამო გენანება, მაშინ, თუნდაც ათასჯერ სცადო, რომ ასიამოვნო, მათი გული არ მიიღებს უწყებას შენი გულმოდგინების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შენ ის ნივთი სხვა აუცილებელი საქმისთვის, ავადმყოფისთვის ან უფრო საპატიო სტუმრისთვის გჭირდება. ყველაფერი განსჯით და ღვთის შიშით უნდა აკეთო. თუ სხვაგან მოგიწევს წასვლა, ნუ მოელი თითქოს იქ მოსვენებას ჰპოვებ და არ აღშფოთდები; რადგან თუ გეგონება, რომ ჰპოვებ მას და ასე არ მოხდება, მაშინ მასპინძლის ძვირისხსენებას დაიწყებ; ძვირისხსენება კი სულის სიკვდილია. მადლიერი იყავი ყველაფრისთვის, რადგან მასშია სულიერი და სულისთვის სასარგებლო საკვები და განსვენება.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

593. როგორ უნდა მივიღოთ უცხონი და როგორ უნდა აღვასრულოთ მცნება გლახაკთა შესახებ? დაუყოვნებლივ მივიღოთ თუ არა ყველა მომსვლელი? როცა ტანსაცმლის თაობაზე თხოვნებით გვაწუხებენ, თუ ის ზედმეტი გვაქვს, მივცეთ თუ არა და კერძოდ ვის?უცხოთშეწყნარება და გლახაკთა შესახებ მცნება ძალისაებრ უნდა აღასრულოთ და მოთმინების საქმეს შეუსაბამოთ. ზედმეტიც რომ გქონდეთ, მაშინაც ზომიერად გაანაწილეთ, რათა ეს მომსვლელებს მუდმივ ჩვევად არ გადაექცეთ. სხვაგვარად, როდესაც თქვენ თავად შემოგაკლდებათ, მთხოვნელი ისევ დაიწყებს იმის ძებნას, რაც ადრე მიიღო. ამიტომ ზედმიწევნით შეიტყვეთ, რა საბაბით ითხოვს მომსვლელი. ის ქურდიც რომ იყოს, როგორც მამები ამბობენ, კურთხევის ნიშნად პური მიეცით და გაუშვით. მაგრამ, რადგან ისეთებიც არიან, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მოდიან, რომ დაგამძიმონ, ამიტომ მათ კადნიერების საბაბი არ მისცეთ, რამეთუ ისინი თქვენს დასამძიმებლად სიძუნწის გამო მოდიან და არა საჭიროების. ტანსაცმელი კი წინდაუხედავად არავის მისცეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მთხოვნელი ფრიად ღვთისმოშიში ადამიანია და თხოვნისა რცხვენია. შეიტყობთ რა ჭეშმარიტებას, თუ აღმოჩნდა, რომ სრულიად უპოვარია და ღვთის გულისათვის ითხოვს და არა თავშეუკავებლობის გამო, მაშინ თანაგრძნობა გამოიჩინეთ.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

734. უნდა მივიღო თუ არა ჩემთან მოსული, მოგზაურობაში მყოფი ყოველი მონაზონი, სანამ არ გამოვკითხავ ვინაა და საიდან? და თუ ვიჩქარებ მის მიღებას, როდის უნდა გავუშვა ის? წასვლისას უნდა გავატანო რამე თუ არა? რამეთუ ზოგიერთები ამასაც საჭიროებენ.ბრძენმა დაგვიწერა: „ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ“ (ზირ. 11, 29). ამიტომ, როდესაც შენთან მგზავრი მოდის, ჯერ ღვთისადმი ილოცე და შემდეგ გამოკითხე: საიდანაა ის და სად მიდის. თუ აღმოჩნდება, რომ უნდა მიიღო, მაშინ მიიღე, დააპურე და გაუშვი, მაგრამ არაფერი გაატანო, იმიტომ რომ, თუ სტუმართა მიღებას შენს ძალებზე მეტად შეეცდები, ვეღარ გაუმკლავდები მას. 735. თუკი მე მგზავრს მივენდობი და რამდენიმე დღით დავტოვებ ჩემთან, მაგრამ, ამასთანავე თავად მსურს სხვაგან წასვლა და მრცხვენია, რომ მასაც წასვლა ვთხოვო, რათა არ დაბრკოლდეს, ან რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, უბრალოდ მსურს, რომ დამტოვოს, მაშინ როგორ მოვიქცე?უთხარი მას გულღიად: „აბბა! სადმე წასვლას ხომ არ ფიქრობ?“ თუ გეტყვის: „კი, მე განზრახული მაქვს წასვლა“, შენც უთხარი: „მეც ასევე მჭირდება სახლიდან გასვლა“. ხოლო, თუ გითხრა: „არა, არ ვფიქრობ“, მაშინ უთხარი მას: „მე წასასვლელი ვარ, მაგრამ აქ არავინაა, შენ რომ მოგემსახუროს ჩემს არყოფნაში“. ასეთნაირად ის მშვიდობით წავა.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

734. უნდა მივიღო თუ არა ჩემთან მოსული, მოგზაურობაში მყოფი ყოველი მონაზონი, სანამ არ გამოვკითხავ ვინაა და საიდან? და თუ ვიჩქარებ მის მიღებას, როდის უნდა გავუშვა ის? წასვლისას უნდა გავატანო რამე თუ არა? რამეთუ ზოგიერთები ამასაც საჭიროებენ.ბრძენმა დაგვიწერა: „ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ“ (ზირ. 11, 29). ამიტომ, როდესაც შენთან მგზავრი მოდის, ჯერ ღვთისადმი ილოცე და შემდეგ გამოკითხე: საიდანაა ის და სად მიდის. თუ აღმოჩნდება, რომ უნდა მიიღო, მაშინ მიიღე, დააპურე და გაუშვი, მაგრამ არაფერი გაატანო, იმიტომ რომ, თუ სტუმართა მიღებას შენს ძალებზე მეტად შეეცდები, ვეღარ გაუმკლავდები მას.735. თუკი მე მგზავრს მივენდობი და რამდენიმე დღით დავტოვებ ჩემთან, მაგრამ, ამასთანავე თავად მსურს სხვაგან წასვლა და მრცხვენია, რომ მასაც წასვლა ვთხოვო, რათა არ დაბრკოლდეს, ან რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, უბრალოდ მსურს, რომ დამტოვოს, მაშინ როგორ მოვიქცე?უთხარი მას გულღიად: „აბბა! სადმე წასვლას ხომ არ ფიქრობ?“ თუ გეტყვის: „კი, მე განზრახული მაქვს წასვლა“, შენც უთხარი: „მეც ასევე მჭირდება სახლიდან გასვლა“. ხოლო, თუ გითხრა: „არა, არ ვფიქრობ“, მაშინ უთხარი მას: „მე წასასვლელი ვარ, მაგრამ აქ არავინაა, შენ რომ მოგემსახუროს ჩემს არყოფნაში“. ასეთნაირად ის მშვიდობით წავა.736. კარგია თუ არა სენაკის ნივთების მილაგება, რაიმე რომ არ დაიკარგოს, თუ ღვთის ნებას მივანდო ისინი?მას შემდეგ, რაც მოთხოვნილება აღსრულებულია, არა მარტო სტუმართმოყვარეობისთვის საჭირო ნივთების დალაგება-მოწესრიგებაა კარგი, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებისაც, რამეთუ ეშმაკს ცდუნების საბაბი არ უნდა მივცეთ. თუ დავიწყების ან სიზარმაცის გამო რაღაც დაიკარგება, წუხილს ნუ დაიწყებ, არამედ საკუთარი თავი სიზარმაცეში დაადანაშაულე და ღვთისაგან შენდობა ითხოვე. მაგრამ ამის გამო მტერმა არ მოგწყვიტოს სტუმართმოყვარეობის კეთილი საქმისაგან, არამედ მასში შენი ძალისაებრ, გადაჭარბების გარეშე ივარჯიშე, აკეთე ეს განსჯით და ამასთანავე იზრუნე, რათა არ ცდუნდე.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

793. ერთ ქრისტესმოყვარე, სტუმართმოყვარე და ამ საქმეში აბრაამის მბაძავ კაცს, ავადმყოფობის გამო სიკვდილის საშიშროება მოელოდა. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაშინ უფლის მიერ მასზე შეყვარებულმა ადამიანებმა ბერ იოანეს კაცები გაუგზავნეს და ჰკითხეს: თუ მისი აღსასრული მოახლოებულია, მას სურს, რომ ანდერძი დატოვოს.აბბა იოანემ ასეთი პასუხი გასცა: მისი აღსასრული მოახლოებულია და მან თავის სახლის თაობაზე ანდერძი უნდა დატოვოს. განუცხადა რა ეს გამოგზავნილებს, მან თავის მომსახურე ძმას უთხრა: „წადი წმინდა ბერთან (ბარსანუფისთან) და სთხოვე ილოცოს, რათა უფალმა სტუმართმოყვარეობის კეთილი საქმეებისთვის სიცოცხლე გაუხანგრძილოვოს მას (ავადმყოფს), რადგან თუ ბერი ღმერთს სთხოვს, ის მადლს მიიღებს. მომსახურე ძმა ბერთან მივიდა და თხოვნით მიმართა; მან ლოცვა აღავლინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. აბბა იოანემ ის წმინდა დიდ ბერთან მეორედ და მესამედაც გაგზავნა, მაგრამ ბერი ისევ ლოცულობდა და არაფერს ამბობდა. აბბა იოანე მიხვდა რაში იყო საქმე და თავის მოწაფეს უთხრა: ის ავადმყოფი ჯერ არ მოკვდება, რამეთუ ბერს ღვთისაგან ნაბოძები აქვს ეს ნიჭი. აბბამ ყველაფერი აუწყა იმათ, ვინც ავადმყოფისთვის ლოცვა ითხოვა, ის ადამიანი კი სიკვდილის საშიშროებას მაშინვე გადაურჩა და წმინდა და დიდი ბერის, ბარსანუფის და მისი მიმბაძველის და თანამოსაგრის, აბბა იოანეს ლოცვებით სრულიად განიკურნა; შეიტყო რა თავისი განკურნების გარემოებების შესახებ, ის კაცი ღვთის სადიდებლად კიდევ უფო წარემატა სტუმართმოყვარეობაში.
link
image

თემა: სტუმართმოყვარეობა

699. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებს მასპინძლობდა, წერილი გაუგზავნა იმავე ბერს და ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა თუ არა მისთვის, რომ ეს სოფელი საერთოდ მიეტოვებინა და მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. როდესაც ბერმა პასუხში მისწერა, რომ ამ სოფლის მიტოვება სტუმართმოყვარეობას აღემატება, მას ეგონა, ამით მას მცნება მისცეს, რის გამოც ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გადაწყვიტა ამიერიდან არაფერი აღარ ეკითხა მამებისათვის. შეიცნო რა ეს სულით, ბერმა ბრძანა შემდეგი პასუხი მიეწერათ მისთვის.უპირველეს ყოვლისა, შენს სიყვარულს უფლის მიერ მივესალმებით და გთხოვთ, ყველანაირი სევდიანი აზრები გვერდზე გადადე და სიხარულით და ღვთის შიშით წაიკითხე და გაიაზრე ის, რაც ადრე, წინა წერილში მოგწერეთ. ჩვენ მცნებად არ დაგვიდია ის, ვისწავლეთ რა ეს მოციქულისაგან, რომელიც ამბობს: "არა რაითა საფრხე დაგიგო თქუენ" (1 კორ. 7, 35), არამედ, თქვენთვის ორივე საქმის სარგებლის განსხვავებაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენ ყველამ უკვე მოვისმინეთ. მაცხოვარმა სახარებაში თქვა, რაც რჯულშია დაწერილი: "არა იმრუშო, არა კაც ჰკლა“, და სხვ; ხოლო შემდეგ, როდესაც ჭაბუკმა ჰკითხა: "ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაიღა მაკლს მე?" - სრულყოფილების თაობაზე უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი" (მათე 19, 18) და სხვ; რაც შენ იცი. მაგრამ სიკეთის მოძულე ყოველთვის უკან დაგვყვება და ხელს გვიშლის ყველანაირ კეთილ საქმეში. დაინახა რა მან, რომ თქვენ სასარგებლო რჩევა მოგწერეს, მანამდეც, სანამ წერილის შინაარსს გაიაზრებდით, თითქმის მოახერხა თქვენი აზრების შეშფოთება. საკვირველია, როგორ აბნელებს და იტაცებს ბოროტი ადამიანის აზრებს, რათა მან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღოს, ან საკუთარ თავს ჰკითხოს, თუ რატომ შფოთავს. მაშინ ის ეტყოდა თავის თავს: "რად მწუხარე ხარ სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე ავუარო მას“, და ა.შ. (ფსალ. 41, 6). ამას იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანს ეგონოს, თითქოს, ასე რომ წმიდანებს დაეწერათ, მაშინ დაწერილი დაეხმარებოდა მას და არ ჩააგდებდა შფოთსა და განსაცდელში. მაგრამ ფხიზლად მყოფს ახსენდება, თუ როგორ შეცბუნდნენ მოციქულები ურწმუნოების გამო, როდესაც თავის მეუფე და მაცხოვარი, ქრისტე დაინახეს; რამეთუ მან განუცხადა მათ ეს და უთხრა: "რაისა შეძრწუნებულ ხართ, და რაისათვის გულისსიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?“ (ლუკა 24, 38) და მისი სიტყვების შემდეგ, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენც ასევე, უკეთუ წერილს დამშვიდებული გულით წავიკითხავთ და მივხვდებით, რომ წერილში ნათქვამის თანახმად ასეული და სამოცეული ნაყოფის გამოღება არ შეგვიძლია, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში მესამედი მაინც შევძლოთ, - ანუ ოცდაათეული (მათე 13, 23 და მარკ. 4, 20). ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ წერილმა ყველა შემთხვევაში სარგებელი მოგვიტანა; ხოლო თუ არ შეგვიძლია სრულყოფილებისაკენ ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ის მაინც ვისწავლოთ, რომ სტუმარ-მასპინძლობის საქმით არ ვიამაყოთ, თითქოსდა რაღც დიად საქმეს აღვასრულებთ, მით უმეტეს დავინახეთ, რომ ძალები არ გვეყო სრულყოფილებისაკენ ნაბიჯის გადასადგმელად. პირველი წერილით ჩვენ ის საქმე კი არ უარვყავით, რომელსაც ახლა ასრულებთ, არამედ, გირჩიეთ ის, რომ უფრო დიდ საქმეს შეუდგეთ, ხოლო თუ იმავე საქმეს გააგრძელებთ, რაშიც ახლა ვარჯიშობთ, - რომ ის მდაბალი აზრებით აღასრულოთ, ნუ გაგიკვირდებათ განსაცდელები. ჩვენ გვაქვს მცნება: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). ერთხელ ერთმა ძმამ რომელიღაც წმინდა მამას ჰკითხა: „ჩემო მამაო, დაძინებამდე ბევრს ვლოცულობ და პირჯვარს ვიწერ და იმ ღამეს სიძვის ცდუნება მებრძვის, ხოლო თუ არ ვლოცულობ და პირჯვარს არ გამოვისახავ, მაშინ ცდუნებაც თავს მანებებს. რას ნიშნავს ეს?“ ბერმა მას ასე უპასუხა: „დემონები ცბიერად გექცევიან ასე, რათა ლოცვას და ჯვრის ნიშანს მოგწყვიტონ, რადგან იციან, რომ ადამიანი მათგან შეწევნას ღებულობს“. ასევე მამებს თუ ჰკითხავ რამეს და დემონები მათი პასუხით დროებით შეგაშფოთებენ, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო მათი გამოკითხვა. მამები მძიმეს და საზიანოს არაფერს გვინიშნავენ, რამეთუ ისინი მისი მოწაფენი არიან, ვინც თქვა: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11, 30). მათგან სასარგებლო ნაყოფს შემდგომში მივიღებთ და მაშინ ვიღაღადებთ მეფსალმუნესთან ერთად: „მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა“, და ა. შ. (ფსალ. 29, 12).
link
1
2
image
image