ავტორი:
ილია II
თემა: შობა, ღვთის ნება
საშობაო ეპისტოლე - 2006
გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი
"აჰა, ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,8).
ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოსა და სამშობლოს ფარგლებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!კვლავაც დაგვიდგა დღე იდუმალი – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიადი საიდუმლოს თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვსცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან "ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (ინ. 3,16).
მადლობას ვწირავთ უფალს იმისთვისაც, რომ მოგვანიჭა გონება და შინაგანი ხედვა, რათა სული ჩვენი ვყოთ ტაძრად, გული კი – სანთლად წინაშე ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი ერი ოცი საუკუნეა მისდევს მაცხოვრის გზას და დღემდე ერთგული დამცველია იმ რწმენისა, რომელიც იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა იქადაგეს.
მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.
დღესაც ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელნიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარეობენ და მამა-პაპათაგან აქვთ შესისხლხორცებული.
საერთოდ, რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
ამიტომაც იყო, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, როგორც ჩვენთან, ისე ნებისმიერ ქვეყანაში, დამპყრობლები ცდილობდნენ ხელოვნურად თავს მოეხვიათ არა მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური გავლენა, არამედ მოეხდინათ კულტურულ-რელიგიური ასიმილაციაც, რაც გულისხმობდა როგორც რწმენის, ასევე სიმღერის, ცეკვის, სამოსლის, ლიტერატურული ღირებულებების, სუფრის წესის და ა.შ. შეცვლას. ეს ხელოვნური ექსპანსია, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა და განსხვავდება კულტურათა შორის ურთიერთგამდიდრების ბუნებრივი პროცესისგან, რაც კაცობრიობის კულტურულ განვითარებას განაპირობებს.
დღეს კულტურასა და ცხოვრების წესზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრ იარაღად ისეთი საშუალებები იქცა, როგორიცაა მასმედია, კინოხელოვნება, ინტერნეტი და სხვ.
საზოგადოების, გასაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.
წლების განმავლობაში, არატრადიციული ღირებულებების ხელოვნურად დანერგვას ხელს უწყობენ გარკვეული ძალებიც და ამას თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების პროცესად წარმოაჩენენ, რითაც დარტყმას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას აყენებენ.
ვფიქრობთ, სახელმწიფოსათვის არ უნდა იყოს სულერთი, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან მომავალი თაობის წარმომადგენლები. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და ისედაც ვიცი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში ოფიციალური და წამყვანი ტელევიზიები თითქმის არსად უჩვენებენ ძალადობის, ნარკომანიის, აღვიახსნილობის ამსახველ ფილმებსა და გადაცემებს, მართალია, არსებობს საკაბელო ტელევიზიები, სადაც მსგავსი მიმართულება დომინირებს, მაგრამ მათი მომხმარებლები დაბალ სოციალურ-კულტურულ ფენას განეკუთვნებიან და, ამასთან, სათანადო გადასახადსაც იხდიან.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ., მეგობრობის, ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო მისი ისტორიიდან მომდინარეობს და საკუთარ ტრადიციებზეა დაფუძნებული.
ასევე შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და მისაბაძად იგი ვაქციოთ, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქვეყნის კულტურის, რელიგიისა და ტრადიციისა. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის საზოგადოებებს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. ამისი დადასტურებაა იაპონიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, ნორვეგიისა და სხვათა მაგალითი.
ვფიქრობთ, ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ისრაელის სახელმწიფოს მაგალითზე, რომელმაც უმოკლეს დროში მოახერხა დიდი წინსვლისათვის მიეღწია პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროში და, ამასთან, აეშენებინა ტრადიციული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო.
სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია ეკლესიას, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მაინც ახალგაზრდობაზე მოდის, რადგან ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. მან უნდა შეიმუშაოს ახალი ეროვნული იდეები, ახალი პროექტები, გამონახოს ახალი გზები განვითარებისა და პრობლემების მოგვარებისათვის.
ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობისათვის, და არა მარტო მისთვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ნარკომანია წარმოადგენს. მან დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ზოგიერთს იგი არასწორი ყოფის გამოვლინებად მიაჩნია, თვით ნარკომანები კი მას ლამის ვაჟკაცობად თვლიან; სინამდვილეში ეს არის ლაჩრობა, ეს არის სირცხვილი, ეს არის შიში რეალობისადმი და თავის არიდება იმ პრობლემებისათვის, რომელთა წინაშეც ყოველი ჩვენგანი დგას. იგია ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობა, უარის თქმა იმაზე, რომ შესაძლებლობისამებრ სიკეთე მოუტანო ოჯახს, საყვარელ ადამიანს, საზოგადოებას და სახელმწიფოს (ჩვენ აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკების გამავრცელებლებზე, რომელთა საქმიანობაც ეშმაკის მსახურებაა).
მე მესმის, რომ ეს მძიმე სენია და მისგან თავის დაღწევა ადვილი არაა, ამიტომაც თანავუგრძნობ მათ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ხელისუფლებამ, მეც და ჩვენმა ეკლესიამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, ერთი მხრივ, შევიმუშავოთ სერიოზული პრევენციული ზომები (განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებში), მეორე მხრივ, ამ საშინელ ურჩხულს როგორმე გამოვგლიჯოთ ჩვენი შვილები.
ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მორწმუნე და გრძნობდეს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე; მას ასევე უნდა ჰქონდეს დიდი სურვილი დაავადებისაგან განთავისუფლებისა და იმედი ღვთის შეწევნით მიზნის მიღწევისა. აგრეთვე, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და სასულიერო პირს უნდა აკურთხებინოს სახლი, უნდა მარხულობდეს, ხშირად უნდა ამბობდეს აღსარებას, რათა გათავისუფლდეს ცოდვებისაგან და მიიღოს წმინდა ზიარება. დარწმუნებული ვარ, ასეთი პიროვნება აუცილებლად დაამარცხებს ცოდვიან მიდრეკილებებს და გაიმარჯვებს საკუთარ თავზე.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს.
განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომღა ვსჯით მკვლელებსა და ქურდებს, სხვა ბოროტმოქმედთ, მათაც ხომ მიდრეკილებები აქვთ ამ დანაშაულობების მიმართ?
ასეთი ლიბერალური მიდგომის პროპაგანდა არ შეიძლება; ამას მხოლოდ ურწმუნონი თუ გააკეთებენ და ისინი, ვისაც, როგორც ამბობს პავლე მოციქული, სინდისი დამწვარი აქვთ. მართალია, მათი რიცხვი საქართველოში ჯერ დიდი არ არის, მაგრამ ეკლესიის ვალია გააფრთხილოს ისინი და აუხსნას, რომ იმქვეყნად თავიანთ თავს საშინელ ხვედრს უმზადებენ, თუმცა არც ამქვეყნად დარჩებიან დაუსჯელნი.
მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის მთლიანობის აღდგენის საკითხი. საქართველოსთვის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული შიდა კონფლიქტები, რომელსაც არასწორად ეთნოკონფლიქტებსაც უწოდებენ, ორასი წლის მანძილზე მტრული ძალების მიერ წარმოებული ინფორმაციული ომის შედეგიცაა.
მავანნი დღესაც ცდილობენ შეუქმნან საერთაშორისო საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისტორიულად არაქართული ტერიტორიებია.
ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია... ნაწილობრივ პოლიტიზებული მეცნიერებებია და, ბუნებრივია, ყოველი ქვეყანა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებს მათ. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმპერიებისთვის, რომლებიც ამ მეთოდით ცდილობენ გაიმყარონ თავიანთი პოზიციები ("გათიშე და იბატონე"-ს პრინციპი).
ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად იყო წარმოდგენილი. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და წირვა-ლოცვის ჩატარებაც სცადეს, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა.
ქართული საზოგადოება წინ აღუდგა აფხაზთა მუჰაჯირობის (გადასახლების) პროცესსაც, ვინაიდან აფხაზეთი ოდითგან ჩვენი კულტურის და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო და არის.
ასევე ჩვენი ნაწილია ოსებიც, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, აფხაზებისა და ოსების ბოლო თაობები იმპერიულ ისტორიოგრაფიაზე გაიზარდნენ, რომელმაც მათ ქართველებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა. ეს იყო ნელი მოქმედების იდეოლოგიური ნაღმი; ამ ნაღმმა ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძმობა და ერთობა დაგვარღვევინა. მაგრამ ჩვენ შორის არსებული ნათესაური, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამო მტერმა მიზანს ბოლომდე მაინც ვერ მიაღწია. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძირითადად განიხილება, როგორც პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი და არა ხალხებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რისი დადასტურებაცაა ის კეთილგანწყობა, რომელიც ორივე მხარის უბრალო ადამიანების ძირითად ნაწილში დღესაც სუფევს.
ვლოცულობთ, რომ მალე აღდგეს ნამდვილი მშვიდობა და ერთობა ჩვენს შორის.
ის ძალები, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს უპირსპირდებიან, ეკლესიის წინააღმდეგაც გამოდიან და სურვილი აქვთ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით იგი სხვა კონფესიების უფლებების დამრღვევად წარმოაჩინონ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი კონსტიტუციურ შეთანხმებასაც ასახელებენ და რელიგიური თავისუფლების მოტივით, ყველას თანსაწორუფლებიანობას ითხოვენ, მაშინ, როდესაც მსგავსი სამართლებრივი მოდელი არცერთ ტრადიციული კულტურის სახელმწიფოში არ არსებობს. მაგალითად, არცერთ ქვეყანაში არ არის ყველა კონფესიის დიდი დღესასწაული სახელმწიფო უქმე დღედ გამოცხადებული. არცერთ სახელმწიფოში ჯარში არ მსახურობს ყველა კონფესიის სამხედრო მოძღვარი და ა.შ. რაც, უბრალოდ, ქაოსსა და ანარქიას გამოიწვევდა.
პირიქით, ევროპაში სწორედაც რომ სხვა მაგალითები გვაქვს: ბრიტანეთის სახელმწიფოს მონარქი, იმავდროულად ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია, ხოლო ეპისკოპოსები ლორდთა პალატის წევრები არიან; რომის პაპი სახელმწიფო ვატიკანის მეთაურია; ვატიკანი კი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება ევროპული ქვეყნების სამართლებრივი მოდელების შესაბამისად შეიქმნა და მას მხარი დაუჭირა ქვეყანაში არსებულმა ყველა ტრადიციულმა რელიგიამ. იგი იყო, აგრეთვე, საერთო-საჯარო განხილვის საგანი და, შეიძლება ითქვას, მთელი ქართველი ერის მხარდაჭერით იქნა მიღებული.
ამ დღეებში შემდგარმა წმინდა სინოდის სხდომამ, ერთ-ერთ საკითხად მიიღო საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტი, სადაც არის თხოვნა კონსტიტუციური შეთანხმების სრულად განხორციელებისათვის ორმხრივი კომისიების ამუშავების შესახებ. ვიმედოვნებთ, ეს თხოვნა მალე რეალობად იქცევა.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ განსაცდელს უფალი უშვებს, რათა, როგორც ცალკეული ადამიანი, ისე ესა თუ ის ერი გამოიცადოს "ვითარცა ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო".
"გამოსვლათას" მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა.
ქართველი ერის მთელი ისტორიაც სულიერი გზაა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისაკენ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა.
მთელ ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს "ძლევა საკვირველი", რადგან თექვსმეტი წლის ყმაწვილმა დავითმა ტერიტორიებდაკარგული, გაღატაკებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, სულიერად და მორალურად განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და ღმერთმა თავისი სიდიადე დაუძლურებულ ერში სწორედ ამ ახალგაზრდა მეფის საშუალებით განახორციელა; და კვლავ განცხადდა პავლე მოციქულისადმი ნათქვამი უფლის სიტყვები: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორ. 12,9).
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ღვთის განგებულებით, ქართველთა გამოხსნისა და აღორძინების საქმე დავითს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია. ამ პროცესს საფუძველი ტაო-კლარჯეთში ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით. საქართველოს აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ასევე მტერთაგან დასუსტებულ ქვეყანაში სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის აგება და ერის სულიერი მომზადება იყო. აი, ამ ფაქტებმა შექმნეს წინაპირობები დავითის საქართველოსთვის.
ასე, რომ კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმრთისაგან, მაგრამ ერის განწმენდის გარეშე ეს სასწაული არ აღსრულდება. აუცილებელია მოხდეს სინერგია, ანუ უფლისა და ადამიანის ნებათა თანხვედრა.
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!
უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
დიდი მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას, რადგან ამ დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ერთიანდება და აღავლენს ერთობლივ ლოცვას წინაშე ღვთისა. მაცხოვარი ბრძანებს: სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო; როცა ამდენი ადამიანი ერთად შეჰღაღადებს უფალს და დახმარებას სთხოვს, რა თქმა უნდა, იგი ჩვენთან იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიის ყველა სულიერ შვილს, როგორც ქართველთ, ისე სხვა ერის წარმომადგენელთ, რომ შვიდგზის ლოცვა გააძლიერონ და ეს იქნება დასაწყისი საქართველოს განბრწყინვებისა.
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისა:
უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო. აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა, შვილთა სიმრავლე, ნაყოფთა სიუხვე, ამაღლებული სიყვარული, სასოება შეურყეველი, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა.
საშობაო ეპისტოლე კი მსურს დავამთავრო ბაბილონის კერპთმსახური მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგულების გამო ცეცხლში ცოცხლად ჩაგდებული და უფლისგან სასწაულებრივად გადარჩენილი სამი ყრმის: ანანიას, აზარიასა და მისაელის ღვთისადმი აღვლენილი ლოცვით:
"აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე...
აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე... რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან" (დან. 3, 82-88).
კურთხეულო საქართველო, შეისმინე სიტყვა უფლისა: "აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,8).
მაშ, გავუღოთ გული ჩვენი ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა და ვიხაროთ უფალთან ერთად.
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
ქრისტესმიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს.
იხარეთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ქრისტეს შობა
თბილისი, 2005/2006 წწ.