ავტორი:
ილია II
თემა: შობა
საშობაო ეპისტოლე - 2003
საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის.
"შობამან შენმან, ქრისტე მაცხოვარ, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა..."
"დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო, აღსრულდა! ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16).
საქართველოს სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
ქვეყანას მოევლინა ლოგოსი – ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: "ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად – ღვთის საყდრად, რამეთუ მასზე გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზენაესი ღვთაება; და შეიმოსა ხორცით უფალი, რათა მის მიერ მოგვნიჭებოდა ხსნა."წმიდა იოანე მახარებელი კი ბრძანებს: "მის თანა ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1, 4-5).
ეს ნათელი მარად იბრწყინებს, რადგან იგია დაუსაბამო სიყვარული, უნაპირო, ყოვლისმომცველი, მიუწვდომელი და მაცხოვნებელი; და ეფინება იგი ჩვენს ძალმომრეობითა და შიშით, სიძულვილითა და მონობით, შურითა და ბოროტებით სავსე ყოფას და ამ ჭუჭყისგან ათავისუფლებს ყველას, ვინც უფალს მიანდობს თავის გულს – თავის "დიდ გონებას" (ასე უწოდებდა გულს დიდი ფიზიოლოგი პავლოვი). 2000 წელია კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა ამ საოცარ მადლთან ზიარებისა და განწმენდისა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს ღვთის ამ უჩვეულო წყალობის მნიშვნელობას და იწყებს სვლას ზეცად აღმყვანებელ კიბეზე.
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთ სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შეწევნით აუცილებლად განვთავისუფლდებით.
ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანელად მძიმე და დამთრგუნველი.
მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ეს არ არის ადვილი, მითუმეტეს დღეს, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები. სულიერ კრიზისს თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური კრიზისი.
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტობრივად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ.
მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
დადგა დრო, როდესაც თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემების საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური გადაწყვეტა სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიქნა. ამ მხრივ ჩვენს ეკლესიაში პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, სასულიერო და საერო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებს შორის იმედის მომცემია და, ვფიქრობთ, კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ მეგობრულ ხელს ვუწვდით ჩვენს ინტელიგენციას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საზრუნავი კი მრავლადაა.
მსოფლიოს გლობალური კომპიუტერიზაციის პროცესის ფონეზე ინეტრნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებანი ხშირად ავრცელებენ ნეგატიურ დამთრგუნველ ინფორმაციებს, თესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი, არყევენ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრების სულიერ საფუძვლებსა და აღვიძებენ მდაბალ ინსტინქტებს. შედეგიც სახეზეა, - თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას, გარკვეულწილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასკოლო პროგრამებში ნატურალიზმამდე დასული სექსუალური აღზრდის კურსის შეტანაც მოისურვეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს სულიერი აღქმა მოვლენებისა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ სათანადო პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს: პირველ რიგში უნდა დავიცვათ ადამიანის სული, მისი ფსიქიკა და შინაგანი ბუნება.
არ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ; ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.
რჩება ერთი გამოსავალი: უნდა შევძლოთ ახალგაზრდებში ყოველივე ნეგატიურისა და უზნეობისადმი იმუნიტეტის გამომუშავება და მათთვის მყარი მორალური საფუძვლის შექმნა. ადრეც არაერთგზის მითქვამს, რომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის. ვფიქრობ, ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რადგან, პროცესები თუ ასე განვითარდა, საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახსა და სახელმწიფოს ემუქრება.
მიგვაჩნია, რომ უწინარესად უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის სიუჟეტების მქონე ფილმების ჩვენება, ამასთან არ უნდა დავუშვათ სექსუალური აღზრდის შესახებ ცალკე საგნის სწავლება; ამ მხრივ ბავშვებს ეთიკური ნორმების დაცვით სათანადო ცოდნა შეიძლება მიეცეს ანატომიისა და ზოგადი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
განა არ არის დრო სერიოზულად დაფიქრდეს ხელისუფლებაც, ეკლესიაცა და ინტელიგენციაც ქვეყანაში დანაშაულებებისა და თვითმკვლელობათა რიცხვის კატასტროფული ზრდის მიზეზებზე? ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ერის მომავალზე. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება უნდა იქცეს ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობის საფუძვლად, უნდა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალიზება ცხოვრებაში, თუკი გვსურს ავაშენოთ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, ზნეობრივი საფუძვლებით.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენებისა, პესიმიზმი არ უნდა დაგვეუფლოს. პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება; მთავარია, ჩვენ შევძლოთ მათი გადალახვა. "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად", - ამბობდნენ ძველი რომაელები. წარსული და მომავალი აწმყოშია, ეს დღე ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია ეს ძნელად სავალი გზა, რომელიც ერთად უნდა განვვლოთ. არ უნდა ვაიდეალებდეთ წარსულს და არც შიშით უნდა შევყურებდეთ მომავალს. საქართველო ბევრჯერ მდგარა სრული დანგრევისა და განადგურების საფრთხის წინაშე, მაგრამ ღვთით აღვმდგარვართ და გავძლიერებულვართ. მთავარია, უფლის მოწყალება და მისი მფარველობა კვლავაც დავიმსახუროთ.
უკეთუ ჩვენში ქრისტე იქნება და ჩვენს წარსულსა და მომავალს იგი აღავსებს, ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის არსს და იმასაც, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე მოციქული: "... გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორება, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი – ყოველივე თქუენი არს. ხოლო თქუენ – ქრისტესნი, ხოლო ქრისტე – ღმრთისა" (Iკორ. 3,22-23). ასეთი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დაუცხრომელი ძიებით, ტანჯვით, სულიერი და ფიზიკური შრომით მიიღწევა. დიახ, მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
ჩვენი ცხოვრება მრავალ უმნიშვნელოვანეს მხარეს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთობის საკითხი. თანამედროვე კაცი იმითაცაა განსხვავებული, რომ ზედმეტად თვითდაჯერებულია, არ ერიდება სიცრუეს, შეურაცხყოფას და, ამავე დროს, მკაცრია სხვათა მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვართ მომსწრენი იმისა, თუ არგუმენტირებული საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად თავის აზრს ჯიუტად როგორ ამტკიცებს ესა თუ ის პიროვნება და მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მქადაგებლად. ბოროტი სულის მიერ შეპყრობილი და ამპარტავნების ცოდვით მოცული ასეთი ადამიანი უარყოფს სხვათა ყველა მოსაზრებას და მტრობისა და შეურიგებლობის ცოდვაში ეფლობა. ასეთს უფალი ტოვებს და განერიდება, რადგან სძაგს ულმობელი გული.
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, მას წილი არა აქვს ღმერთთან. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6,14-15). ერისკაცს და მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს, მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.
იყო ასეთი შემთხვევა: III საუკუნეში ანტიოქიაში ორი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა – მღვდელი საპრიკიოსი და ერისკაცი ნიკიფორე, რომლებიც ერთმანეთთან დიდად მეგობრობდნენ; ასე რომ, ხალხს ისინი ძმებად მიაჩნდა. გავიდა ხანი და სატანის ცდუნებით მათ შორის ურთიერთობა დაირღვა და ძველი სიყვარული მალე მტრობამ შეცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ ნიკიფორემ შეინანა თავისი მოქმედება და შენდობა სთხოვა საპრიკიოსს, მაგარმ მღვდელმა არ შეუნდო იგი და მასზე კვლავ გულძვირად დარჩა. ამ დროს რომის იმპერატორებმა ვალერიანემ (245-259 წ.წ.) და გალიენმა (260-268 წ.წ.) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს. ანტიოქიაში სასამართლოში ერთ-ერთი პირველთაგანი მღვდელი საპრიკიოსი მიიყვანეს, რომელსაც, რადგან თავი ქრისტიანად მტკიცედ აღიარა, სიკვდილი მიუსაჯეს. როდესაც საპრიკიოსი განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნიკიფორე კვლავ ცრემლით სთხოვდა შენდობას და ეუბნებოდა: შენ მალე წმიდა მოწამე გახდები, უფლის გვირგვინს მიიღებ და გევედრები, ნუ დამტოვებ პატიების გარეშეო; მღვდელმა გული გაიქვავა და თხოვნა არ შეიწყნარა. აი, ამ დროს, მოწამეობრივ აღსასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას ღვთის მადლი უცებ განეშორა და გაქრა მისი სიმტკიცეც; უფლისადმი ერთგულების გრძნობა სიკვდილის შიშმა შეცვალა; მან უარყო ქრისტე და მსხვერპლი შესწირა კერპებს.
ნიკიფორე კი, რომელმაც ყოველივე იხილა, აღივსო მადლით და უშიშრად შესძახა ჯალათებს: "მე ვარ ქრისტიანი, მე მომკალითო". მის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს მმართველს და მანაც ბრძანა, რომ საპრიკიოსის ნაცვლად ნიკიფორე ეწამებინათ.
მოყვასისადმი მიუტევებლობის გამო საპრიკიოსის სული ჯოჯოხეთის სიბნელეში დაინთქა, წმიდა ნიკიფორეს ხსენებას კი ძველი სტილით 9 თებერვალს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მიანიჭებს მადლს". ეს მაგალითი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, როცა ირგვლივ მტრობა და სიძულვილია გაბატონებული.
მაშ, ისწრაფეთ შერიგებისა და ერთსულოვნებისაკენ, ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, ისწავლეთ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების დანახვა და სინანული, და თქვენი ცხოვრება სწორი გზით წარიმართება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "უფალი არასოდეს უარყოფს წრფელ სინანულს სათნოების გზაზე დაბრუნების მსურველი, თუნდაც უკიდურეს ბიწიერებამდე დაცემული ადამიანისა. ღმერთი ზურგს არ აქცევს ასეთ ცოდვილს, პირიქით, იახლოვებს მას და ყოველივეს იქმს, რათა მას თავდაპირველი პატივი დაუბრუნოს და უმეტესიც მიაგოს".
აქვე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ღვთისმსახურთა შესახებაც. სასულიერო პირი, ვიდრე მას აქვს უფლება მღვდელმოქმედების აღსრულებისა, ღვთაებრივი მადლის და ძალის მატარებელია. მას შეუძლია აკურთხოს და შეუძლია, აგრეთვე, დასაჯოს ადამიანი; შეუძლია შეუნდოს ცოდვები, შეუძლია არც შეუნდოს; ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სინანულით მიდის მასთან ესა თუ ის პიროვნება. ამის უფლება იესო ქრისტემ მოციქულებს მიანიჭა და იგი მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელთდასხმით თაობიდან თაობას გადაეცემა. რაც შეეხება მოძღვრის პირადულ ცოდვებს, ისინი მღვდლობის მადლს ჩრდილს ვერ მიაყენებენ; თუმცა ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე პასუხი უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს.
დიახ, მოძღვარი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელია და ამიტომაც არ შეიძლება იხუმრო მღვდელმსახურზე, დაამცირო, ან განიკითხო იგი და, მით უფრო, დასცინო მას, რადგან შენ ამით შეურაცხყოფ არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იმ მადლს, რომელიც ღვთის ნებით მასზე არის გარდამოსული. მოვიყვან მაგალითს ეპისკოპოს გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებიდან. ერთხელ ამ მღვდელმთავარს შემოხვდა სამი ახალგაზრდა, რომელთაც მისი მოტყუება განიზრახეს. ერთ-ერთი მათგანი მიწაზე დაწვა და მიცვალებულივით ხელები გულზე დაიკრიფა, დანარჩენებმა კი მწუხარე სახეები მიიღეს. როდესაც ეპისკოპოსი მათთან მივიდა, ფულისა და მიცვალებულისათვის რაიმე გადასაფერებლის მიცემა სთხოვეს. ეპისკოპოსმა მისცა თავისი ზედა სამოსი და თანხაც. როცა უგუნურმა ახლაგაზრდებმა ეპისკოპოსი გააცილეს, დასცინეს: მასში რომ უფლის სული ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ მის წინაშე ცოცხალი ადამიანი იწვაო. თავისი ხუმრობით ნასიამოვნებმა ყმაწვილებმა მწოლიარე მეგობარს მოუწოდეს, რომ ამდგარიყო, მაგრამ იგი არ გაინძრა. იფიქრეს, ალბათ, ჩაეძინაო და შეანჯღრიეს, თუმცა ამაოდ – იგი მართლაც გარდაცვლილიყო. ასეთი იყო სასჯელი ღვთისა და მათ სიცილი ტირილად შეეცვალათ.
სულიერი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მადლმოსილი. ცნობილი ათონელი მოღვაწე, ღირსი სილუანე გვარიგებს: "თუ გინდა, რომ გქონდეს სიმშვიდე, ყველა უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი და ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისათვის. როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფის... მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა."
სხვაგან იგივე ღირსი მამა გვმოძღვრავს: "გახსოვდეს ორი აზრი და ერიდე მათ. ერთი ამბობს: შენ წმიდა ხარ; მეორე – შენ ვერ ცხონდები. ორივე აზრი ბოროტისგანაა და მათში არაა ჭეშმარიტება. ხოლო შენ ასე იფიქრე: "მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალე და კაცთმოყვარეა და გულწრფელი მონანიებით მომიტევებს ჩემს ცოდვებს."
სასოებით ვისმენთ დღეს ანგელოზთა საშობაო საგალობელს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით თავს არავის ახვევს. უფალი ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს; ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითა და ნებისყოფით გვრთავს ჩვენი გამოხსნის პროცესში. ეს არჩევანი არ არის ადამიანის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაღვრელი, იგია არჩევანი მარადიულ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
სამწუხაროდ, მრავალნი ნათელში ყოფნას ბნელში ჯდომას ამჯობინებენ და ზურგს აქცევენ უფალს; ზოგიერთნი კი საერთოდ ღვთისმბრძოლნი ხდებიან.
ჩვენმა ერმაც გადაიტანა ღვთისმბრძოლობის პერიოდი, სულიერი გამოფიტვისა და შიმშილის ჟამი. წლების მანძილზე უფლის ნათელს მოკლებული გონება შეურიგებლად ებრძოდა შემოქმედს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, "ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა". ბევრი მიხვდა, რომ ჭეშმარიტ რწმენას მოკლებული რაციონალიზმი დამღუპველია როგორც ცალკეული პიროვნების, ისე კაცობრიობისათვისაც; რომ ქრისტეს გარეშე ადამიანები უფსკრულისაკენ მიექანებიან და ამიტომაც სწორად ცხოვრება გვსურს, თუ გვსურს ბედნიერება ჩვენი ხალხისა და ქვეყნისა, "ნათელი მეცნიერებისა" უნდა დაემკვიდროს ყველგან: მთავრობაში, ინტელიგენციაში, სასწავლო დაწესებულებებსა და ჯარში, გლეხობასა და უბრალო მშრომელებში.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ათეისტური ხელისუფლების პერიოდშიც მრავალმა მეცნიერმა და ინტელიგენციის სახელოვანმა წარმომადგენელმა გაუძლო მძიმე წნეხს. მათ არა მარტო თავად შეინარჩუნეს რწმენა, არამედ რაღაც გზებით ფარულად გადასცეს იგი თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. უფალმა აკურთხოს ისინი; მე კი მადლიერებით ვხრი თავს მათ წინაშე.
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონაზვნო დასნო, ყოველნო ღვთივკურთხეულნო მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო, მშობლიური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრნო, - ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ და მაცხოვნებელ დღესასწაულს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "უფალმა თვისი განხორციელებით ორი დიდი სიკეთე მოიტანა: ღვთაებრივი ბუნება კაცობრივ ბუნებას შეუერთა, რათა კაცი განეღმრთო და ადამიანში საიდუმლო მადლით ყოვლადწმიდა სამება დაემკვიდრებინა".
დაე, ახალი წელი ყველა ჩვენგანისათვის ღვთის დიდების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის, საქართველოს გაერთიანების, თანხმობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ იყოთ სიხარულის მიმნიჭებელნი ერთმანეთისათვის და ცათა შინაც მარადიული სიხარული მოგეპოვებინოთ.
იმედით შეხვდით მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი ეგოიზმი და ვნებები, რადგან ბოროტს ძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე ძლია საკუთარ თავს.
ღმერთს ებარებოდეთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2002-2003.